Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩართულობა სეპარატისტულ რეგიონებთან თანამშრომლობის გზით


თემურ იაკობაშვილი სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტის წარმოდგენისას
თემურ იაკობაშვილი სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტის წარმოდგენისას
საქართველოს მთავრობა ასრულებს მუშაობას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტზე, რომლის არსია ჩართულობა თანამშრომლობის გზით. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს ხალხთა შორის ოკუპაციით გამოწვეული იზოლაციის აღმოფხვრას და გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ საქართველოს მოსახლეობას შორის ურთიერთობების აღდგენასა და გაღრმავებას. ამ ძნელად მისაღწევი მიზნის აღსრულების მექანიზმები, თავის მხრივ, სამოქმედო გეგმით განისაზღვრება. აღნიშნულ გეგმაზე მუშაობა 2010 წლის იანვრიდან დაიწყება და 6 თვის ვადაში დასრულდება.

სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ეფუძნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპებს. სტრატეგიის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის უმთავრესი მიზნების მიღწევას - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას, რუსეთის ფედერაციის მიერ ამ ტერიტორიების ანექსიის პროცესის შეჩერებას და აღნიშნული ტერიტორიებისა და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის რეინტეგრაციას საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში. დასახული მიზნების მიღწევას, დოკუმენტის თანახმად, საქართველო გეგმავს კონფლიქტის მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური ძალისხმევით და გამორიცხავს სამხედრო გზას. გზები კი, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას ემსახურება, რამდენიმე კონკრეტულ სფეროზე გადის. ეს სფეროებია ეკონომიკური ურთიერთობები, ისეთი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც მოსახლეობას გამყოფ ხაზებს შორის მიმოსვლისა და საქონლის თავისუფალი ბრუნვის საშუალებას მისცემს, თავისუფალი გადაადგილება, ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტურობის დაცვა და სხვა.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის თქმით, მომავალი ექვსი თვე დასჭირდება იმას, რომ „შევეცადოთ პრიორიტეტები განვსაზღვროთ არა თბილისიდან, არამედ დაველაპარაკოთ ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს და იმათ ვკითხოთ, რა ურჩევნიათ პირველ რიგში, მეორე რიგში და მესამე რიგში.“

მინისტრის ვარაუდით, მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს ვაჭრობის საკითხები, ეკონომიკური ურთიერთობებისა და ჯანდაცვის საკითხები და სწორედ ეს სფეროები შეიძლება იქცეს პრიორიტეტულად.

ოკუპირებულ ტერიტორიებთან სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტი იაკობაშვილმა 24 დეკემბერს წარმოადგინა საქართველოს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის დროებითი საპარლამენტო კომისიის ერთობლივ სხდომაზე. დეპუტატების გარდა, დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებიც. საბჭოს თავმჯდომარის გია გვაზავას შეფასებით, მიუხედავად სტრატეგიის აღსრულების მიმართ არსებული სკეპტიციზმისა, დოკუმენტი ეფექტური, საჭირო და საშურია. მისი მთავარი ღირსება კი, გვაზავას აზრით, ის არის, რომ სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობების აუცილებლობა სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი.

პირველ ეტაპზე გვაზავა შესაძლებლად მიიჩნევს თანამშრომლობას განათლების და მედიცინის სფეროებში. მისი თქმით, დღე არ გავა, რომ „ჩვენ იქიდან ავადმყოფი არ მივიღოთ.“

„სამკურნალოდ აფხაზეთის მოქალაქეები მიდიან როგორც თბილისში, ისე რუსეთში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში, თავიანთი სურვილისა და შესაძლებლობების ფარგლებში, უთხრა რადიო თავისუფლებას, თავის მხრივ, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაქსიმ ღვინჯიამ. მისივე თქმით, ის სტრატეგიას არ იცნობს და დიდად არც აინტერესებს, რადგან ეს დოკუმენტი, როგორც ღვინჯია ფიქრობს, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საქართველოს კონსტრუქციულობის ჩვენებას ემსახურება.

„ვიცი, რომ სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს ეყრდნობა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ანუ საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არიან. ბუნებრივია, ასეთი სტრატეგია ჩვენთვის ყოვლად უინტერესოა. ამ სტრატეგიის მიზანი ჩვენზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა და აფხაზეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლოკადის მხარდაჭერაა. მასში რეალობა და ახალი პირობები გათვალისწინებული არ არის“, ამბობს ღვინჯია.

სტრატეგიაში გაცხადებული მიზნების, კერძოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩართვის, გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ვაჭრობის ხელშეწყობისა და გაფართოების, ერთობლივი ბიზნეს-საქმიანობისათვის სპეციალური ფონდების შექმნისა და სხვა ღონისძიებების აღსრულების შესაძლებლობა შეკითხვებს ბადებს დე ფაქტო საზღვრების აქეთაც. უნდა ვივარაუდოთ, რომ კითხვებზე პასუხებს სამოქმედო გეგმა გასცემს. ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიის განხორციელების დეტალური გეგმა 2010 წლის ივნისის ბოლომდე უნდა შეიმუშავონ.
XS
SM
MD
LG