Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შედეგი აჩვენა საქართველოში ბოლო პერიოდის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის შემდგომმა სოციოლოგიურმა კვლევამ?


”საქართველო აგვისტოს ომამდე და ომის შემდეგ” - ამ სათაურით საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები - “ბარომეტრი 2007 და 2008” გამოაქვეყნა. პოლიტიკის და პოლიტიკოსების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის, კორუფციის, განათლების, ეკონომიკის, სოციალური და სხვა საკითხების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი უკვე რამდენიმე წელია იკვლევს. გამოკითხვა, მეთოდოლოგიის მაქსიმალური დაცვით, თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს. რესპონდენტების შერჩევის წესი და თემატიკა, რომლის მიმართ მკვლევარებს მოქალაქეთა აზრი აინტერესებთ, არც 2007-2008 წლებში შეცვლილა, თუმცა ამ პერიოდის ორმა მოვლენამ რამდენიმე ახალი ტენდენცია გამოავლინა.

”2007 წლის 7 ნოემბრის სამშვიდობო მანიფესტაციის და ტელეკომპანია ”იმედის” დარბევის გამო, საქართველოში ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითისკენ შეიცვალა”, - ამბობს საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ნანა სუმბაძე. ნოემბრის მოვლენებიდან ერთ თვეში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ, უკმაყოფილების თვალსაზრისით, ოპოზიციის და თავად ხელისუფლების მომხრეთა პოზიციებს შორის დიდი განსხვავება არ არსებობდა. გამოკითხულთა 73%-მა მიტინგის დაშლის აუცილებლობა ვერ დაინახა, 81%-მა კი მიიჩნია, რომ ძალის გადამეტება მოხდა. გამოკითხულთა ნახევარზე ოდნავ მეტმა მომხდარის გამო სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა, ხოლო 85%-მა ”იმედის” მაუწყებლობის შეჩერება გაუმართლებლად მიიჩნია.

ნოემბრის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ, აგვისტოს ომის დასრულებიდან სამ თვეში ჩატარებულმა გამოკითხვამ კიდევ უფრო დიდი ცვლილებები და ახალი ტენდენცია გამოავლინა. როგორც ნანა სუმბაძე ამბობს, ადამიანებში რაციონალური და ირაციონალური გაიყო, რაც, ომით გამოწვეული შიშის გამო, სრულიად გასაგებია.

”საერთოდ, როდესაც ადამიანის ცნობიერებაში შიში შემოდის, აზროვნების ძალა იკლებს. მოხდა რაღაცნაირი გახლეჩა - უმრავლესობა ომის დროს ხელისუფლების მოქმედებას საკმაოდ უარყოფითად აფასებს. მიაჩნია, რომ ხალხი ვერ დაიცვა, რომ ადამიანები უნდა გაეფრთხილებინა და ა.შ. მაგრამ, ამავე დროს, ხელისუფლების მიმართ ზოგადი დადებითი დამოკიდებულება გაიზარდა. ცნობილი ფსიქოლოგიური ფაქტია, რომ როდესაც ადამიანი უსუსური ხდება, - და ომმა და დაბომბვამ სწორედ უსუსურობის განცდა გამოიწვია, - ის ძალაუფლების მქონე ადამიანზე დამოკიდებული ხდება. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ვიღაც ძლიერი პიროვნება. ფსიქოლოგიაში ცნობილია და ექსპერიმენტულად შესწავლილია ფაქტები, როდესაც ტუსაღები დამოკიდებულები ხდებიან და აღმერთებენ თავის დამტუსაღებლებს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნანა სუმბაძემ.

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი განმარტავს, რომ გამოკითხვამ ხელისუფლებისადმი ზოგადად დადებითი დამოკიდებულება განსაკუთრებით იმ რეგიონებში გამოავლინა, რომლებიც აგვისტოს ომისას უშუალოდ დაიბომბა:

”გორი და სამეგრელო უფრო იყო ამ საშიშროების ქვეშ და უნდა ვიგულისხმოთ, რომ იქ შიში მეტი იყო. მართლაც, ამ ადგილებში უფრო მეტია ხელისუფლებისადმი ზოგადად დადებითი დამოკიდებულება, თუმცა კრიტიკაში განსხვავება არ არის.”

განსხვავება მოქალაქეთა მიერ საკუთარი პოზიციის გამოხატვის მხრივ შეინიშნება. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ეკა ფირცხალავა, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ წინა წლებში ადამიანები აზრს გაცილებით თავისუფლად გამოთქვამდნენ.

”განსაკუთრებით 7 ნოემბრის შემდეგ, როდესაც მძიმე სიტუაცია იყო და ომის შემდეგაც, ადამიანები ცდილობენ თავი შეიკავონ. მაგალითად, რიგითობა უნდა მიენიჭებინათ ჩამოთვლილი პოლიტიკოსებისთვის. ძალიან ბევრი იყო, ვინც, მართალია, არ წერდა, რომ ამ ადამიანებს არ იცნობს, მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებდა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა ფირცხალავამ.

ის კიდევ ერთ ტენდენციას ამჩნევს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას ქალაქი უფრო დახურულია, თბილისში კი, ამ მხრივ, უბნებიც განსხვავდება. მაგალითად, ეკა ფირცხალავას დაკვირვებით, ვეძისში უფრო იოლია მოქალაქეთა გამოკითხვა, ვიდრე ვაკეში. რაც შეეხება რეგიონებს, მკვლევრის შეფასებით, სირთულეები კონკრეტული პერიოდის მიხედვითაა, თუმცა, ზოგადად, რეგიონებში ხალხი უფრო გახსნილია.

მეტად თუ ნაკლებად გახსნილი რესპონდენტების გამოკითხვამ საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევრებს 2007-2008 წლების ბარომეტრის შედგენისას წინა წლებისგან განსხვავებული კიდევ ერთი ტენდენცია დაანახვა - პოლიტიკური აპათია და ზოგადი დეპრესიული გარემო. გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ნანა სუმბაძე ამბობს, რომ ადამიანებში ნდობამ და საკუთარ თავში დარწმუნებამ იკლო. 2002 წლიდან ყველა გამოკვლევისას საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი სტანდარტულ შეკითხვას სვამს: აუცილებელია თუ არა მოქალაქეთა მონაწილეობა საქართველოს პრობლემების გადასაჭრელად? ნანა სუმბაძის თქმით, რესპონდენტების უმრავლესობა ამ შეკითხვას ყოველთვის დადებითად პასუხობდა, თუმცა ბოლო 2 წელია ამგვარად განწყობილ ადამიანთა რაოდენობა საკმაოდ შემცირდა.

”მეორე შეკითხვაა: როგორ ფიქრობთ, თქვენნაირ ადამიანს შეუძლია თუ არა ზეგავლენა მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე? დადებითი პასუხების რაოდენობა ძალიან მაღალი არც არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა ძალიან შემცირებულია. საგულისხმოა, რომ ეს მაჩვენებელი შევარდნაძის დროს უფრო მაღალი იყო. ეს დემოკრატიის დონის მაჩვენებელია, რადგან დემოკრატია იმას ნიშნავს, რომ რიგით მოქალაქეს პროცესებში მონაწილეობა შეუძლია. აი, ეს გაქრა”, - ამბობს ნანა სუმბაძე.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის და, ზოგადად, დემოკრატიის შეფასებითი ნაწილი გაცილებით გაფართოვდა საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვაში, რომელიც 2009 წლის ტენდენციებსა და განწყობებს ასახავს. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტში ამბობენ, რომ ახალმა ბარომეტრმა აჩვენა საკმაოდ საინტერესო შედეგები, რომელიც მარტის ბოლოს გამოქვეყნდება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG