Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუციის პროექტი განსჯისათვის


ერთწლიანი მუშაობის შედეგად საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ შექმნა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის განვრცობილი კონცეფცია. სრულყოფისა და დახვეწის მიზნით პროექტი წარედგინათ სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. კონცეფციის საჯარო განხილვის პროცესი ამით ჯერ მხოლოდ დაიწყო. საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციის კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებისათვის, სულ ცოტა, 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა სჭირდება.

დისკუსია საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის მიერ შექმნილი კონცეფციის პრინციპებზე განუსაზღვრელი ვადით გაიხსნა, გვითხრა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ლია მუხაშავრიამ. მისი თქმით, საზოგადოებრივი კომისიის მიერ შექმნილი კონცეფციის საერთო სახალხო განხილვას აზრი აქვს მაშინაც კი, თუ ამასობაში სახელმწიფო კომისია კონსტიტუციის პროექტზე მუშაობას დაასრულებს და მას პროცესუალურ მსვლელობას მისცემს:

”არანაირი პრობლემა არ არის ამაში. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ინიციატივა გახდეს ნამდვილად საყოველთაო და სახალხო. ჩვენ არანაირი უფლებამოსილება - ოფიციალური, ფორმალური - არ გაგვაჩნია. ჩვენ ვართ კეთილი ნების ადამიანების ჯგუფი, რომელსაც გვაქვს ცოტა მეტი პრეტენზია, რომ საკონსტიტუციო საკითხები გვესმის და გვინდა ვიცოდეთ. და ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მთელი საზოგადოების მონაწილეობით შევქმნათ ნამდვილად კონსტიტუცია, რომელსაც ყველანი დავიცავთ.“

ლია მუხაშავრიას განმარტებით, ვინაიდან საუბარია ახალ საკონსტიტუციო კონცეფციაზე, რომელიც საერთო სახალხო კონსენსუსის წესით უნდა იქნეს მოწონებული, ახლა ძნელია იმის განსაზღვრა, როგორი იქნება სამოქალაქო აქტივობა და როდის შეჯერდებიან საზოგადოების ცალკეული პოლიტიკური თუ სოციალური ჯგუფები პროექტის ძირითად ინოვაციებზე - მათ შორის, ქვეყნის მმართველობის მოდელზე:

"საზოგადოებრივი კომისიის მიერ შემუშავებული მოდელი ცალსახად უჭერს მხარს საპარლამენტო რესპუბლიკას. იმისთვის, რომ ამ დასკვნამდე მივსულიყავით და ამ გზას დავდგომოდით, ბევრი საფუძველი, ბევრი მოტივი არსებობდა, მაგრამ ერთ-ერთი მოტივი იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტად ვყოფილიყავით ჩვენ ორიენტირებულნი არა ცალკეულ პიროვნებებზე, არა გამონაკლისებზე, არამედ იდეალურ ან ყველაზე მისაღებ მოდელზე საქართველოსათვის, ახალი დემოკრატიისათვის."

კომისიის წევრის, მინდია უგრეხელიძის განმარტებით, საუბარია საპარლამენტო რესპუბლიკის ისეთ ვარიაციაზე, რომელშიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილია მთავრობის სტაბილურობა, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიკურ ოპოზიციას რეალური ბერკეტები აქვს ხელისუფლების საქმიანობაზე ქმედითი და დროული კონტროლის განსახორციელებლად.

"საპარლამენტო რესპუბლიკები რამდენიც არის, იმდენი განსხვავებულია ერთმანეთისგან. ჩვენ მიერ წარმოდგენილია ის სისტემა, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება არის მყარი, მდგრადი... აღმასრულებელი ხელისუფლების შექმნაზე მთლიანად პასუხისმგებელია პარლამენტი, მაგრამ მას შეუძლია უნდობლობის გამოცხადებით აღმასრულებელი ხელისუფლების, ანუ მთავრობის, გადაყენებაც, ოღონდ გადაყენება მხოლოდ იმ პირობით, რომ, იმავდროულად, იქნება შექმნილი ახალი მთავრობა. ანუ არც ერთი დღე ქვეყანაში არ იქნება მთავრობის გარეშე", - კიდევ უფრო აზუსტებს ვახტანგ ხმალაძე.

საზოგადოებრივი კომისიის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა გამოიწვია მოქმედი კონსტიტუციის იმ ნაწილების არსებითად შეცვლა, რომლებიც ეხება პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას, აგრეთვე კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის წესს. მეტ-ნაკლებად შეიცვალა ის ნაწილები, რომლებიც ეხება კონტროლის პალატის უფლებამოსილებისა და დაკომპლექტების წესს, საგადასახადო და საარჩევნო სისტემას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს - მათ შორის, რადიკალური ცვლილება განიცადა სახალხო დამცველის ინსტიტუტმა, დასახელებიდან დაწყებული, უფლებამოსილებით დამთავრებული.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა შეიქმნას სახალხო ქომაგის ინსტიტუტი. სახალხო ქომაგი უნდა აღვჭურვოთ უფრო მეტი უფლებებით. კერძოდ, მას უნდა ჰქონდეს არა მარტო საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება, ანდა მარტო დაჯარიმების უფლება იმ პირებისა, რომლებიც არ ასრულებენ სახალხო ქომაგის მოთხოვნებს, არამედ მას უნდა ჰქონდეს თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის დაყენების უფლებაც იმ პირებისა, რომლებიც შემჩნეულნი არიან კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული უფლებების დარღვევაში."

ზაქარია ქუცნაშვილისა თუ საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის სხვა წევრების მიერ ინიცირებულ კონცეპტუალურ დებულებებს 15 აპრილს პარლამენტსგარეთა ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური პარტიები ესწრებოდნენ. აუდიტორიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კონცეფციის ძირითადი პრინციპები მისაღებია „ეროვნული ფორუმისთვის“, ”ალიანსი საქართველოსთვის” და სხვა პოლიტიკური ძალებისთვის, მათ შორის, ”ეროვნული საბჭოსთვის.”

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საპარლამენტო მმართველობის მოდელს ამ ქვეყანაში. ჩვენ შევიტანეთ ჩვენი პრინციპები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. მანამდეც ძალიან ახლო თანამშრომლობა გვქონდა საზოგადოებრივ დარბაზთან, ვინაიდან ის მოსაზრება, რომ არ უნდა იყოს პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური , ჩვენთვის არის გასაგები."

"ეროვნული საბჭოს" წევრი "ხალხის პარტიიდან", ალექსანდრე შალამბერიძე, აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მიერ დაგეგმილ კონფერენციაში, სახელწოდებით ” საქართველოში საკონსტიტუციო პროცესის მიმდინარეობა და მისი პერსპექტივები.” კონფერენცია 17 აპრილს ბაზალეთში შეუდგება მუშაობას და მასში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასთან ერთად ჩაერთვება კონსტიტუციის პროექტზე მომუშავე ყველა საზოგადოებრივი ჯგუფი. მათგან ამ დროისათვის კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები კონცეფციის დონეზე, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის გარდა, წარადგინა ”თავისუფლების ინსტიტუტმაც.” სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ამასთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ესა თუ ის მიდგომა ალტერნატიულ პროექტად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ მას პროექტის სახე მიეცემა. ასეთი კი ამ ეტაპზე მხოლოდ სახელმწიფო კომისიის მიერ მომზადებული პროექტია. კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს:

"ჯერჯერობით შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ არის ორი ძირითადი მიმართულება. საპარლამენტო რესპუბლიკაზე ჩვენ უარს ვამბობთ. არის ლევან რამიშვილის მიერ წარმოდგენილი საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელი და არის მეორე მოდელი, ეს არის შერეული მმართველობის მოდელი. ალბათ, მაინც პრიორიტეტი მიენიჭება შერეული მმართველობის მოდელს."
XS
SM
MD
LG