Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე: მე მკვეთრი პროქართული კურსი მაქვს


მოსკოვში რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი საქართველოს ოპოზიციური პარტიის, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა. რაზე ისაუბრა ორმა პოლიტიკოსმა? ამ კითხვით მიმართა რადიო თავისუფლებამ თავად ნინო ბურჯანაძეს.

ნინო ბურჯანაძე: ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ყველა ასპექტს შევეხეთ. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ამ ეტაპზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ჩიხშია შესული. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ამ საკითხებზე საუბარი, რათა უახლოეს მომავალში დამყარდეს, ასე თუ ისე, ცივილიზებული და ნორმალური ურთიერთობები. სიძნელეები მრავლადაა, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, თუმცა სწორედ ეს სიტუაცია გვაიძულებს, ვილაპარაკოთ ყველა პრობლემაზე.

რადიო თავისუფლება: თქვენ საკუთარ თავზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღეთ. თბილისში უკვე საუბრობენ, რომ თქვენი საქციელი სამშობლოს ღალატია. და ამას ამბობენ ადამიანები, რომლებიც გუშინ თქვენი თანამოაზრეები იყვნენ. ზოგიერთები თქვენს პასუხისგებაში მიცემასაც მოითხოვენ. შედეგების არ გეშინიათ?

ნინო ბურჯანაძე: არ მეშინია. პასუხისგებაში უნდა მისცენ ის ადამინები, რომელთა გამოც ქვეყანამ ტერიტორიების 20% დაკარგა. მე ყველაფერს ვაკეთებ, რათა ვიპოვო გამოსავალი კრიტიკულ სიტუაციაში ჩავარდნილი ჩემი ქვეყნისთვის. ყველაფერი, რაც მოვისმინე მოსკოვში - რომ არ არსებობს დახურული თემები და უნდა ვიპოვოთ გამოსავალი ორივე მხარისთვის მომგებიან და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე - ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერი ქართველის მოვალეობაა, იმ მექანიზმების შემუშავება, რომლებიც დაგვეხმარება ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსვლაში. დიახ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მაგრამ საუბარია ჩემს ქვეყანაზე, ჩემს სამშობლოზე, და მე ვალდებული ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია. ხალხი, ვინც ამართლებს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და ამბობს - ”ჩვენ მოვიგეთ ომი”, - როდესმე აუცილებლად აგებს ამაზე პასუხს.

რადიო თავისუფლება: და რა უნდა ვქნათ, როდესაც საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალნი ერთმანეთს ვერ იტანენ? შეხვედრების დროს შეეხეთ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის ალბათობის თემას?

ნინო ბურჯანაძე: რა თქმა უნდა, არა. მე მაგისთვის არ ჩამოვსულვარ აქ. საქართველოში ხელისუფლების შეცვლა-არშეცვლა საქართველოს მოსახლეობის პრეროგატივაა. ვფიქრობ, რუსეთს ეს ესმის, ან უნდა ესმოდეს. საქართველოს ხელისუფლების ბედი ქართველმა ერმა უნდა გადაწყვიტოს. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო იმის გაგება, თუ რას ფიქრობს რუსეთის ისტებლიშმენტი, როგორ განიხილავენ საქართველო-რუსეთის პრობლემატიკას და არის თუ არა მინიმალური მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობების ნორმალურ კალაპოტში ჩასაყენებლად.

რადიო თავისუფლება: რუსეთის სამომავლო გეგმები თუ გახდა თქვენთვის ცნობილი? საომარი მოქმედების განახლების საშიშროება თუ არსებობს?

ნინო ბურჯანაძე: მსგავსი არაფერი მსმენია. იმედი მაქვს, სიტყვები, რომლებიც აქ გავიგონე, რომ ”რუსეთი დაინტერესებულია, არანაირი კონფლიქტი არ განაახლოს საქართველოსთან”, იყო გულწრფელი. სასურველია, რომ საქართველოს ხელისუფლებაც მოერიდოს წინასაომარ რიტორიკას და ანტირუსულ ისტერიას, რომელიც ქსენოფობიაში გადადის. ტენდენციები, რომლებიც ახლა საქართველოში შეგნებულად ყალიბდება, ძალიან სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის. სააკაშვილი მიხვდა, რომ მისთვის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების ერთადერთი საშუალება არის ანტირუსული ისტერიის აგორება და კონფლიქტის განახლების საშიშროებაზე აპელირება. და ეს სახიფათოა, რადგან ცეცხლთან თამაშია. შეიძლება ცუდად დამთავრდეს.

მე ჩემს ყოფილ კოლეგებს, ვინც ამ ვიზიტის გამო მკიცხავს, კითხვა მინდა დავუსვა: ხედავენ საქართველოს სტაბილიზაციის პერსპექტივას, ტერიტორიული მთლიანობის ადგენას და მის ნორმალურ განვითარებას ყველაზე დიდ და ძლიერ მეზობელთან დიალოგის გარეშე? ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ უნდა ვიპოვოთ საერთო ენა რუსეთთან და მოვძებნოთ პრობლემების გადაჭრის გზები. რა თქმა უნდა, რთულია, მძიმეა, მაგრამ არა მგონია ვინმემ ობამა ან სხვა რომელიმე დასავლელი ლიდერი პრორუსული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულოს. როცა ისინი რაიმეს ამბობენ, ამას აკეთებენ იმიტომ, რომ კეთილგონიერები არიან და სურთ იპოვონ გამოსავალი იმ რთული სიტუაციებიდან, რომლებიც მრავლადაა მსოფლიოში. ის, ვინც უარს ამბობს გამოიყენოს თუნდაც მცირედი შესაძლებლობები ელემენტარული ურთიერთობების დასარეგულირებლად, - გულწრფელი არ არის.

მსურს ვიკითხო: თუ სახელმწიფო არ ესაუბრება რუსეთს, როგორ გაიხსნა ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი? რატომ დათანხმდა ხელისუფლება ამ ნაბიჯის გადადგმას? სააკაშვილი თავად გზავნის რუსეთში საიდუმლო ემისრებს, რომ როგორმე დაამყაროს რაიმე ტიპის კონტაქტები. თუმცა, მეორე მხრივ, ადანაშაულებს ყველას, ვისაც ამის რაიმე შანსი აქვს.

რადიო თავისუფლება: რომელი ემისრები? მოსკოვში გითხრეს, ვინ არიან ისინი?

ნინო ბურჯანაძე:
მე სპეცსამსახურის წარმომადგენელი არ ვარ. დასავლეთში ეს კარგად იციან და ესმით კიდეც.

რადიო თავისუფლება: მოსკოვში შეხვედრების შემდეგ აიღეთ პრორუსული კურსი?

ნინო ბურჯანაძე: არაკორექტული კითხვაა. მე პროქართული კურსი მაქვს და ეს ყოველთვის ასე იყო. თუმცა, ვფიქრობ, რომ მოსკოვთან საქართველოს ინტერესების დამცველმა ნებისმიერმა ქართველმა ლიდერმა უნდა ისაუბროს. ჩვენი ქვეყნის საზღვართან ხომ უზარმაზარი ზესახელმწიფოა. მას ანგარიშს უწევენ ამერიკელები, ევროპელები, ჩინელები, ავსტრალიელები. თუ ამას არ გაითვალისწინებს, ვერც ერთი ქართველი ლიდერი - ოპოზიციაში თუ ხელისუფლებაში - ვერასდროს გააკეთებს სწორ არჩევანს. დიდი ხნის წინ, ჩემი პოლოტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან, გავაკეთე ერთადერთი და ყველაზე მართებული გადაწყვეტილება, რომლისთვისაც არასდროს მიღალატნია და არც ვუღალატებ - ეს ქართული პოლიტიკაა. და რაც უნდა თქვან, როგორც უნდა ეცადონ ჩემთვის ჩირქის მოცხებას, მე ამ პოლიტიკას არ შევცვლი. დადგება დრო და ხალხი გაიგებს სიმართლეს - საქართველოშიც, რუსეთშიც და ევროპაშიც. ისინი შეაფასებენ იმას, რაც დღეს ხდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG