Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარის ”პოლიტიკური მსხვერპლშეწირვა”


სოზარ სუბარის შეთავაზებას, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და მაჟორიტარი წევრების კანდიდატურებს უკავშირდება, ძირითადად, უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა ადრესატი ოპოზიციური ძალების მხრიდან. თუმცა გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე ჯერ ისევ მზად არის უარი თქვას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე. სუბარი კოლეგა-ოპოზიციონერებს იმის კარგად გააზრებას ურჩევს, რომ ”შეთანხმების” გარეშე მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვება გაუჭირდება. პროცესში არავითარ შემთხვევაში არ გადაიხედება ალიანსის მიერ თბილისის მერის პოსტზე დასახელებული ირაკლი ალასანიას კანდიდატურა. რას ისახავდა მიზნად ალიანსის თანათავმჯდომარის ”პოლიტიკური მსხვერპლთშეწირვა” და რატომ აღმოჩნდა ის მიუღებელი სხვა ოპოზიციური ძალებისთვის?

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე უარის თქმისთვის მზადყოფნა სოზარ სუბარმა საზოგადოებას პრესის ფურცლებიდან 31 მარტს აცნობა და ოდნავ მოგვიანებით კი ისიც თქვა, რომ მისი გადაწყვეტილების საჯაროდ გამოტანა შეთანხმებული არ იყო საკუთარ ალიანსთან. მიუხედავად ამისა, ალიანსის თანათავმჯდომარე ფიქრობს, რომ გადაწყვეტილებაში სენსაციური და ახალი არაფერია, რადგანაც ამ განზრახვას კოლეგებს ის მანამდეც სხვადასხვა ფორმით არცთუ იშვიათად უზიარებდა.

”ძალიან ბევრჯერ მითქვამს - რაზეა ლაპარაკი, ოღონდ კი რამე შეთანხმებას მივაღწიოთ და მე უარს ვამბობ... რაც არასოდეს იწვევდა მოწონებას ალიანსის შიგნით. უბრალოდ, მე მიმაჩნდა, რომ ეს არის სწორი გზა და ეს არის 100%-იანი გამარჯვების გარანტია. პრინციპულად ახალი, რასაც ახლა ვამბობ და რაც ასე მკაფიოდ აქამდე არ თქმულა, არის ის, რომ თუკი შევთანხმდებით მაჟორიტარულ ოლქებში, მაშინ ოპოზიცია გაიყვანს თავის მაჟორიტარ დეპუტატს და ამას დაემატება პროპორციული სიით გაყვანილი დეპუტატები (სიები იქნება არა ერთიანი, არამედ სხვადასხვა) და ოპოზიციას უმრავლესობა ეყოლება საკრებულოში, რომელიც მერე აირჩევს თავმჯდომარეს...”

სოზარ სუბარის კომპრომისულ გადაწყვეტილებას ახლა უკვე გაგებით ხვდებიან გაერთიანებაში ”ალიანსი საქართველოსთვის”. მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, მას ”კეთილშობილურ ნაბიჯს” უწოდებს და ინიციატივის განხორციელებას მხოლოდ იმ პირობით მიიჩნევს შესაძლებლად, რომ ყველა, ვინც ალიანსთან ამ თემაზე აპირებს საუბარს, ”უნდა ცნობდეს ირაკლი ალასანიას”, როგორც მერობის კანდიდატს.

სოზარ სუბარის შეთავაზების ადრესატს წარმოადგენს ყველა პოლიტიკური ძალა - მათ შორის ”ეროვნული საბჭო”, რომელშიც ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური პარტიაც შედის. მიუხედავად ამისა, დავით ბერძენიშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს - ”ნოღაიდელს ჩვენ არ დაველაპარაკებითო.” ხოლო რაც შეეხება მოლაპარაკებებს ”ეროვნულ საბჭოსთან”, ბერძენიშვილს ასეთი პასუხი აქვს:

”ჩვენ არ ვაპირებთ მოლაპარაკებებს მათთან... სოზარმა შესთავაზა... იქნება მათი მხრიდან დასტური, რომ ირაკლი ალასანიას აღიარებენ?! ჯერ აღიარონ მერობის კანდიდატად და შემდეგ ვილაპარაკოთ საკრებულოს თავმჯდომარეობის კონკურენტუნარიან კანდიდატზე.”

ირაკლი ალასანიას აღიარების ნაცვლად, ეროვნული საბჭო ამ ეტაპზე კვლავაც მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენაზე ფიქრობს და ამას სოციოლოგიური გამოკითხვის გზით აპირებს. სოზარ სუბარის ”პოლიტიკურ მსხვერპლთშეწირვას” უარი შეაგება ლევან გაჩეჩილაძემაც, ”დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომლის პრიორიტეტსაც ამ ეტაპზე, როგორც თავად ამბობს,”ოპოზიციის გამარჯვების ფორმულის” შექმნა წარმოადგენს. თბილისის მერის პოსტზე ალასანიას კანდიდატურის პირველობას გაჩეჩილაძე არ აღიარებს და ეს მან რამდენჯერმე გაიმეორა სამშაბათს, სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ კომენტარებში. ხუთშაბათს კი გაჩეჩილაძემ თქვა, რომ სამშაბათის კომენტარების შინაარსი ძალაში რჩება.

იმ ”რეალურ პოლიტიკურ ძალებს” შორის, რომლებთან საუბარსაც შესაძლებლად მიიჩნევს ალიანსი, ასევე სახელდება ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, რომლის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ, სოზარ სუბარის ინიციატივას ”დაგვიანებული” და ერთგვარად ”არაადეკვატური” უწოდა, რაც ასევე ნიშნავს უარს. ქრისტიან-დემოკრატების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ინგა გრიგოლიაა და ის სულ მალე აპირებს აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას.

დაბოლოს, გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარის სოზარ სუბარის მიერ გახმოვანებული ინიციატივის ფონზე იბადება შეკითხვები: რატომ არ დაუჭირა ალიანსმა მხარი დაახლოებით იმავე ტიპის წინადადებას, რომლითაც, მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის მიზნით, ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას თავის დროზე ირაკლი ალასანია მიმართავდა? რატომ ჩაუთვალეს მას ეს ნაბიჯი შეცდომად, რომელსაც საკუთარი ალიანსელების მწვავე კრიტიკაც კი მოჰყვა და რატომ ამართლებენ იგივე ალიანსელები ამჟამად სუბარის მიერ წამოყენებულ ინიციატივას? ალიანსში მოკლედ განმარტავენ, რომ ალასანია მაშინ ”ოპოზიციურ ერთობაზე” ლაპარაკობდა, რაც წარმოუდგენელი იყო თუნდაც ნოღაიდელის ფაქტორის გამო; ხოლო სოზარ სუბარის წინადადება ამჯერად გულისხმობს არა ”ერთობას”, არამედ მხოლოდ ”თანხმობის” მიღწევას გარკვეული საკითხების გარშემო.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG