Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წლის პირველი, ზომიერად მშვიდი კვირა


ახალი წლის პირველ კვირას მედიის ყურადღება, ძირითადად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისაკენ გახლდათ მიმართული. 4 იანვრიდან ოფიციალურად დაიწყო კომისიის წევრობის კანდიდატთა საკონკურსო განცხადების მიღება. ცესკოს 13 წევრიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს ხუთწლიანი ვადით დაამტკიცეს, სამს - გიზო მჭედლიძეს, ლუხუმ ბურჯალიანსა და ემზარ ფაჟავას - უფლებამოსილება უწყდება. უფლებამოსილება კომისიის თავმჯდომარესაც უწყდება, თუმცა ლევან თარხნიშვილიც და კომისიის წევრებიც თანამდებობებზე რჩებიან მანამ, სანამ ყველა გამოთავისუფლებულ ადგილზე ცესკო - ან შემდგომში პარლამენტი - ახალ კანდიდატურებს არ დაამტკიცებს. მოქმედმა თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლო ვადა, როდესაც პარლამენტს კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის არჩევა შეუძლია, 18 იანვარია.

კვირის განმავლობაში არასამთავრობო სექტორში მიმდინარეობდა კონსულტაციები სასურველი კანდიდატის შერჩევის თაობაზე. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები საარჩევნო კოდექსის ახალი მოთხოვნაა, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა 28 დეკემბერს დაამტკიცა. თუ ვინაა არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის რჩეული, 8 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თემურ ლომსაძესთან შეხვედრაზე გაირკვა. ეს გახლავთ ეკა სირაძე-დელონე, საერთაშორისო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი. თავდაპირველად ის უარზე იყო, მაგრამ მოგვიანებით დათანხმდა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე.

თუმცა ეკა სირაძე-დელონე არასამთავრობოების უალტერნატივო კანდიდატი არ გამხდარა. ფონდ ”ალპეს” ხელმძღვანელი მერაბ ბასილაია მაშინვე ამბობდა, რომ თავისი ფავორიტი ჰყავდა, რომლის ვინაობასაც კანდიდატის მიერ თანხმობის განცხადებამდე ვერ დაასახელებდა. ”საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა ნიკა ჩიტაძემაც თქვა, ჩვენ ცალკე კანდიდატი გვეყოლებაო. დღეისთვის კი ასეთი ვითარება ჩამოყალიბდა: არასამთავრობოთა ნაწილი ეკა სირაძეს უჭერს მხარს, ნაწილი კი - იურისტ კახა სოფრომაძეს. რაც შეეხება კომისიის წევრების ვაკანტურ ადგილებს, ამ თანამდებობაზე დღემდე 41 კანდიდატი დარეგისტრირდა.

ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემდეგი კვირიდან ახალგორის მოსახლეობა ქართული პასპორტებით გადაადგილებას ვეღარ შეძლებდა. ახალგორში რუსულ და ოსურ საგუშაგოებზე რუსულ ენაზე გამოაკრეს ცნობა, რომელიც გადაადგილების შესახებ ცვლილებებს ეხებოდა. საქმე იმაშია, რომ აქამდე ადგილობრივი მოსახლეობა ქართული პირადობის მოწმობებით უპრობლემოდ გადაადგილდებოდა, მომავალი კვირიდან კი, როგორც რადიო თავისუფლებას ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ ყოჩიშვილმა უთხრა, ეს ასე ვეღარ მოხდება.

ჩემი სურვილია ნახევარი წლით მაინც ჩაიკეტოს საზღვარი, რომ შიგნით მდგომარეობა მოვაწესრიგოთო, - თქვა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალან ჯუსოევმა და დასძინა, ეს ხელფასების გაცემასაც უკავშირდებაო. მე ხომ არ შემიძლია ვუხადო ხელფასი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ ამ რაიონში - ახლა მოსახლეობის რაოდენობა ყოველ საათში იცვლება იმის მიხედვით, რამდენი სამარშრუტო ტაქსი შემოდის და გადისო.

თბილისში ამ ამბავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციითაც, ახალგორში გადაადგილების შეზღუდვა რუსული პასპორტების იძულებით აღებას უკავშირდება.

ამავე დღეს გავრცელდა ცნობა, რომ ახალი საშვების შემოღებას გეგმავენ გალის რაიონის მოსახლეობისთვისაც. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აფხაზეთის თვითგამოცხადებული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაქსიმ ღვინჯიამ აცნობა. ის ირწმუნება, რომ ახალი საგუშაგოების ამოქმედების შემდეგ გალის რაიონის მოსახლეობისთვის ე.წ. საზღვრის გადაკვეთა გამარტივდება. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ თქვა, რომ საშვები, რომლის დაკანონებასაც თვითგამოცხადებული მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, კიდევ უფრო გაართულებს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას, რადგან იქ რუსი სამხედროები არიან განლაგებულნი.

კვირის დასაწყისში ლეიბორისტულმა პარტიამ გაეროში გაგზავნა მიმართვა, არჩევნები საქართველოში გაეროს ეგიდით ჩატარდეს. ამ მიმართვას ქართული ოპოზიციური პარტიების უდიდესმა ნაწილმა 30 დეკემბერს მოაწერა ხელი. ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი, იოსებ შატბერაშვილი, ამბობდა, რომ იდეას მხარდამჭერები გაეროშიც ჰყავს და მას საფუძვლად დაედო სწორედ ”გაეროს გენერალური მდივნის ერთ-ერთი მოადგილისა და ევროპული დეპარტამენტის თავმჯდომარის რჩევა.”

თუმცა ოპოზიციური სპექტრის მიმართვა-მემორანდუმი ჯერ კიდევ გზაში იყო, როდესაც გაერომ მას უარით უპასუხა. კომენტარში, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის პრეს-სპიკერმა მარტინ ნესირკიმ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, გარკვევით იყო ნათქვამი, რომ არჩევნების ჩატარების პროცესში დახმარების თხოვნა მხოლოდ ხელისუფლების პრეროგატივაა.

ამის მიუხედავად, ლეიბორისტულ პარტიაში იმედი მაინც არ დაუკარგავთ. იოსებ შატბერაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ნესირკიმ მომავალი თვითმმართველობის არჩევნები იგულისხმა, ლეიბორისტების ინიციატივა კი შეეხებოდა არჩევნებს, რომლებსაც ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს ძირეული შეცვლა შეუძლიაო, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG