Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სტრატეგიული“ პატიმრები გუანტანამოდან


პატიმრები გუანტანამოს ციხეში
პატიმრები გუანტანამოს ციხეში
საქართველოში გუანტანამოს ამერიკული ციხიდან სამი პატიმრის ჩამოყვანას ცხოველი გამოხმაურება მოჰყვა.
ხელისუფლება, როგორც მოსალოდნელია, ამ ნაბიჯს უწოდებს ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიით აღებული ვალდებულებების ნაწილს. იგულისხმება 2009 წლის იანვარში გაფორმებული სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც ამერიკის მთავრობა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მოწესრიგებაში ეხმარება. ამიტომ, თუ ქვეყანა ჩვენ ციხეს გვიშენებს და, მეტიც, გვეხმარება უსაფრთხოების სისტემის რეფორმირებაში, რა დიდი ამბავია, რომ მივიღოთ მათი თხოვნით სამი პატიმარიო, - ასეთი ქვეტექსტი აქვს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებს.

სხვათა შორის, ამის პრეცედენტი უკვე არსებობს: ალბანეთმა, ჩადმა, ერაყმა და ბერმუდის კუნძულებმა უკვე მისცეს თავშესაფარი რამდენიმე პატიმარს. მათ შორის ყველაზე გახმაურებული იყო 13 ჩინელი უიღურის საქმე, რადგან მათ, უკან დაბრუნების შემთხვევაში, პატიმრობა ელოდებოდათ.

უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება არ ასახელებს სტრატეგიული გუანტანამოელი პატიმრების წარმომავლობას. სამი პატიმარი 23 მარტს გასაიდუმლოებულ ვითარებაში ჩაიყვანეს საქართველოში და, ცხადია, მათი ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებული იქნება მანამდე, სანამ ხელისუფლება ამას საჭიროდ მიიჩნევს.

ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას მოსალოდნელ საფრთხეებზეც.

ზოგადად, მსოფლიო ზესახელმწიფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა საფრთხეების ზღვარზე სიარულს ნიშნავს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საფრთხე მინიმალურია. მართლაც, რა უნდა დააშავოს სამმა გუანტანამოელმა - თანაც, უდანაშულოდ ცნობილმა - პატიმარმა საქართველოში, სადაც, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, დედაქალაქიდან 30 კილომეტრში მტრულად განწყობილი ქვეყნის ასობით ჯარისკაცი დგას, კბილებამდე შეიარაღებული ტანკებით, ზარბაზნებით და ავიაციით ?

რიტორიკა, რა თქმა უნდა, გვერდზე უნდა გადაიდოს, თუკი ეს ნაბიჯი მცირე საფრთხეს მაინც შეიცავს ქვეყნისათვის. მაგრამ ვერც დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები და ვერც საპარლამენტო ოპოზიცია პატიმრების ჩამოყვანაში საფრთხეს ვერ ხედავენ. გამონაკლისია მხოლოდ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი - ზურაბ ნოღაიდელის პარტია „სამართლიანი საქართველოსათვის“ და ლეიბორისტული პარტია, რომლებიც აცხადებენ, რომ პატიმრების ჩამოყვანის ფაქტით საქართველოში დივერსიული და ტერორისტული აქტების საფრთხე გაიზრდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG