Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სარკის პროპაგანდა და მზადყოფნა ქართულ ოპოზიციასთან თანამშრომლობისათვის


გასული სამუშაო კვირის მთავარ მოვლენებს შორის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლების დაუშვებლობის თემა, ძირითადად, სკანდალურობის ნიშნით დარჩა. საქმე ისაა, რომ უკრაინულმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის სატელეფონო საუბარი, რომელიც, მედიის შეფასებით, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, იულია ტიმოშენკოს, დასახმარებლად დაგეგმილ დივერსიულ მიზნებს ადასტურებს. უკრაინის ”რეგიონების პარტია” კიდევ უფრო შორს წავიდა კვირის ბოლოს, როდესაც ლუგანსკში 18 იანვარს მომხდარ აფეთქებაში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობის გადამოწმება მოითხოვა.

გასულ სამუშაო კვირაში საქართველოს პარლამენტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტო ასამბლეასაც გამოეთიშა. დსთ-დან გამოსვლის პროცედურები ეტაპობრივად სრულდება და უცვლელია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი რეალობა, როდესაც თანამეგობრობის ქვეყნებიდან საქართველო, რუსეთის გარდა, მეგობრულ ურთიერთობებს ყველა დანარჩენ ქვეყანასთან ინარჩუნებს. რუსეთთან ურთიერთობამ კი გასულ სამუშაო კვირაში კიდევ ერთი თავისებურება შეიძინა: რუსეთის საგარეო უწყების მეთაურმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ ბრიფინგზე 22 იანვარს განაცხადა, რომ მზადაა საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებთან - ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან - ითანამშრომლოს:

”რაც შეეხება ბატონ ნოღაიდელთან კონტაქტებს, აღვნიშნავ, რომ ამაზე უარი არ გვითქვამს. ჩვენ არ გაგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან. შესაბამისად, არ ვართ დამნაშავენი იმაში, რომ ოფიციალურ დონეზე კონტაქტები მწირია. არავისთან აგვიღია იმის ვალდებულება, რომ არ ვუპასუხებდით ამა თუ იმ პოლიტიკური მოღვაწის თხოვნას შეხვედრის თაობაზე, განურჩევლად იმისა, ის საქართველოდან იქნებოდა თუ რომელიმე სხვა ქვეყნიდან. საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებთან კავშირს საერთაშორისო ნორმები არ კრძალავს.”

კრემლის მიერ ქართულ ოპოზიციაზე ფსონის დადების აღიარებით ჩვენებას იმავე დღეს გამოეხმაურა მოძრაობა „სამართლიანი საქართველოს” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი. მან აღნიშნა, რომ მორიგი ვიზიტი მოსკოვში, რუსეთის სახელისუფლებო პარტია ”ედინაია როსიასთან” შეთანხმების პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, თებერვლის მეორე ნახევარში შედგება:

”მექნება სატელეფონო საუბარი კონსტანტინე კორსაჩოვთან და, შესაბამისად, ჩვენ დავადგენთ იმ თარიღს, როდესაც ხელი უნდა მოვაწეროთ ”ედინაია როსიასა” და ”სამართლიან საქართველოს” შორის შეთანხმებას და უკვე მოსკოვში უშუალოდ მოვილაპარაკებთ იმ კონფერენციის თარიღზე, როდესაც უნდა შედგეს ბევრად უფრო ფართო სპექტრით საუბარი პოლიტიკურ ლიდერებს შორის.”

იმ სპექტრში, რომელზეც ზურაბ ნოღაიდელი საუბრობს, უკვე მოიაზრებიან ლეიბორისტული, ხალხის და კონსერვატიული პარტიები. კონსერვატიული პარტიის ლიდერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ”რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების ერთადერთი გზა იმ ისტერიის ცივილურ ჩარჩოებში მოქცევაა, რომელიც ამ მხრივ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას აქვს.”

რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მოსურნე ოპოზიციურ ძალებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტალინიდან გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ხალხი ვლადიმირ პუტინს სატყუარებით სურს მიიზიდოს, თუმცა ცდება, რადგან არ იცნობს ქართველი ხალხის გონიერებას, ღირსებას, რაციონალურ აზროვნებასა და გამბედაობას.

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში 20 იანვარს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრები გამართა სახელმწიფოს უმაღლეს პირებთან, მათ შორის ესტონელ კოლეგა თომას ილვესთან, ქვეყნის პარლამენტში და საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ესტონეთის პოლიტიკური წრეების წინაშე 40 წუთიანი მოხსენებით გამოვიდა. მოხსენების თემა იყო რუსული აგრესიის შედეგები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მდგომარეობა, ხოლო მთავარი გზავნილი ისეთი მეგობრების დახმარების და მხარდაჭერის თხოვნა, როგორიც ესტონეთია:

”ჩვენ არ ვთხოვთ ამ მეგობრებს გამოგვიგზავნონ სამხედრო შენაერთები და იარაღი. ჩვენ მათ ვთხოვთ მსოფლიოს გააგებინონ სიმართლე. ჩვენ თქვენ გვჭირდებით, რათა დავამარცხოთ რუსეთის სარკის პროპაგანდა და ამ პროპაგანდის მცდელობა, დამალონ ფაქტი, რომ არსებობს საოკუპაციო ძალა და ოკუპირებული ქვეყანა, რომ ისინი არიან ეთნიკური წმენდის განმახორციელებლები და არსებობენ დევნილები, რომ რუსული ქმედებები წარმოადგენს საფრთხეს რეგიონის სტაბილურობისათვის და არა საქართველოს რეაგირება მათ ამ საქციელზე. ჩვენ თქვენ გვჭირდებით, რათა შეახსენოთ მსოფლიოს, რომ არსებობს დამნაშავე და არსებობს მსხვერპლი.”

მსხვერპლის მდგომარეობაში მყოფი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გასულ კვირაში განსაკუთრებული ხმაური საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმის ამოქმედებამ გამოიწვია. 20 იანვარს რუსმა ოკუპანტებმა საბერიოდან წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის სკოლაში მიმავალი მოსწავლეები შეაფერხეს, კონტროლი გაამკაცრეს პერევის ბლოკ-პოსტზე, ახალგორში შესვლა კი მხოლოდ ქართული პირადობის მოწმობების რუსული დამოწმებული ასლებით გახდა შესაძლებელი. ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალან ჯუსოევის თქმით, საზღვრის გადაკვეთისას მოწესრიგებული დოკუმენტაციის მქონე პირებს პრობლემები არ შეექმნებათ, დაბაში სტუმრად ჩასვლის მოსურნეებს კი ასევე მოუწევთ პირადობის დამადასტურებელი რუსული ასლების გაკეთება.

ახალგორს უკავშირდება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების კიდევ ერთი ულტიმატუმი, რომლის დაყენებას პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე აპირებს მომავალ კვირაში ჟენევაში. ამ ულტიმატუმის თანახმად, ვიდრე ქართული მხარე ახალგორის რაიონს ბუნებრივი აირის მიწოდებას არ აღუდგენს, ოსური მხარე სხვა საკითხების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

”სანამ ლენინგორის რაიონის მოსახლეობა გაზს არ მიიღებს, ჩვენ არც ერთ სხვა საკითხს არ განვიხილავთ. ამჟამად ეუთოს თავმჯდომარე ყაზახეთია და ჩვენ ვიცით, რომ ისინი ამ საკითხს საკმაოდ მკაცრად დასვამენ”, - განაცხადა ბორის ჩოჩიევმა, რომელმაც 22 იანვარს ჟენევის მოლაპარაკებათა დღის წესრიგის შესათანხმებლად ევროკავშირის ელჩს პიერ მორესლის, ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს ბოლათ ნურგალიევს და გაეროს წარმომადგენელს მარკო ბიენჩინის უმასპინძლა.

გასულ სამუშაო კვირაშივე გახდა ცნობილი, რომ ჟენევის შეხვედრაზე რუსული მხარე თბილისსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმების გაფორმებას და საქართველოს გადაიარაღებასთან დაკავშირებულ საკითხებს კიდევ ერთხელ დააყენებს.

ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში კი 21 იანვარს თბილისში რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა.

” ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას საქართველოსთან და მეტად ვუმადლით მის წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში - მათ შორის, საქართველოს მიერ ნატოს მისიის დახმარებას ავღანეთში და ასევე საქართველოს მზადყოფნას, დახმარება აღმოუჩინოს ჰუმანიტარულ მისიას ჰაიტიზე. გვჯერა, რომ დღევანდელმა განხილვებმა შექმნა საფუძველი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის”, - აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ სპენსერ ბოიერმა შეხვედრის შემდეგ.

ხალხებს შორის ურთიერთობის სამუშაო ჯგუფის ფორმატში ძირითადი აქცენტი გაკეთდა განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე. რაც შეეხება ორი ქვეყნის ხალხებს შორის კონტაქტის გაღრმავებას, აღინიშნა, რომ საუკეთესო საშუალება ამისათვის ხშირი მიმოსვლაა და, შესაბამისად, შეერთებული შტატების საელჩო აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს ვიზებზე განაცხადების მიღებისა და ინფორმაციის გადამუშავების გამარტივებულ სისტემას შესთავაზებს.
XS
SM
MD
LG