Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ჰუმანიტარული ტვირთი პერევში არ შეუშვეს


თბილისი მწვავედ აპროტესტებს რუსეთის ჯარების სამხედროების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეჩერების ფაქტს. საუბარია 28 დეკემბრის შემთხვევაზე, როდესაც გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) ტვირთი რუსმა სამხედროებმა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში არ შეუშვეს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკანონო საგუშაგოს გავლით მიმოსვლა ახალი წლიდან კიდევ უფრო გამკაცრდება.

უკანონო საგუშაგოსთან დაახლოებით ერთსაათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას რუსმა სამხედროებმა სასტიკი უარი უთხრეს და საჩხერის რაიონის სოფელ პერევში არ შეატანინეს დაახლოებით 1000 კაცისთვის გათვალისწინებული საახალწლო ნობათი: ზეთი, კარაქი, ფქვილი, შაქარი თუ პირველადი მოხმარების სხვა სასურსათო პროდუქტი. საჩხერის რაიონის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე ამბობს, რომ ეს გაეროს პროგრამის ჰუმანიტარული ტვირთის დაბლოკვის პირველი შემთხვევაა. მანამდე, უკვე დაახლოებით ერთი წელია, პროდუქტები თვეში ერთხელ განსაკუთრებული დაბრკოლებების გარეშე შედიოდა ოკუპირებულ ქართულ სოფელში.

”გაეროს პროგრამა 2-3 დღით ადრე აფრთხილებდა მაგათ, რომ ამა და ამ დროს ტვირთი იქნებოდა ადგილზე და იღებდა ხოლმე დასტურს. ამჯერად ეს დასტური ვერ მიიღეს. მოლაპარაკება ვერც საგუშაგოზე შედგა... იძულებული ვიყავით, რომ გამოგვეყვანა ხალხი სოფლიდან, რათა ტვირთი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აეღოთ და შეეტანათ. გამოტარებით გამოატარეს რუსებმა ხალხი, მაგრამ უთხრეს, თითოეულს 35 კილოზე მეტს ვერ შეგატანინებთო”, - მოუთხრო ზურაბ ცერცვაძემ რადიო თავისუფლებას.

უკანონო საგუშაგოზე მდგომ რუსეთის სამხედროებს მიზეზების დასახელებისთვის თავი არ შეუწუხებიათ - არც ლოკალურ და არც საერთაშორისო დონეზე. თბილისი მომხდარს მიიჩნევს კრემლის იმ მოთხოვნის ნაწილად, რომლის მიხედვითაც საქართველოში აკრედიტებულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესაღწევად ნებართვა უშუალოდ სეპარატისტული რეგიონების ლიდერებისგან უნდა აიღონ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ნათელია, რომ კრემლი ”ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირების ტენდენციას” განაგრძობს.

საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ”რუსულმა მხარემ კვლავ უხეშად დაარღვია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმიანობა შეუზღუდავად უნდა ხორციელდებოდეს.”

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი თვლის, რომ 28 დეკემბერს რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი რეალური სახე და, გაეროს ჰუმანიტარული ტვირთის დაბლოკვით, საერთაშორისო თანამეგობრობის სრული იგნორირება მოახდინა. თუმცა მაჭავარიანისთვის ეს სულაც არ არის მოულოდნელი.

”მაგათ დიდი ხანია არ აინტერესებთ... აბსოლუტურად არ ფიქრობენ იმაზე, რა შეფასებას მისცემს მათ ქმედებებს მსოფლიო თანამეგობრობა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმ ”ურწმუნო თომებისთვის”, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსეთთან შეიძლება ურთიერთობის დარეგულირება. კი, ეს შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ერთი რამის ხარჯზე - თუკი საქართველო სახელმწიფო არ იქნება...”, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხეილ მაჭავარიანმა.

ჰუმანიტარული ტვირთის უპრობლემოდ გატარების მოწოდებით საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთისთვის არაერთხელ მიუმართავს. ასევე ხშირია მიმართვა საოკუპაციო ჯარების სოფელ პერევიდან გაყვანის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ბოლო ასეთი განცხადება 11 დეკემბერს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიამ გააკეთა. მისია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას გაიყვანოს სამხედრო ძალები საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ 6-პუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რომელიც საფრანგეთის შუამავლობით იქნა მიღწეული.

თუმცა, ბუნებრივია, კრემლი არც ევროკავშირის ამ მოწოდების გათვალისწინებას აპირებს. მეტიც, საჩხერის რაიონის გამგებლის ზურაბ ცერცვაძის ინფორმაციით, 1 იანვრიდან კიდევ უფრო შეიზღუდება სოფელ პერევის მისადგომებთან განთავსებული უკანონო საგუშაგოს გავლით ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ პერევში შესვლისა და იქიდან გამოსვლის მსურველებს ჯერჯერობით გაურკვეველ საპასპორტო ჩანაწერებსა და რუსულ ენაზე შედგენილ საგანგებო საბუთებს მოსთხოვენ. თუმცა უკანონო საზღვარზე გადაადგილება ამჟამადაც მკაცრია, ხოლო საღამოს 8 საათის შემდეგ უკანონო საზღვარი პრაქტიკულად იკეტება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG