Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა დაბრუნდეს ეუთო საქართველოში


კანატ საუდაბაიევი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (მარცხნივ) და გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
კანატ საუდაბაიევი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (მარცხნივ) და გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს 17 თებერვალს, სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში, ბაქოსა და ერევანში სტუმრობის შემდეგ ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კანატ საუდაბაიევმა გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით და გამოკვეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების გზაზე. ყაზახეთი აუცილებლად მიიჩნევს საქართველოში ეუთოს მისიის დაბრუნებას და ამ კუთხით მას კონკრეტული გეგმებიც აქვს. თბილისში ეეჭვებათ ყაზახურ გეგმას მხარი დაუჭიროს მოსკოვმა, რომლის აქტიური მოწადინებითაც შეწყვიტა სწორედ ეუთოს მისიამ საქართველოში მუშაობა.

ყაზახეთმა თავიდანვე განაცხადა თავისი პოზიციის შესახებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ეს არის ის მუდმივი საყრდენი, რომელზეც ჩვენ ვდგავართ და ყოველთვის ვიდგებით
ყაზახეთი პირველია საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს შორის, რომელმაც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. თბილისი კმაყოფილია, რომ იანვრიდან იანვრამდე ეუთოს საქართველოს მეგობარი ქვეყანა, სტრატეგიული პარტნიორი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი - ყაზახეთი - უხელმძღვანელებს. საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ, თავის მხრივ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კანატ საუდაბაიევიც ლაპარაკობს. ეს ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას გულისხმობს:

”ყაზახეთმა თავიდანვე განაცხადა თავისი პოზიციის შესახებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ეს არის ის მუდმივი საყრდენი, რომელზეც ჩვენ ვდგავართ და ყოველთვის ვიდგებით. და ეს პოზიცია გამორიცხავს ჩვენი თანამშრომლობის რაიმე სახის შესაძლებლობებს ამ ობიექტებთან.”

”ობიექტებად” ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები მოიხსენია პასუხში შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა ყაზახეთი კრემლის გეგმას - ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებელი ერთეულების სახით სავარაუდო ჩართვას ბელორუსია-რუსეთ-ყაზახეთის საბაჟო კავშირში. როგორც ვნახეთ, საუდაბაიევის პასუხი მკვეთრად უარყოფითი იყო. სამაგიეროდ, ყაზახეთი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში, ეცდება აქტიური მონაწილეობა მიიღოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვის პროცესში და აქტიურად იმონაწილეოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში როგორც ერთ-ერთმა თანათავმჯდომარემ. ამისთვის კი ეუთოს ყაზახეთის თავმჯდომარეობას, მისივე განცხადების თანახმად, მეტი და პირდაპირი გზით მოპოვებული ინფორმაცია ესაჭიროება.

როგორ უნდა მოიპოვოს ეუთომ საჭირო ინფორმაცია, მაშინ როდესაც, რუსეთის მიერ დადებული არაერთი ვეტოს შედეგად, ეუთოს მისიამ საქართველოში მუშაობა საბოლოოდ შეწყვიტა 2009 წლის 30 ივნისს? სწორედ ამ დღეს განიცადა საბოლოო მარცხი ყაზახეთის წინამორბედის - ეუთოს საბერძნეთის თავმჯდომარეობისა და მისი ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის დორა ბაკოიანისის გეგმამ.

იმის გამო, რომ 2008 წლის 22 დეკემბერს ეუთოს მეთვალყურეთა მანდატის ძველებური სახით გაგრძელებას რუსეთმა პირველი ვეტო დაადო, დორა ბაკოიანისი პოსტზე მოსვლის პირველივე დღიდან, 2009 წლის 1 იანვრიდან, ცდილობდა მხარეებისთვის თანაბრად მისაღები გამოსავალი შეეთავაზებინა.

დაახლოებით 5-თვიანი მუშაობის პროცესში ეუთოს საბერძნეთის თავმჯდომარეობამ მხარეებს საკითხის ეგრეთ წოდებული ”სტატუს-ნეიტრალური” ფორმულირება შესთავაზა - პროექტი, რომელშიც არც საქართველო იყო ნახსენები და არც სამხრეთ ოსეთი. თბილისმა წინადადება მიიღო. მოსკოვისთვის კი არც ამგვარი მიდგომა აღმოჩნდა საკმარისი და კრემლმა ეს პროექტიც დაბლოკა. აქვე გავიხსენოთ, რომ მოსკოვი სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებელი მისიის ამოქმედებას ითხოვდა.

რუსეთს არ აინტერესებს ეუთოს ყოფნა საქართველოში და, მით უმეტეს, არ აინტერესებს ეუთოს შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ რუსეთისთვის ყოველგვარი კომპრომისი არის მიუღებელი.
ახლა უკვე ყაზახეთი ცდილობს ახალი პროექტის ამოქმედებას, თავისი წინამორბედის მიერ ბოლომდე ვერმიყვანილ საქმეზე დაყრდნობით. ყაზახეთის თავმჯდომარეობა აცნობიერებს, რომ ეუთოს დაბრუნება საქართველოში აუცილებელია, მაგრამ როგორ? 17 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე კანატ საუდაბაიევს გეგმებთან მიმართებით კონკრეტული არაფერი უთქვამს, სამაგიეროდ, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გარკვეულ დეტალებზე საუბრობს ეუთოს თავმჯდომარის საგანგებო წარმომადგენელი ბოლატ ნურგალიევი:

”ეს შეიძლება იყოს რაღაც რეგულარული ვიზიტების მსგავსი, რასაც განახორციელებენ ეუთოს ვენაში მოქმედი ცენტრის, კონფლიქტების აღკვეთის ცენტრის თანამშრომლები. აქ იგულისხმება ჩასვლა, მაგალითად, თბილიში, ზუგდიდში, სოხუმში, ბათუმში, ცხინვალში და ნებისმიერ სხვა ადგილში. ეს იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ იმ შეთანხმებების შესრულება და იმ პროექტების განხორციელება,რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ. ”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ყაზახეთის თავმჯდომარეობის აქტიურობას, თუმცა მინისტრის - გრიგოლ ვაშაძის - კომენტარში განსაკუთრებული ოპტიმიზმი არ შეინიშნება:

”რუსეთს არ აინტერესებს ეუთოს ყოფნა საქართველოში და, მით უმეტეს, არ აინტერესებს ეუთოს შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ რუსეთისთვის ყოველგვარი კომპრომისი არის მიუღებელი. შეძლებს თუ არა ყაზახეთის თავმჯდომარეობა დაითანხმოს რუსეთი რაიმე კომპრომისზე, ვნახავთ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი ყაზახეთის თავმჯდომარეობას არ აკლია.”

რა ბედი ელის ეუთოს ყაზახეთის თავმჯდომარეობის ახალ ინიციატივებს, ბულატ ნურგალიევის თქმით, ეს მარტის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. ეუთოს თავმჯდომარეს კი წარმატების იმედი აქვს. ხსენებული იმედის საფუძვლად კანატ საუდაბაიევმა 14 იანვარს ვენაში გამართულ ბრიფინგზე ის გარემოება დაასახელა, რომ ”ყაზახეთი მენტალურად ახლოს არის ამ კონფლიქტების ყველა მონაწილესთან, ყველა მხარესთან.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG