Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიის სამეფოს საპარლამენტო დელეგაცია თბილისში


დანიის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ოპოზიციის ლიდერებთან
დანიის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ოპოზიციის ლიდერებთან
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დანიის სამეფოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის თბილისში დაგეგმილი შეხვედრების გრაფიკში 15 თებერვალს გარკვეული ცვლილებები შევიდა. მიზეზი იყო ის, რომ დელეგაციის 3 წევრიდან ორი, ფრენასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, თბილისს მოგვიანებით ეწვია. შესაბამისად, დანიის სამეფოს დელეგაციის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან 16 თებერვლისთვის გადაიდო. 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან და არაერთი სხვა შეხვედრა თბილისში, გორსა თუ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. დანიის სამეფოს საპარლამენტო დელეგაცია საგანგებოდ შეხვდება ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის კორპუსს და მის ხელმძღვანელს. 15 თებერვალს კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დანიის სამეფოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე მოგეს იენსენი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში შეხვდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დანიის სამეფოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წარმომადგენელთან 15 თებერვალს გამართული შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა იყო. გავიხსენოთ, რომ მოსკოვს პირველ იანვრამდე უნდა შეესრულებინა ყველა ის ვალდებულება, რომელიც მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აგვისტოს ომის შემდეგ მიღებული რამდენიმე რეზოლუციით დააკისრა. ამ ვალდებულებებს შორისაა: სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გაუქმება, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვრებზე მშვიდობიანი მოსახლეობისათვის თავისუფალი გადაადგილების საშუალების უზრუნველყოფა თუ დევნილების დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა. ფაქტია, რომ რუსეთი ამ ვალდებულებების შესრულებას არც კი აპირებს. შესაბამისად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოსკოვის შეუსრულებელი ვალდებულებების საკითხს საგაზაფხულო სესიაზე მიუბრუნდება.

სწორედ ამ პროცესში სთხოვეს დახმარება დანიელ სტუმარს 15 თებერვალს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ამ თემაზე სხვებთან ერთად ილაპარაკა პაატა დავითაიამ, პარტიის ”ჩვენ თვითონ” თავმჯდომარემ და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში:

”ვთხოვეთ დანიის მხარეს დაგვიჭიროს მხარი, რათა დავიწყოთ მსჯელობა მექანიზმის შემუშავებაზე რეზოლუციების შესრულებასთან დაკავშირებით, რადგანაც ცალსახად ჩანს, რომ რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს... ”

”საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით დანიის სამეფოს განსაკუთრებული დარწმუნება ნამდვილად არ სჭირდება, რადგანაც დანია წლების მანძილზე თანმიმდევრულად და მკვეთრად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, თუმცა პარტნიორებთან მუშაობა და კოორდინაციის გაძლიერება მაინც აუცილებელია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას 15 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, საქართველოს დელეგაციის წევრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. თარგამაძე არ ელის, რომ ”ევროპა მიიღებს ძალიან რადიკალურ გადაწყვეტილებებს რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო”, თუმცა მას აქვს ერთი ”ობიექტური მოლოდინი”, ”რომ რუსეთს ექნება განცდა ყოველწამიერი ზეწოლისა ევროპის სახელმწიფოების, ზოგადად ევროპული თანამეგობრობის და, მათ შორის, ევროსაბჭოს მხრიდან იმ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რომელთა ჩამონათვალიც ზეპირად იცის ევროპის საბჭოს ყველა წევრმა, მათ შორის, დანიის წარმომადგენლებმაც...”

ევროსაბჭოს როლს საქართველოს მხარდაჭერის პროცესში რუსეთზე ზეწოლის კონტექსტში არ განიხილავს შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე - ნოღაიდელის პარტიის ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” წარმომადგენელი პეტრე მამრაძე. მას არ ეგულება ძალა, რომელიც შეძლებდა მიეღწია წარმატებისთვის რუსეთზე რაიმე სახის ზეწოლით. დანიელ სტუმართან შეხვედრაზე მამრაძემ აგვისტოს ომს ”სააკაშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა უწოდა.” დანიის სამეფოს დახმარების პერსპექტივას კი პეტრე მამრაძე შემდეგნაირად ხედავს:

”დანიამ შეიძლება მართლაც ბევრი გააკეთოს, რადგანაც ჩვენ ძალიან გვჭირდება მონიტორინგი საქართველოში არსებული ვითარებისა, რაც უკავშირდება ადამიანის უფლებების დარღვევას თუ ბიზნესის ბოლო დროს ყოველგვარ ზღვარს გადაცილებულ შევიწროებას... დახმარება ევროპისა უნდა იყოს განპირობებული იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლაც ჩაატარებს ამ რეფორმას.”

საქართველოში დემოკრატიის განვითარების აუცილებლობაზე 15 თებერვლის შეხვედრაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. ითქვა, რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სახით, საქართველოს მსოფლიო თანამეგობრობის თვალში მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება უწევს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დანიის სამეფოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე მოგეს იენსენთან 15 თებერვალს გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: ”მრეწველების”, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, „ქართული დასისა“ და ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG