Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-უკრაინა: ხელისუფლების იმედები და რეალობა


უკრაინა-საქართველოს სამომავლო ურთიერთობას პოზიტიურად უყურებენ უკრაინელი ხალხის ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ ურთიერთობას წინ არაფერი დაუდგება და რომ მეგობრული და პარტნიორული თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება. განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველ პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს.

”განურჩევლად იმისა, თუ რა არჩევანს გააკეთებს უკრაინელი ხალხი, საქართველო მიესალმება ამ გადაწყვეტილებას”, - ასეთი და მსგავსი სახის განცხადებები კეთდებოდა ოფიციალური თბილისის მხრიდან 18 იანვარს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს.

„თუკი არჩევანი დემოკრატიულ და თავისუფალ პირობებში იქნება გაკეთებული, საქართველო მიესალმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას“, -განაცხადა 18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, მეგობრული თუ პარტნიორული კავშირი ისევ მდგრადი და მყარი დარჩება.

თითქმის ანალოგიურ განცხადებას აკეთებს სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გია ბარამიძე - საქართველო უკრაინასთან სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას გააგრძელებს, აცხადებს ის ჟურნალისტებთან საუბრისას:

”უკრაინა არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა. და განურჩევლად იმისა, თუ ვინ იქნება უკრაინის პრეზიდენტად არჩეული, საქართველო მასთან მაინც გააგრძელებს სტრატეგიულ ურთიერთობას, მეზობლობასა და მეგობრობას.”

“მოვლენების ნებისმიერი განვითარების პირობებში, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს წინ არაფერი დაუდგება”, - მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა.

ხელისუფლების ოპტიმისტურ განწყობას უკრაინა-საქართველოს მომავალ ურთიერთობებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, მსგავსი ტიპის განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ის რეალობასთან კავშირში არ არის:

”თუკი იმ სტილით ვიხელმძღვანელეთ, რაც ვიქტორ იანუკოვიჩმა ამ არჩევნებზე გამოავლინა, სავარაუდოა, რომ თუკი ის მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ საკმაოდ მძიმე ურთიერთობა გვექნება ერთმანეთთან.”

რეალობას არის მოკლებული აზრი, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩის მოსვლის შემდეგ საქართველო-უკრაინის ურთიერთობების კუთხით არაფერი შეიცვლება; ასევე რეალობასაა მოკლებული აზრი, რომ, იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, უკრაინა საქართველოს მტრად გადაიქცევა, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა:

”არ უნდა ველოდოთ იმას, რომ უკრაინა ჩვენს მტრად და მოწინააღმდეგედ გადაიქცევა, მაგრამ რეალობა არის ის, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობა დაუბრუნდება ისევ იმ კონდიციას, რაც წინა პრეზიდენტის, კუჩმას დროს იყო.”

ნაკლებად ვარაუდობს ფუნდამენტურ ცვლილებებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე. მიზეზებს კი ის ასე ხსნის:

”უკრაინა დიდი სახელმწიფოა, რომელმაც ჯერ ვერ ჩამოაყალიბა თავისი საგარეო პრიორიტეტები. მაგალითად, იუშჩენკოს კი ეჭირა გეზი დასავლეთისა და ნატოსკენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ასევე არაფერი გამოუვა იანუკოვიჩს რუსეთთან. სიტუაცია დაახლოებით იგივე იქნება.”

არადა, თუკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნინო კალანდაძეს დავესესხებით დემოკრატიულ და თავისუფალ პირობებში არჩევანის გაკეთების თაობაზე, სწორედ ამგვარი პროცესის არარსებობაზე მიუთითებს ბოლო ორი დღის განმავლობაში ქართულ მედიაში გავრცელებული თითქმის ყველა ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხება. ქართული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნებში ფიქსირებულია ასობით დარღვევა, ქართველი ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფა, იზღუდება დამკვირვებლების - ამ შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვნად, ქართველი დამკვირვებლების - მუშაობის უფლება.

რის საფუძველზე აცხადებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ, ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ შეიცვლება? პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ აქვთ იმის იმედი, რომ უკრაინის პრეზიდენტი იულია ტიმოშენკო გახდება.

უკრაინის პრეზიდენტის ვინაობას კი მეორე ტური გადაწყვეტს 7 თებერვალს. ამ ეტაპისათის კი, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, პრეზიდენტობის ორ წამყვან კანდიდატს ვიქტორ იანუკოვიჩსა და იულია ტიმოშენკოს შორის სხვაობა 11 პროცენტამდე შემცირდა.

ცესკოს ინფორმაციით, “რეგიონების პარტიის” ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ამომრჩეველთა ხმების 35,76 პროცენტი მიიღო, ხოლო პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ - 24,72 პროცენტი.
XS
SM
MD
LG