Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი ლუგარი საქართველოს უსაფრთხოებისთვის მეტ ყურაღებას ითხოვს


”შეერთებული შტატების პოლიტიკა და სტაბილურობა საქართველოში” - ასეთი სახელწოდება აქვს ანგარიშს, რომელიც 22 დეკემბერს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარედგინა. ანგარიშში, რომელსაც რესპუბლიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის წერილი ახლავს, საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თემა რუსეთის აგრესიის ჭრილში განიხილება. ლუგარი მოუწოდებს ობამას ადმინისტრაციასა და ნატოს წევრ ქვეყნებს შეიმუშაონ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის სისტემური სტრატეგია და განიხილონ საქართველოს თავდაცვითი გადაიარაღების საკითხი. სენატორ რიჩარდ ლუგარის მიერ ინიცირებულ ანგარიშში შემავალ რეკომენდაციებს საქართველოსთვის მეტად აუცილებელს უწოდებენ ექსპერტები და ყოველივე ამის უკან მნიშვნელოვანი ცვლილებების მოსალოდნელობას ხედავენ.

უდავოა, რომ საკითხები, რომლებზეც შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წარდგენილ ანგარიშშია ყურადღება გამახვილებული, აუცილებლად გააღიზიანებს რუსეთს. დავიწყოთ ბრალდებით, რომელიც რუსეთის, როგორც ოკუპანტის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობას უკავშირდება. ანგარიშში ვკითხულობთ: ”რუსეთის არმია, იმის ნაცვლად, რომ დაეხია უკან ომამდე არსებულ პოზიციებზე და შეემცირებინა სამხედრო წარმომადგენლობა, რასაც საფრანგეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოითხოვს, აშენებს მუდმივ ბაზებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.”

რუსეთსა და საქართველოს შორის ამჟამად არსებული მდგომარეობა ანგარიშში შეფასებულია როგორც კვლავაც მეტად დაძაბული და ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ”2008 წელს რუსეთის თავდასხმის შემდეგ სერიოზული ზიანი მიადგა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას”. და ეს მაშინ, როცა საქართველოს წვლილი ერაყისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიებში, ანგარიშის მიხედვით, შეფასებულია როგორც ”გამორჩეული”. იმისათვის, რომ საქართველომ ანალოგიურად შეძლოს საკუთარი ტერიტორიის დაცვა, საჭიროა სტრატეგია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ნატოს წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შეიმუშაოს, - აღნიშნულია სენატორ რიჩარდ ლუგარის მიერ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წარდგენილ ანგარიშში. შესავალ წერილში სენატორი გამოხატავს საქართველოს მიმართ მეტი ყურადღების აუცილებლობას და მიუღებლად მიიჩნევს, ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობის ფონზე, საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების იგნორირებას.

ანგარიშის შინაარსმა კმაყოფილი დატოვა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დავით სიხარულიძე ყურადღებას ამახვილებს ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში შემავალ ერთ პრინციპულ საკითხზე, რომელიც რუსეთს კრემლისთვის მიუღებელ სტატუსში მოიხსენიებს. ”აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება, რომელიც უნდა იყოს შემდგომი ეტაპი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაფორმდეს. ეს მთლიანად ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას, რომ თავი წარმოაჩინოს მედიატორად. აქ კიდევ ერთხელ ესმება ხაზი იმ გარემოებას, რომ რუსეთი არის ამ კონფლიქტის მხარე”, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით სიხარულიძემ.

სიგნალს, რომელიც სენატორმა ლუგარმა არა მხოლოდ სენატის კომიტეტს, არამედ ობამას ადმინისტრაციასა და შეერთებული შტატების საზოგადოებას მისცა, უმნიშვნელოვანესს უწოდებს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი. ის ფიქრობს, რომ პრობლემის გაცნობიერებისთვის ახალი ეტაპი დგება და ”შეერთებული შტატების საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის დეგრადაცია აუცილებლად დააზიანებს არა მარტო საქართველოს ინტერესებს, არამედ შეერთებული შტატებისა და მთელი დასავლეთის ინტერესებსაც.”

თუკი ამერიკამ და ნატოს მოკავშირეებმა საქართველოს უსაფრთხოების იგნორირება მოახდინეს, პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვის აზრით, დაიკარგება, როგორც დამოუკიდებელი ერთეულები, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნები და, რუსეთის გაბატონების ფონზე, ასევე გარდაუვალი აღმოჩნდება საერთაშორისო ძალისხმევის სრული ფიასკო ავღანეთში. ბარნოვი იმედოვნებს, რომ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდება.

”იმედი მაქვს, რომ ის ძალიან რთული პერიოდი გადის, რომელიც რუსეთის მიმართ რევერანსებითა და დათმობებით ხასიათდებოდა. გინდა თუ არგინდა, ეს, რა თქმა უნდა, მათ შორის ჩვენს ხარჯზეც ხდებოდა. ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი ნელ-ნელა უახლოვდება დასასრულს და უფრო აქტიურ ქმედებებს ვიხილავთ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების მხრიდან”, - ასეთია ანდრო ბარნოვის საიმედო მოლოდინი.

ბუნებრივია, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წარდგენილი ანგარიში თავისთავად არ არის საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრის გასაღები. მაგრამ ექსპერტები ხედავენ მნიშვნელოვან სიმპტომებს, რომ პრობლემისადმი მიდგომა უნდა შეიცვალოს.

საინფორმაციო სააგენტო ”ასოშიეიტიდ პრესი” ნიშანდობლივად მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ რეკომენდაციები სენატის კომიტეტს სენატორმა რიჩარდ ლუგარმა წარუდგინა, რადგანაც მას რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობა აკავშირებს. ცნობილია, რომ სწორედ რიჩარდ ლუგარი მონაწილეობს აქტიურად ობამას ადმინისტრაციასა და ამერიკასა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართულ საკითხებზე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG