Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე ელაპარაკება პროკურატურა მოსწავლეებს?


მოსწავლეებს შორის დანაშაულის პრევენციის კამპანია, რომელშიც საქართველოს მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და განათლების სამინისტრო არიან ჩართული, თებერვლიდან ახლებური აქტიურობით ამოქმედდა. ეს არის ერთგვარი გაგრძელება ”უსაფრთხო სკოლის” პროგრამისა, რომელშიც, ძირითადად, ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და რომლის გაძლიერებისკენ მითითება სამართალდამცველმა უწყებებმა იანვარში საქართველოს პრეზიდენტისგანაც მიიღეს. დანაშაულის პრევენციის მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს სკოლებში უკვე ერთი წელია საუბრებს მართავენ მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები. რა თემებზე ელაპარაკებიან ისინი მოსწავლეებს და რა მდგომარეობაა ამჟამად არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის თვალსაზრისით?

ბოლო 5 წლის სტატისტიკის მიხედვით, არასრულწლოვანთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის პიკი 2006 წელს შეინიშნებოდა - მაშინ, როცა თითქმის 1000 შემთხვევა აღირიცხა. საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2009 წლის პირველ 9 თვეში არასრულწლოვანთა მიერ 563 დანაშაული იყო ჩადენილი, თუმცა არავინ იცის, კიდევ რამდენი აღურიცხავი დანაშაული იმალება ამ მაჩვენებლების უკან. რაც შეეხება დანაშაულის სახეობებს, სიხშირის მიხედვით, თანმიმდევრობა ასეთია: ქურდობა, ცივი იარაღის ტარება, ხულიგნობა, ყაჩაღობა, ძარცვა, ნარკოტიკული დანაშაული და განზრახ მკვლელობის მცდელობა.

ყველა ამ დანაშაულზე და მათი აღკვეთის ღონისძიებებზე ლაპარაკობენ მე-8, მე-12 კლასის მოსწავლეები, როდესაც მათთან პროკურატურის წარმომადგენლები მიდიან. საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ამბობს, რომ მოსწავლეები დიდ ინტერესს იჩენენ, როცა საუბარი ”პროკურორის მონოლოგს” არ ჰგავს. კონკრეტულად, აი, როგორია მოზარდებისა და პროკურორების საუბრის აქცენტები:

”... გაგონილი აქვთ თუ არა, რომ ცალკეული დანაშაული ვინმეს ჩაუდენია თავიანთ სამეზობლოში, სამეგობროში. რა ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი სჩადის ამ დანაშაულს, როგორია მისი ოჯახის მდგომარეობა... როგორ უყურებენ ნარკომანიას, როგორი უნდა იყოს ნარკომანიის წინააღმდეგ საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა. ე.წ. ძველი ბიჭი და ე.წ. კაი ბიჭი რამდენად არის მისაღები საზოგადოებისთვის, რა თვისებების მატარებელია ასეთი ადამიანი და სად უნდა შეიცვალოს ცნობიერება, სად უნდა გავწყვიტოთ კრიმინალური ჯაჭვი სწორედ მათ ასაკში... აზარტულ თამაშებზე ვლაპარაკობთ, ტოტალიზატორზე... მათი ტერმინოლოგიით, ე.წ. ”ხელზე გამაზვას” რა მოჰყვება... სანაძლეოს ჩაუბარებლობას რომ მოჰყვება სხვადასხვა სახის დანაშაული, თვითმკვლელობაც კი... ”

პროკურორების ჩართვას არასრულწლოვანთა შორის დანაშაულთან ბრძოლის საქმეში სკეპტიკურად უყურებს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მანანა ღურჭუმელიძე, რომელსაც ხშირად უწევს პედაგოგების წუხილის მოსმენა მოსწავლეების მხრიდან გამოვლენილ სხვადასხვა სახის სისასტიკესთან დაკავშირებით. მისი შთაბეჭდილებით, სკოლებში ამ კუთხით მდგომარეობა გართულდა და ეს გამოიწვია მოსწავლის გაუცხოებამ სკოლასთან, რაც, თავის მხრივ, განათლების რეფორმის ნაკლოვანებებით არის განპირობებული. მანანა ღურჭუმელიძე ფიქრობს, რომ დანაშაულის პრევენციის მიზნით უშუალოდ ბავშვებთან მუშაობა არა პროკურორების, არამედ ფსიქოლოგების პრეროგატივაა:

”ფსიქოლოგები უნდა მკურნალობდნენ და ადგენდნენ ფსიქოლოგიურ სურათს როგორც ბავშვებისას, ასევე მასწავლებლებისასაც. ისინი უნდა მუშაობდნენ მშობლებთანაც. ბოლო დროს, სამწუხაროდ, დაფინანსების სიმცირის გამო, სკოლებსა და ბაღებში ფსიქოლოგი თითქმის აღარ მუშაობს... ”

სკოლაში ფსიქოლოგების განსაკუთრებულ, მაგრამ ამ ეტაპზე იგნორირებულ როლზე თეა გოგოტიშვილიც ლაპარაკობს, დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგიური დახმარებისა და ტრენინგის ცენტრის ხელმძღვანელი. თუმცა ის სკეპტიკურად არ უყურებს მოსწავლეებთან პროკურატურის წარმომადგენლების მუშაობას:

”პროკურატურა ატარებს სპეციალურ ტრენინგებს მოზარდების ფსიქოლოგიაში და მათი თანამშრომლები, რომლებიც ამ სტრუქტურას წარმოადგენენ სკოლებში, პრინციპში, არიან, აი, ამ ფაკულტეტის კურსდამთავრებულები და ფლობენ მოზარდთან ეფექტური კომუნიკაციის ფსიქოლოგიური მექანიზმების საბაზისო ცოდნას. თითონ ცდილობენ დიალოგში შევიდნენ მოზარდებთან და, როგორც ყველაზე კომპეტენტურებმა თავიანთ სფეროში, აუხსნან მოზარდებს - რას რა შეიძლება მოჰყვეს... რომ მოზარდებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ.”

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბავშვებთან სასაუბროდ, საქართველოს მასშტაბით, უკვე რამდენიმე ასეული სკოლა მოიარა, ხოლო 2010 წელი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის წლად გამოაცხადა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG