Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე სექტორი ცესკოს თავმჯდომარეებს არჩევს


ეკა სირაძე-დელონე, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, საერთაშორისო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი
ეკა სირაძე-დელონე, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, საერთაშორისო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი
8 იანვარს გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თემურ ლომსაძესთან. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები საარჩევნო კოდექსის ახალი მოთხოვნაა, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა 28 დეკემბერს დაამტკიცა. შეხვედრა მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა. მესამე სექტორი პრეზიდენტ სააკაშვილს კანდიდატებს 10 იანვარს ბათუმში დაგეგმილი კონსულტაციების დროს წარუდგენს.

შეხვედრაში, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში, დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა, არასამთავრობო სექტორის, დაახლოებით, 20 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ისინი, ძირითადად, ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმდნენ - თუ როგორ, რა ფორმით უნდა წარუდგინონ საქართველოს პრეზიდენტს ის კანდიდატურები, რომელთა ხილვაც მათ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე სურთ.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თავმჯდომარის სამი სავარაუდო კანდიდატი უნდა წარუდგინოს. კანონის მიხედვით, წარდგენის ვადა 11 იანვარს იწურება. საბოლოოდ, ერთი კანდიდატის შერჩევა უკვე ცესკოს წევრების ოპოზიციური ნაწილის პრეროგატივაა. ხოლო თუკი ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, საკითხის გადაწყვეტის პროცესი უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება არ გაიზიაროს მე-3 სექტორის რეკომენდაციები და კანდიდატები მხოლოდ საკუთარი ნებით შეარჩიოს, არასამთავრობო ორგანიზაციები მაინც იზიარებენ პასუხისმგებლობას და კანდიდატების შერჩევის პროცესს სიფრთხილით ეკიდებიან.

8 იანვრის შეხვედრაზე დასახელდა მხოლოდ ერთი კანდიდატის სახელი და გვარი. ეს გახლავთ ეკა სირაძე-დელონე, საერთაშორისო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი. თავდაპირველად ის, თითქოს, გარკვეული მიზეზების გამო უარზე იყო, თუმცა მოგვიანებით სირაძე-დელონე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე დათანხმდა:

”გადაწყვეტილება პრინციპში მივიღე იმიტომ, რომ დავინახე სერიოზული ნდობა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული პასუხისმგებლობაა და უფრო მეტი ნეგატივი შეიძლება ახლდეს ამ თანამდებობას, ვიდრე პოზიტივი, ჩავთვალე, რომ შემწევდა ძალა რაღაც ფორმით ცოტა უკეთ წარმემართა არჩევნები.”

ეკა სირაძე-დელონე ითვლება იმ 11 არასამთავრობო ორგანიზაციის შეთანხმებულ კანდიდატად, რომლებმაც ამ თემაზე სპეციალური კონსულტაციები 8 იანვარს გამართეს არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეროვანი საქართველოს” ოფისში. ამ კანდიდატურის მხარდამჭერთა შორის არის ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც”. ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი იმედოვნებს, რომ ეკა სირაძე-დელონე, მისი გამოცდილების გათვალისწინებით, აუცილებლად მოხვდება პრეზიდენტის მიერ ცესკოსთვის წარსადგენ 3 კანდიდატს შორის.

თუმცა ამ სიაში მოხვედრის პრეტენზია სხვა კანდიდატებთან მიმართებითაც არსებობს. ერთ-ერთ ასეთ ჯერჯერობით ინკოგნიტო კანდიდატზე ფონდ ”ალპეს” ხელმძღვანელი მერაბ ბასილაია ლაპარაკობს:

”ეს კანდიდატი ძალიან გამოცდილია. არავის ეპარება ეჭვი მის ცოდნაში, პროფესიონალიზმსა თუ პრინციპულობაში, მაგრამ კონსულტაციები ოფიციალურად ჯერ არ დასრულებულა და ვიდრე ის ადამიანი არ მეტყვის, თქვიო, მე ვერ დავასახელებ. ჩვენ მას პრეზიდენტს წარვუდგენთ.”

კანდიდატების დასახელებას გეგმავენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მაგალითად, ”საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრი”, რომლის ხელმძღვანელიც ნიკა ჩიტაძე გახლავთ:

”ჩვენ ცალკე კანდიდატი გვეყოლება... გაიმართება კონსულტაციები და გაირკვევა, თუ ვინ იქნება სასურველი კანდიდატურა, რომლის არჩევაც საქართველოს ინტერესების შესაბამისი იქნება... რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომავალმა თავმჯდომარემ უზრუნველყოს დემოკრატიული გზით არჩევნების ჩატარება, იქნება ეს საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.”

არასამთავრობო ორგანიზაციებს ფართო არჩევანი არა აქვთ, რადგანაც 28 დეკემბერს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილება ერთგვარ ბარიერს აწესებს. საქმე ის არის, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის თითოეული კანდიდატისთვის აუცილებელია საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი. ასეთი სერტიფიკატის აღება კი კანდიდატების წარდგენის ვადის ფარგლებში პრაქტიკულად გამორიცხული იყო, რადგანაც შესაბამისი ტესტირება-გამოცდა არ დანიშნულა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG