Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე მორწმუნეები ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან


მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას ელოდება. ტაძარში დილიდან მისული ხალხი იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის აღდგომის ტაძარში მისვლას ელოდება. მართლმადიდებელი არაბები ყიჟინითა და ხმამაღალი ლოცვით უკვე მივიდნენ ტაძარში და უფლის საფლავთან დადგნენ. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი კულუკლიას (უფლის საფლავს) ირგვლივს სამჯერ ლიტანიობას ჩაატარებს, განიძარცვება ტანისამოსისაგან და მხოლოდ თეთრი კვართით შემოსილის შევა კულუკლიაში და იქ ილოცებს, სანამ წმინდა ცეცხლი არ გადმოვა. პატრიარქის მოსვლამდე საფლავი დაიხურება და პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები საგულდაგულოდ გაჩხრეკენ. ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავლენ, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან. წმინდა ცეცხლს მომლოცველები დღესვე, გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ საქართველოში. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ. მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
XS
SM
MD
LG