Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს მონიტორები ანგარიშს ამზადებენ


რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგებზე ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების შესრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, საქართველოში ხუთდღიანი ვიზიტით ევროპელი მონიტორები იმყოფებიან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები მატიაშ ეორში და დეივედ ვილშაიერი ხუთი დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ როგორც თბილისში, ისე, სავარაუდოდ, ცხინვალში, გალსა და სოხუმში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომლის დღის წესრიგშიც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების განხილვაც შედის, სტრასბურგში 26-30 აპრილს გაიმართება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის დღის წესრიგით, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე მსჯელობა 28 აპრილს გაიმართება. მანამდე მონიტორინგის კომიტეტი განიხილავს მატიაშ ეორშისა და დეივედ ვილშაიერის მიერ მომზადებულ ანგარიშს. სწორედ ანგარიშის შინაარსსა და სიმწვავეზე იქნება დამოკიდებული პლენარული სხდომის გადაწყვეტილებაც. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე მიღებული რეზოლუციების შესრულების მდგომარეობის შეფასებისას, კრიტიკის ობიექტი, ძირითადად, რუსეთია. ამის შესახებ მატიაშ ეორშმა თბილისში შეხვედრების დაწყებისთანავე განაცხადა.

” ევროსაბჭოს აპრილის რეზოლუციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა წინა რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებები საქართველომ თითქმის სრულად შეასრულა, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთზე, რომელიც ვალდებულებებს არ ასრულებს. მოხსენება საქართველოს შესახებ ჯერ არ დაგვიწერია. აქ იმისთვის ვიმყოფებით, რომ მასში ყველა დეტალი აისახოს. მომავალ კვირას მოსკოვში მივემგზავრებით და რუსეთის ოფიციალურ პირებს მოუწევთ პასუხის გაცემა იმაზე, რატომ არ სრულდება ვალდებულებები.”

ვალდებულებები, რომლებზეც მატიაშ ეორში საუბრობს, რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ ხუთ რეზოლუციაში აისახა. მათგან ორი რეზოლუცია მიგრაციის კომიტეტმა მოამზადა, სამი კი მონიტორინგის კომიტეტმა. მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციები, მთლიანობაში, რუსეთს ავალდებულებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გაუქმებას, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის დაშვებას ოკუპირებულ რეგიონებში, ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვრებზე მოსახლეობისათვის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობას, დევნილთა საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უზრუნველყოფას და სხვ. ზემოხსენებული სამი რეზოლუციიდან ბოლო, ნომრით 1683, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2009 წლის ოქტომბერში საშემოდგომო სესიაზე მიიღო. ამ რეზოლუციის თანახმად, საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება დაუტოვა, თუმცა მოთხოვნების შესრულების ბოლო ვადად 2010 წლის 1 იანვარი დაუთქვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ რუსეთი ამ დრომდე ორგანიზაციის მიერ მიღებული ყველა შესაბამისი რეზოლუციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ შეასრულებდა, მისთვის ხმის ჩამორთმევის საკითხი კვლავ დადგებოდა დღის წესრიგში. მოგვიანებით, პრორუსული ძალების კონტრნაბიჯებით, უფლებამოსილების საკითხის დაყენების პროცედურა გართულდა.

” რაღაც ცვლილებები შეიტანეს. ახლაც კი შეიძლება უფლებამოსილების შეჩერების საკითხის დაყენება, მაგრამ უფრო რთულია, ვიდრე იყო. მიმდინარეობს მუშაობა ახალი რეზოლუციის პროექტზე. დავუცადოთ მოვლენებს და შემდეგ გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ. ეს ბრძოლა არ არის ერთდღიანი და ნერვებიც არსებობს მაგისი და რესურსიც, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ”, - გვითხრა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების გარდა, ამავე კონფლიქტზე თავისი ცნობილი ანგარიშით წარდგება ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელი ჰაიდი ტალიავინი. საქართველოს ელჩი ევროპსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ ევროსაბჭო ამ ანგარიშით, ძირითადად, ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხების გამო დაინტერესდა:

”თქვენ იცით, რომ ტალიავინის რეპორტი პირდაპირ ლაპარაკობს ეთნიკურ წმენდაზეც. რომელიც ჩადენილ იქნა ოსური ბანდფორმირებების მიერ, რომელთაც ეხმარებოდნენ რუსული სამხედროები ან, როგორც მინიმუმ, მათ ხელს არ უშლიდნენ ეთნიკური წმენდის ჩატარებაში. და როდესაც ასეთი ფაქტია და ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, ევროპის საბჭოზე, რომელიც არის ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაცია, ბუნებრივია, დგება საკითხი, რომ ამ ორგანიზაციას აინტერესებს უფრო კონკრეტულად მოუსმინოს თვითონ ქალბატონ ტალიავინს.”

ადამიანის უფლებების, კერძოდ, დევნილთა უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლას ადგილზე, საქართველოში, გეგმავენ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები მატიაშ ეორში და დეივედ ვილშაიერი. საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების გარდა, ისინი წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებსაც შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG