Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის გეგმები = ”გამარჯვების ფორმულას”?


ლევან გაჩეჩილაძე (მარცხნივ), სოზარ სუბარი (ცენტრში) და ნინო ბურჯანაძე
ლევან გაჩეჩილაძე (მარცხნივ), სოზარ სუბარი (ცენტრში) და ნინო ბურჯანაძე
6 აპრილს ”ეროვნულმა საბჭომ” დედაქალაქის მასშტაბით, კარდაკარ ჩამოვლის პრინციპით, სოციოლოგიური გამოკითხვის 3-დღიანი პროცესი წამოიწყო. 15 ათასი ამომრჩევლის გამოკითხვის შედეგად უნდა გამოვლინდეს: არჩევნებში მონაწილე რეიტინგული ოპოზიციური პარტიები, დედაქალაქის მერობის კანდიდატი და საარჩევნო ოლქების მიხედვით მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა. აქედან ბოლო ორი სწორედ ის საკითხებია, რომელთა გარშემოც შეთანხმების მიღწევას არა სოციოლოგიური გამოკითხვის, არამედ მოლაპარაკებების გზით ცდილობს სოზარ სუბარი - გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე. რას ნიშნავს ”ეროვნული საბჭოს” მხრიდან საკუთარი გეგმის მიხედვით მოქმედება? არის თუ არა ეს უარი სუბარის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაზე და რა ელის ოპოზიციის ”გამარჯვების ფორმულას”?

6 აპრილს წამოწყებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ დედაქალაქის მერობის კანდიდატი მხოლოდ 2-კაციანი სიიდან უნდა გამოავლინოს. არჩევანი კონსერვატორების ლიდერს - ზვიად ძიძიგურსა და ხალხის პარტიის ლიდერს - კობა დავითაშვილს შორის უნდა გაკეთდეს. ”ეროვნულ საბჭოში” ძველებურად აცხადებენ, რომ ხალხის აზრის გათვალისწინება მათთვის პრიორიტეტულ მიზანს წარმოადგენს და ამიტომ ისინი მხარს მხოლოდ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ კანდიდატს დაუჭერენ.

ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ „ეროვნული საბჭო“ ამ ეტაპზე თეორიულადაც კი არ განიხილავს გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” მიერ წარმოყენებული კანდიდატურის, ირაკლი ალასანიას, მხარდაჭერას და ეს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კონსერვატორმა კახა კუკავამაც დაადასტურა:

”ალასანიას მხარდაჭერა უპირობოდ გამორიცხულია, რადგანაც მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა დავუჭიროთ ასევე უპირობოდ მხარი ძიძიგურს ან დავითაშვილს, ან გოგი თოფაძეს, ან გია ჭანტურიას, ანდა, რა ვიცი, რომელიმე სხვა კანდიდატს... კანდიდატმა უნდა დაამტკიცოს რაიმე კრიტერიუმით თავისი უპირატესობა. სოციოლოგიური გამოკითხვა არის სწორედ ის კრიტერიუმი, რომლის საშუალებითაც კანდიდატები დაამტკიცებენ საკუთარ უპირატესობას სხვა კანდიდატებთან მიმართებით... ”

ალასანიას ალიანსი ”ეროვნული საბჭოს” სოციოლოგიურ გამოკითხვებში არ მონაწილეობს. დედაქალაქის მერობის კანდიდატად ალასანიას უპირობო აღიარება კი ერთ-ერთ მთავარ პრინციპს წარმოადგენს იმ მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელსაც ბოლო დღეებში ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი მართავს და, როგორც 6 აპრილს სუბარმა თავად დაუდასტურა რადიო თავისუფლებას, ეს საკითხი არ ექვემდებარება გადახედვას. პოზიცია უცვლელია „ალიანსის“ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს შორისაც: ”ყველას, ვისაც მონაწილეობა სურს ოპოზიციის ”დიდ შეთანხმებაში”, მერობის ერთიან კანდიდატად ირაკლი ალასანია უნდა აღიაროს.”

სოზარ სუბარს არ გაჰკვირვებია და არც საბოლოო უარად ჩაუთვლია ის ფაქტი, რომ „ეროვნულმა საბჭომ“ სოციოლოგიური გამოკითხვის პროცესი წამოიწყო, რადგანაც, როგორც ირკვევა, ეს გეგმა მან საბჭოს წევრებთან 3 აპრილს გამართულ შეხვედრაზეც განიხილა:

”... ეს არანაირად არ ემუქრება მოლაპარაკებათა პროცესს ჩაშლით. ისინი ჩაატარებენ გამოკითხვას, იმოქმედებენ თავისი გეგმის მიხედვით, ისევე, როგორც ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას... შეთანხმება შესაძლებელია არჩევნებამდე ერთი კვირით ადრეც კი. თუმცა, ცხადია, ამდენი გაწელვა არ ღირს და ეს გაცილებით ადრე უნდა მოხდეს... მაქსიმუმ ორ კვირაში ეს პროცესი დასრულდება ან ”გამარჯვების ფორმულის” გამარჯვებით, ანდა სხვა გზით წავალთ.”

იმისათვის, რომ ”გამარჯვების ფორმულა” ამოქმედდეს, სუბარის განმარტებით, მერობის კანდიდატის გარდა, შეთანხმება უნდა შედგეს კიდევ 2 ძირითად საკითხზე, რაც უკავშირდება: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურასა და მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებას ოპოზიციურ პარტიებს შორის.

მოლაპარაკებების პროცესი სოზარ სუბარის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით 1 აპრილს დაიწყო. „ალიანსის“ თანათავმჯდომარე თვლის, რომ ოპოზიციური პარტიების შეთანხმება მაისის არჩევნებში გამარჯვების აუცილებელი წინაპირობაა და სწორედ ”დიდი შეთანხმების” სურვილით თქვა მან უარი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე.

სოზარ სუბარი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის შეთანხმება შედგება. სხვათა შორის, „ალიანსთან“ საერთო ენის გამონახვას არც „ეროვნულ საბჭოში“ გამორიცხავენ, თუმცა როგორ მოხდება საერთო ენის გამონახვა ალასანიას აღიარების გარეშე - ამ შეკითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ არსებობს.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისგან განსხვავებით, შეთანხმებისთვის მზადყოფნას გამოხატავს ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, რომლის წარმომადგენლებსაც სოზარ სუბარი ასევე 3 აპრილს შეხვდა. ალასანიას უპირობო აღიარებას არც ”მრეწველები” აპირებენ, მით უმეტეს რომ, გოგი თოფაძის სახით, თბილისის მერის პოსტისთვის მათაც თავიანთი კანდიდატურა ჰყავთ. ”მრეწველების” სურვილია, რომ ერთიანი კანდიდატი პარტიების საერთო შეთანხმების გზით გამოვლინდეს.

ერთი სიტყვით, სოზარ სუბარი მოლაპარაკებების პროცესს განაგრძობს და ოპოზიციის ”დიდი შეთანხმებისთვის” მის მხარდამხარ იბრძვის ”დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე. 6 აპრილს ისინი ნინო ბურჯანაძესაც შეხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბურჯანაძის პარტია - ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” მაისის არჩევნებში არ მონაწილეობს. სოზარ სუბარი კმაყოფილი დარჩა ბურჯანაძის დაპირებით, რომ ის მხარს დაუჭერს ოპოზიციური პარტიების შეთანხმებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუკი ”გამარჯვების ფორმულა” ამოქმედდება. საკუთარი როლისა და ადგილის განსასაზღვრად სწორედ ”დიდი შეთანხმების” შედეგებს ელოდება ლევან გაჩეჩილაძეც.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG