Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ტუღუში: „პატიმრები სულ უფრო ხშირად ჩივიან“


სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა, პარლამენტს 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიში წარუდგინა. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ვრცელ, 400 გვერდიან, ანგარიშში პრიორიტეტად გამოყოფილია მონიტორინგი თავისუფლების შეზღუდვის ადგილებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ყურადღება გამახვილებულია დევნილების, სოციალურად დაუცველი ადამიანების, ბავშვებისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხითაც. ამასთან, ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ვითარება მართლმსაჯულების სისტემაში.

2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში ყველაზე მეტი ადგილი სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილი მდგომარეობის აღწერას ეთმობა, თუმცა სახალხო დამცველი ასევე ჩამოთვლის სხვა სფეროებს, სადაც ვითარება საანგარიშო პერიოდში არ გაუმჯობესებულა.

„2009 წლის მეორე ნახევარში იმატა საჩივრებმა, რომლებიც დაკავშირებულია პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობასთან. არ არის პროგრესი რელიგიური უმცირესობების კუთხით, ისევე როგორც მედიის კუთხით“, უთხრა რეზონასს გიორგი ტუღუშმა. მისივე თქმით, ასევე რთული მდგომარეობაა შექმნილი ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისითაც. ბავშვთა სახლებში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საგანგაშოა როგორც საყოფაცხოვრებო პირობები, ასევე აღსაზრდელებისადმი დამოკიდებულება.

უნდა ითქვას, რომ საჯარო სკოლებში ბავშვთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობას აღმასრულებელი ხელისუფლებაც აღიარებს. ვითარების გასაუმჯობესებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უსაფრთხო სკოლის პროგრამის განხორციელება დაიწყო. მინისტრის, დიმიტირი შაშკინის, თქმით, პროგრამის ფარგლებში ახალი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში მანდატურის ინსტიტუტი დაინერგება:

„მანდატურები სკოლაში შედიან იმისთვის, რომ მოახდინონ დანაშაულის პრევენცია. ჩვენი მთავარი ამოცანაც არის ის, რომ სკოლაში არ ხდებოდეს დანაშაული.“

სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის უფლებების დაცვა მხოლოდ მანდატურის ინსტიტუტის შემოღებით არ შემოიფარგლება. მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ მნიშვნელოვნად დაიხვეწა კანონმდებლობა, რომელიც მეტ-ნაკლებად შესაბამისობაში მოვიდა ბავშვის უფლებების საერთაშორისო კონვენციასთან, თუმცა ეს არ ნიშანვს იმას, რომ საქართველოში ბავშვთა უფლებები აღარ ირღვევა:

„უნარშეზღუდული ბავშვები კვლავ შეზღუდული არიან საზოგადოებისაგან და არ ხდება მათი დაცვა. კვლავ რჩებიან ბავშვები ბავშვთა სახლებში, თუმცა მიმდინარეობს ბავშვა კეთილდღეობის რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს ბავშვების ოჯახურ გარემოში განთავსებას“, უთხრა მაია ქურციკიძემ რადიო თავისუფლებას.

ბავშვის უფლებათა მდგომარეობის გარდა, სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე ვრცელი ადგილი ეთმობა მართლმსაჯულებას, ანუ იმას, თუ რამდენადაა დაცული საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლება. არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი მანანა კობახიძე ამბობს, რომ გასული წლის განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა:

„თვალშისაცემი პრობლემებია და ეს არ არის ერთი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, ექსპერტის ან ადვოკატის შეფასება. ასეთია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების შეფასება, რომლის მიხედვითაც მკვეთრად არის ხაზგასმული სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი და, ზოგადად, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრობლემა - განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეებში, როდესაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ კანონი არის ზოგ შემთხვევაში თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა.“

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, მიიჩნევს, რომ ვითარება არ გაუმჯობესებულა საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისითაც. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ჩხეიძის თქმით, გასული წლის განმავლობაში საკუთრების ხელყოფის ახალი ფაქტები არ გამოვლენილა, თუმცა ღიად რჩება რამდენიმე გახმაურებული საქმე:

„ძალიან მნიშვნელოვანია ძველი საქმეები, რომელიც ბოლომდე ვერ მივიდა, ანუ ანაზღაურება ვერ მიიღეს დაზარალებულმა მოქალაქეებმა, მათ შორის -თაბუკაშვილის ქუჩაზე დანგრეული სახლის მფლობელებმა. ეს მოქალაქეები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ, იმიტომ რომ არ აუნაზღაურდათ ზიანი.“

სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებულ 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშს პარლამენტი, სავარაუდოდ, ერთ თვეში განიხილავს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG