Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლია მუხაშავრია - ადვოკატი


18 აპრილი, კვირა
დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით მარის ადრე გასვლას სახლიდან, რომ თავის მეგობარ მაიკოსთან ერთად საეკლესიო მსვლელობაში მიეღო მონაწილეობა. მე დილით სირბილს ვაპირებდი, მაგრამ დაღლილობისგან ვერ ავდექი. მეძინა უჩვეულოდ დიდხანს და, მგონი, 11 საათისთვის გავიღვიძე. ამით არ დასრულებულა ჩემი ძილი და მერე ნაშუადღევსაც მეძინა. ეტყობა გადავიღალე და ძილიც იმიტომ მომერია.

მარი სამი საათისთვის დაბრუნდა. ამ დროს მე უკვე ბაზრიდან ვბრუნდებოდი პროდუქტებით დატვირთული, რასაც, ტრადიციულად, მარისთან ერთად ვაკეთებ ხოლმე. სადარბაზოში შემხვდა მარის კლასელი ნათესავ გოგონასთან ერთად და ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ მარი და მაიკოც მოვიდნენ. ტრადიციულად, საკვირაოდ ყველამ ერთად ვისადილეთ და ბავშვები წავიდნენ. ძალიან საინტერესო და ლამაზი თაობაა. გოგონები ისეთი მაღლები და ტანადები არიან, ხანდახან ზრდასრულები მგონია. თუმცა, ხანდახან ეს „გიგანტები“ ისეთ ცელქობას და ონავრობას იწყებენ, რომ ძალიან სასაცილო და საყვარელი სანახავები ხდებიან. მგონი, ვერც გრძნობენ საკუთარ გაბარიტებს და სათანადო სიდინჯემდე ბევრი აკლიათ.
თავისუფლების დღიურები - ლია მუხაშავრია
please wait

No media source currently available

0:00 0:12:34 0:00

საღამოს მე და მარი ისეთი დაღლილები ვიყავით, რომ ველოსიპედით გასეირნება გადავიფიქრეთ. რამდენი ხანია, მთხოვს! უჩემოდ არ უნდა. მის ასაკში მე ეზოში და უბანში სრულიად თავისუფლად დავაქროლებდი ველოსიპედს...

19 აპრილი, ორშაბათი
ორშაბათი, ტრადიციულად, მძიმე დღეა. დილიდან მივქანდი ოფისში, რომ ყველა დაგროვილი დოკუმენტის წაკითხვა მომესწრო. მერე - მთელი ოფისის ტრადიციული სამუშაო შეხვედრა და მიმდინარე საქმეების განხილვა და გაანალიზება; შემდეგ - მოწვეულ ექსპერტთან შეხვედრა. ვცდილობთ, ყველას გამოცდილება გავიზიაროთ და გავითვალისწინოთ, რომ როგორმე მოვიგოთ ომით დაზარალებულთა საქმე და ვაიძულოთ სასამართლო, ჩვენი მოთხოვნები დააკმაყოფილოს; ჯერჯერობით - უშედეგოდ, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრით და არც დავყრით, სანამ სასამართლო არ გამოაცხადებს, რომ ჩვენი მოთხოვნა ომით მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურების შესახებ სავსებით კანონიერი და დასაბუთებულია. ახლა ჯაჭვური რეაქციით იწყება სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში შეტანილი ჩვენი საჩივრების განხილვა და გამალებით ვემზადებით, რომ უმნიშვნელო დეტალიც კი არ გამოგვრჩეს და მოსამართლეს ერთი ბეწო ადგილიც არ დავუტოვოთ ჩვენი არგუმენტების გასაბათილებლად.

ჩემი კოლეგა ნინო ბოლქვაძე თავისი შვილის საჭადრაკო წარმატების ამბავს მომიყვა. რა ბედნიერებაა, რომ ასეთი ჭკვიანი გოგონა ჰყავს! თან საშინლად მომწონს როგორ ამბობს, „ახლა კანდიდატობა მივიღეთ“, „21 წლის ვაჟთან წავაგეთ“, „ჩვენ მხოლოდ 12 წლის ვართ“ და სხვა. ანუ, საკუთარი თავი გაიგივებული ჰყავს შვილთან. ასეთ ფრაზებში და მხოლოდ ჩემთვის მნიშვენლოვან დეტალებში ვხედავ იმ განსხვავებას, რაც ბიოლოგიურ დედებსა და ჩემს შორის არის. ნინოს ვუთხარი კიდეც, როცა დედები შვილებს წაუტყაპუნებენ ხოლმე, მაშინვე ვხვდები, რომ მე მსგავსი არაფერი გამიკეთებია და ვერც ვერასოდეს გავაკეთებ-მეთქი. მგონია რომ მე მეტი, მოჭარბებული პასუხისმგებლობით აღჭურვილი დედა ვარ ბიოლოგიურ დედასთან შედარებით.

შაბათს, კონფერენციაზე, სტუდენტობისდროინდელი მეგობარი შემხვდა - სერიოზული და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი კაცი, ორი მოზრდილი შვილის მამა, რომელთაც უმაღლესი განათლება უკვე მიიღეს და ახლა ორივე მუშაობს. როცა შვილების ამბავი გამოვკითხე და წვრილად მომიყვა, მერე ჩემსაზე მკითხა და დაინტერესდა, როგორ სწავლობდა ჩემი შვილი. როცა გაიგო, რომ სკოლაში საუკეთესო მოსწავლე და ყველაზე მაღალი რეიტინგის არ არის, მეგობრულად მითხრა, მერე პანღურები უნდა ამოარტყაო. თუ არ იცი, მითხარი და მე გასწავლიო. გულწრფელად გამეცინა. „პანღური“ სიტყვა-სიტყვით არ იგულისხმებოდა, მაგრამ მისთვისაც ვცადე ამეხსნა, რატომ არ ვარგა ჩემს შემთხვევაში ამგვარი მეთოდი და მგონი, შეფიქრიანებული დავტოვე.

ორ საათზე რადიო „პალიტრაში“ ირინა თევდორაშვილთან ვიყავი საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრის სტატუსით, რომ ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქციის განვრცობილი კონცეფციის თაობაზე მესაუბრა. ძალიან მიყვარს რადიო და ირინასთან სტუმრობა. ჭკვიანი ადამიანის ურთიერთობა ძალიან კარგ სააზროვნო და სამუშაო განწყობას მიქმნის და იოლად, მარტივად და გასაგებად საუბრის უნარს მიჩენს ისეთ რთულ საკითხებზეც კი, როგორიცაა კონსტიტუცია და მისი ნოვაციები.

ეს კონცეფცია ჩვენი საზოგადოებრივი კომისიის 11 თვის შრომის შედეგია და ახლა დადგა დრო, საზოგადოებას გავაცნოთ, შევაჯეროთ, სხვათა მოსაზრებები გავიგოთ, ჩვენი ვუთხრათ, მათი მოვისმინოთ და ამგვარად დავიწყოთ ამ ქვეყანაში საკუთარი კონსტიტუციის გამომუშავება, რომ მერე ის მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეების ნების გამომხატველი დოკუმენტი გახდეს, რომელიც, ერთი მხრივ, რეალურად შეზღუდავს ხელისუფლებას თვითნებობისაგან და მეორე მხრივ, ხალხს ანარქიისაგან დაიცავს. უკვე გადატანილმა კრიზისებმა საზოგადოებას ნათლად დაანახვა, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისები უმტკივნეულოდ, კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში ვერ წყდება და ძალაუნებურად სახელმწიფო გადატრიალებებისა და რევოლუციების სრულიად არასასურველ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ვარდების რევოლუციისას, დიდ უმცირესობაში ვიყავი იმის გამო, რომ ვამბობდი, მეჯავრება რევოლუცია და არ ვარ რევოლუციის მომხრე-მეთქი. ამას იმით ვხსნიდი, რომ იურისტისთვის რევოლუცია უკანონობას, ე.წ. რევოლუციურ წესრიგს ნიშნავს, რაც ოქტომბრის რევოლუციის მაგალითზე საკმარისად კარგად გვქონდა გამოცდილი. ჩვენი პროფესია ხომ ვერ იტანს უკანონობას და უსამართლობას-მეთქი.

ახლა ვფიქრობ, ყველას მსგავსი განცდა და დამოკიდებულება გაუჩნდა რევოლუციის მიმართ და შარშან ბეწვზე გადარჩენილებს უნდათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც კრიზისის განმუხტვა უნდა მოხდეს რაც შეიძლება უმტკივნეულოდ, ანუ დადგენილი წესის - კონსტიტუციის - მიხედვით და მის ფარგლებში. ხელისუფლება არ უნდა გახდეს არც თვითნებობისა და არც უპასუხისმგებლო ადამიანების სათამაშო, ხოლო ვისაც რამე შეეშლება, პასუხიც მოეთხოვოს.

იურისტებს უფრო გვეიოლება ამ მექანიზმების ახსნა, მაგრამ გავოცდი, როდესაც შემოსული სატელეფონო ზარებით ვიგრძენი, რომ ეს მოსაზრება სულაც არ არის უცხო და მიუღებელი საზოგადოებისათვის. ასეთი საზოგადოებრივი მხარდაჭერის ვითარებაში ჩვენი შრომის შედეგს ხორცშესხმა უწერია და სრულიად შესაძლებელია, მოქმედ კონსტიტუციად იქცეს. საკანონმდებლო ინიციატივის წესის თანახმად ხომ 200 ათასი ხელმოწერაა საჭირო.

მახსენდება საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის შექმნის ლამის დაუჯერებელი ამბავი, რაც დაიწყო შარშან, 2009 წლის აპრილის ბოლოს, რამდენიმე ადამიანის თავში იდეის ერთდროულად დაბადებით და გაცხადდა 1 მაისს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეხვედრაზე.

20 აპრილი, სამშაბათი
დღეს, 2 საათზე, მთავრობაში ზეპირი მოსმენისთვის მიგვიწვიეს. ომით დაზარალებული ჩვენი კლიენტისათვის მიყენებეული ზიანის ანაზღაურებას ვითხოვთ. ეს კაცი ერგნეთელია, მამა სოფელში დარჩა და მერე ჩამოხრჩობილი იპოვეს. როცა ამბავი ჩამოუტანეს, ახლობლებთან ერთად დაბრუნდა ერგნეთში ეს ბატონი და იქვე, ბაღში დამარხა ტანჯული მამა. ახლაც მახსოვს, როგორი მძიმე განცდა ეწერა სახეზე, პირველად რომ მოვიდა ჩვენთან. მაშინ მამამისის არ ვიცოდი ამბავი, ეს ახლაღა გვითხრა, ისიც - სხვათა შორის. გაირკვა, რომ მამამისის საქმეც უნდა გავასაჩივროთ, ოღონდ ევროსასამართლოში.

თუმცა, ახლა მთავარი საზრუნავი მთავრობის სხდომაა. ოფისში დილემა წარმოიშვა, მთავრობის მოსმენაზე წავსულიყავი თუ სხვა შეხვედრაზე. თანამშრომლები ორ გუნდად გავიყავით. მე ტრადიციული ხუმრობა წამოვიწყე: თანახმა ვარ ჩემს კლონირებაზე და მაშინ საკითხი გამარტივდება-მეთქი, იმათ კი მიპასუხეს, მერე რამდენიმე კლონი დაგვჭირდება და შეიძლება უკონტროლო და უსასრულო გახდეს ეგ ამბავიო. გადაწყდა, რომ მთავრობის განხილვაზე წავალ. როგორც ერთ ცნობილ ქართულ ფილმშია, კომისია გავაძლიერეთ, ჩვენს კლიენტს დამატებით რწმუნებულებები გამოვაწერინეთ ხუთ თანამშრომელსა და სტუდენტზე, კიდევ ერთი სტუმარი წავიყოლეთ და საშვიც დავაშვებინეთ საგონებელში ჩავარდნილ დამხვდურებს, როცა გაიგეს, რომ შენობაში ექვსი რწმუნებული და ერთი სტუმარი უნდა შესულიყვნენ. სტუმრისთვის საშვის თხოვნისას, ტელეფონში მკითხეს, რწმუნებულება თუ აქვსო. ვუთხარი, არა აქვს, მაგრამ სხდომა ხომ საჯაროა და ვერ აუკრძალავთ დასწრებას-მეთქი. სხვა რა გზა იყო? საშვთა ბიუროში რამდენიმე ტელევიზიის შეწუხებული ჟურნალისტები და ოპერატორები იცდიდნენ. თქვენც დაბრკოლებებს გიქმნიან-მეთქი? - ყასიდად გავიკვირვე. ორივე ჯგუფი არასასურველი იყო: ერთს - ჟურნალისტებისას - შეეძლო არასასურველი ინფორმაციის გამოტანა, მეორეს - ჩვენ - არასასურველი ინფორმაციის შეტანა. საშვის გამოწერისას, სარკმელთან დამიძახეს, თან პირველს. ვიხუმრე, უნდათ დარწმუნდნენ, ნამდვილად ის ლია მუხაშავრია ვარ თუ არა-მეთქი. სხვა დროს პარლამენტის საშვთა ბიუროშიც იყო ასეთივე სიტუაცია და მაშინ გავიხუმრე, ნამდვილად ის ლია მუხაშავრია ვარ და თუ გინდათ დარწმუნდეთ, ხელიც შემახეთ-მეთქი. გულიანად გაეცინა იმ თანამშრომელს.

გურული ვარ. ეს არის ფორმულა, რომელიც სტრესულ და მძიმე სიტუაციებში მეხმარება მეც და სხვებსაც. ეს რჩევა ბევრისთვის მიმიცია მეგობრულად, წარმოიდგინე, რომ გურული ხარ და ყველაფერს იუმორით შეხედე-მეთქი, თორემ, ჩვენი სამუშაოს გადამკიდე, ძალიან იოლია გაღიზიანდე, წონასწორობა დაკარგო და, ბუნებრივია, ემოციებს აყოლილი პროფესიული თვისებების გარეშე დარჩე.

ექსკურსიაზე მოსული მხიარული ჯგუფის შთაბეჭდილებას ვტოვებთ მთავრობის კანცელარიის ფოიესა და დერეფნებში. სხდომაზე რამდენიმე სერიოზული გამომეტყველებისა და შეჭმუხნილი შუბლის დანახვამ დამარწმუნა, რომ ამის მიზეზი ჩვენი საჩივრის წონიანი არგუმენტაცია იყო. მიუხედავად რამდენიმე დასაბუთებისა და ჩვენი წინააღმდეგობისა, სხდომა მაინც გადაიდო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განხილვაში ჩართვის საჭიროების მოტივით.

„ჩვენ დავბრუნდებით!“ - დავიბარეთ და კიდევ უფრო მხიარულნი დავბრუნდით ოფისში, ხოლო მასპინძლები კიდევ უფრო შეშფოთებულები დავტოვეთ.

21 აპრილი, ოთხშაბათი
კვლავ მძიმე დღე. კიდევ ერთი ომით დაზარალებულის საქმეა - ამჯერად სააპელაციო სასამართლოში. ეს ის ტანჯული კლიენტია, პირველ ინსტანციაში მოსამართლე რომ დაიმალა და დაუსწრებლად გამოიტანა გადაწყვეტილება, აქაოდა მხარეები არ გამოცხადდნენო. სანამ სასამართლო სხდომის დაწყებას ველოდებით და ვისმენთ, როგორი ხმამაღალი გამოცხადებით იწვევენ მანდატურები მხარეებს პროცესზე, კლიენტს და მის ცოლს ვუხსნით, რომ საქალაქო სასამართლოში მათი მიწვევაც ასე უნდა მომხდარიყო.

აქაც შეჭმუხნილი სახეები, მოსამართლეებიდან სამი ქალია. ჩვენს გუნდს და ჩვენს საქმეს ისე ზედაპირულად აღარ უყურებენ, როგორც სხვა საქმეზე იყო. ხვდებიან: მანამ ვივლით ამ კატეგორიის საქმეებით სასამართლოში, სანამ არ მოვიგებთ. საქართველოს კანონი საომარი მდგომარეობის შესახებ ცალსახად ადგენს, რომ ომით მიყენებული ზიანი დაზარალებულს სრულად უნდა აუნაზღაურდეს. ჩვენ კანონისა და სამართლის უზენაესობას ვემსახურებით, უბრალოდ ადვოკატები არ ვართ, ვიცით, რომ ჩვენს მეტი ამას არავინ გააკეთებს ომით გაუბედურებული ამ ადამიანებისთვის და ასე დაუღალავად ვივლით სასამართლოდან სასამართლოში, დაუსრულებლად დავიცდით და ყველა დადგენილ წესსა და კანონს დავემორჩილებით, მაგრამ არ დავიღლებით და ხელებს არ ჩამოვუშვებთ, რადგან ჩვენზე უკეთ არავინ იცის ამგვარ საქმეთა მოგებით მიღებული ბედნიერების ფასი. ასეთი ჩაგრული, უსასოო და ილაჯგაწყვეტილი კლიენტები არავის ჰყავს.

კიდევ ერთ, სრულიად ახალ და მნიშვნელოვან დეტალს ვიგებ კლიენტის ცოლისგან: ამ გაზაფხულზე გადამწვარ ბაღში ხელახლა ნამყენი ატმის ნერგი რომ ჩავყარეთ, ბარს ახალთახალი ხელყუმბარა ამოჰყვაო, ჰყვება ახალგაზრდა ქალი.

საქმის განხილვა გადაიდო, სრულიად ტექნიკური საბაბით: ჩვენ მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი დავითაიას საგამოძიებო კომისიისათვის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განმარტების სტენოგრამა რატომ ყველა მოპასუხისათვის არ არის წარდგენილიო. არადა, 100 გვერდზე ცოტა მეტია და მოპასუხეები ერთდროულად არიან რამდენიმე სამინისტრო და მთავრობა. რას ვიზამდით. რაც მთავარია, სასამართლომ ეს საბაბი მას შემდეგ გამოიყენა, რაც გაიგო, რომ დავითაიას კომისიაზე პრეზიდენტმა აღიარა (და ეს შავით თეთრზე წერია სტენოგრამაში), რომ აგვისტოს ომის დღეებში მშვიდობიანი მოსახლეობის გაფრთხილებისა და ევაკუაციის ვალდებულება არ შესრულებულა. ადამიანები ბრძოლის ველზე მიატოვეს და მათ ისღა დარჩენოდათ, სიცოცხლის გადასარჩენად ფეხშიშველი გამოქცეულიყვნენ. ვიღას ახსოვდა ქონება?! ჩვენი თანდასწრებით დაურეკეს კლიენტს ბანკიდან და უთხრეს, რომ განვადებით შეძენილი მაცივრის და მუსიკალური ცენტრის თანხის გადაუხდელობის გამო უნდა მისულიყო. ეზოშივე ვუწერთ განცხადებას ბანკისთვის და თან ვატანთ გორში. ეს ნივთები დევნილობის პერიოდში დაკარგა, თუმცა ვალის გადახდისაგან ეს არ ათავისფულებს.

კიდევ კარგი, სასამართლო განხილვა გადაიდო. მაშასადამე, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის სხდომას ვუსწრებ კავკასიურ სახლში. კომისია შეკრებილი დამხვდა. მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი: როგორ გავაგრძელოთ მუშაობა და ჩვენი კონსტიტუციის რედაქციის საზოგადოებრივი განხილვა, რომ საზოგადოებას მაქსიმალურად გავაცნოთ ჩვენი მოსაზრებები და მისიც მოვისმინოთ.

ძალიან საინტერესო და სახალისო სხდომა გამოდგა, როგორც ყოველთვის. ბოლოს შევთანხმდით, შეიქმნას საზოგადოებრივი საკონსტიტუციო დარბაზი, რომელიც გააერთიანებს ყველა დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას და გზადაგზა შეკრებს უფრო და უფრო მეტ ადამიანს. დაიგეგმა შეხვედრები, გადაწყდა წერილებისა და მოსაწვევების დაგზავნის საკითხი. ნინო ციხისთავი, როგორც კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი, ყურადღებით იწერს ყველაფერს. როცა გვეგონა, რომ საკითხები ამოვწურეთ, უცებ ნინო ამბობს, ბატონებო, ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვისრულებია ის ვალდებულება, რომელიც 24 დეკემბერს ვიკისრეთო. კომისიის წევრები გაოცებულ სახეებს აბრუნებენ ნინოსკენ. არაერთხელ დადასტურდა, რომ თუ ნინო რამეს ამბობს, ე.ი. იურისტებთან ურთიერთობით კარგად ნასწავლი მეთოდით, რაღაც ჩანაწერს ეყრდნობა, რომელიც ყოველთვის თან აქვს.

„ბატონებო“, - ამბობს ის, - „ჩვენ შევთანხმდით, რომ მოვაწყობდით საზეიმო შეხვედრას, რომელიც კონცეფციის ჩამოყალიბების აღნიშვნას მიეძღვნებოდა. ახლა, ეს ვალდებულება უნდა შევასრულოთ!“ ყველას ეღიმება...

22 აპრილი, ხუთშაბათი
დილიდანვე იწყება დაგეგმილი შეხვედრები. მოდის დათო ებრალიძე და ვსაუბრობთ 13 მარტის „მოდელირებული ქრონიკით“ დაზარალებულ ადამიანებზე. ვგეგმავთ, სამომავლოდ რა გავაკეთოთ.

მე და ნინო ციხისთავი მივდივართ კობა ბოჭორიშვილის ოფისში, რომ 3 საათზე დავესწროთ ჰააგის ტრიბუნალის საქართველოს კოალიციის სხდომას. იქ მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ სხდომა სხვა დროისთვის გადაუტანიათ და ჩვენ ვერ გავიგეთ. იქიდან რადიო „მონტე კარლოში“ მივიჩქარით ირმა ინაშვილთან. მე წამყვანი ვარ, ნინო - ჩემი სტუმარი. ორივენი ადამიანის უფლებათა საკითხებზე ვმუშაობთ და ჩემთვის ადვილია ნინოს დათანხმება, რომ მან ჩვენს ყოველდღიურ საქმეებზე ისაუბროს. უკვე მეორედ ვხდები წამყვანი. თან ორმაგი საქმე გამოდის: რადიოსტუდიაში ოპერატორი ვიდეოზე იღებს გადაცემას და მეორე დღეს მას ბათუმში „25-ე არხზე“ აჩვენებენ. პირველ გადაცემაზე ბატონები მინდია უგრეხელიძე და ვახტანგ ძაბირაძე მოვიწვიე და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის კონცეფციაზე ვისაუბრეთ.

საეთერო სტუდიიდან გამოსულებს, მადლობას გვიხდიან და ჩვენ უკანმოუხედავად მივქრივართ ოფისში, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად მრგვალი მაგიდა გვაქვს დაგეგმილი. ომით დაზარალებულთა საქმეებზე გამოცდილი და ჭკუასაკითხავი კოლეგების გამოცდილება გვინდა გავიზიაროთ და ჩვენი საკითხების გადაწყვეტაში ჩავითრიოთ. მოდიან. ძალიან საინტერესო საუბარი იმართება. როგორც ადვოკატებს სჩვევიათ, იწყება კანონის ტექსტის დეტალური ანალიზი და ჩხრეკა. ჩვენებიდან ზოგიერთს, ვატყობ, იმედგაცრუება დაეუფლა. ვუხსნი, რაც ჩვენ თვეების მანძილზე გვიფიქრია, ძნელია, სხვამ ერთ შეხვედრაზე სრულად გააცნობიეროს. დრო უნდა მივცეთ, რომ წამოგვეწიონ და შემდეგი შეხვედრები უფრო სრულყოფილი და შედეგიანი გამოვა.

მეთანხმებიან. ვთანხმდებით, რომ ათასობით ომით დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების საქმეები სრულიად ახალი კატეგორიის პრაქტიკაა, რომელსაც ხელი კერძო ადვოკატებმაც უნდა მოკიდონ. ამით სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში გეომეტრიულად გაიზრდება ამ საქმეთა რაოდენობა და ამან შეიძლება სახელმწიფოს მთელი სიგრძე-სიგანით დაანახვოს პრობლემის მასშტაბი და ცალკეული საქმეების თავიდან აცილების პოლიტიკიდან მათი ეტაპობრივი გადაწყვეტის გზა გამონახოს. ეს ის შემთხვევაა, როცა რაოდენობამ შეიძლება მართლა გამოიწვიოს კრიტიკული მასის შექმნა და ხარისხობრივი ცვლილება. საქმის მოგებას ჩვენს ენაზე ამას ვეძახით და ამ ნიშნით განვსხვავდებით ჩვეულებრივი ადვოკატებისგან - ისინი ერთი კონკრეტული ადამიანის საქმეს იგებენ, ჩვენ კი ერთეული საქმის მოგებით შეიძლება ათასების საკითხის გადაწყვეტას შევუწყოთ ხელი. ესეც სტრატეგიული სამართალწარმოება მარტივი სიტყვებით! და კიდევ ერთი: ჩვენ უფლებადამცველები ვართ, ისინი, ჩვენი კოლეგა ადვოკატები, ადამიანებს იცავენ, ჩვენ - მათს თავისუფლებებს. მოკლედ, ისევ გურულობა მჭირს, მაგრამ რა ვქნა.

23 აპრილი, პარასკევი
პარასკევიც მოსულა! კვირა თვალსა და ხელს შუა მიფრინავს. ჩემი დაკვირვებით, რაც დრო გადის, მით უფრო სწრაფად გადის. არ არის ეს ტავტოლოგია. ვინც იგივე ერთხელ მაინც იგრძნო, ის გამიგებს.

მთელი კვირის სამოქმედო გეგმას გადავხედე და ისევ გარღვევაა: ყველაფერი ვერ მოვასწარი, არადა, შაბათ-კვირას ვერ ვიმუშავებ. მარის დაბადების დღე აქვს, მარის და-ძმები თელავიდან ჩამოდიან და უნდა ვუმასპინძლოთ. ეს ჩვენი ოჯახური ტრადიციაა. 26 აპრილს არის მარის დაბადების დღე, მაგრამ ვინაიდან 26 აპრილი ორშაბათია, დიდი ხნის წინ შევთანხმდით მე და მარი, რომ შაბათს დავპატიჟებთ მის და-ძმებს თელავიდან, რომ ბავშვები უფრო მეტ ხანს იყვნენ ერთად. მარი 16 წლის ხდება. ორი უფროსი და ერთიც უმცროსი ძმა ჰყავს. ისინი ყოველთვის მოდიან მარის დაბადების დღეზე და მარიც მიდის მათთან. მგონი, უკვე საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ მარი 11 წლის წინ ვიშვილე და მისი სამი და-ძმა უკვე სამ სხვადასხვა ოჯახში იყო გაშვილებული.

პაპისა და ბებოს პირობა, რომ ბავშვებს ერთმანეთი არ უნდა დაეკარგათ, და ბებო-პაპას უნდა ენახათ შვილიშვილები, ყველა ოჯახში წმიდათაწმიდა პირობაა და განუხრელად სრულდება. ბებო ჩამოვა. პაპა აღარ არის ცოცხალი. ბავშვები ისე გაიზარდნენ, რომ უკვე მარტო ჩამოდიან. მოკლედ, დროის გასვლასთან დაკავშირებულ ჩემს დაკვირვებას კიდევ ერთი უნდა მივამატო: დრო რომ გადის, ყველაზე უკეთესია, ეს საკუთარი შვილის ზრდაზე დაინახო.

ჩვენ კიდევ ერთი უცნაური ოჯახური ტრადიცია გვაქვს და მასაც განუხრელად ვიცავთ: მარის დაბადების დღეს მეორედაც აღვნიშნავთ - 29 ივლისს, როდესაც მე ის ვიშვილე. ამ დღეს, როგორც წესი, გურიაში ვართ და გარეშე სტუმრები არ გვყავს, მაგრამ რაკი ბავშვები უკვე გაიზარდნენ, შეუძლიათ გურიაშიც გვესტუმრონ. დაპირებული ვარ მარის უფროს ძმას, გიორგის, რადგან მას ძალიან უყვარს შინაური ცხოველები და სასოფლო-სამეურნეო საქმე, აუცილებლად უნდა წავიყვანო ამ ზაფხულს ჩვენთან.

პარასკევმა ისე ჩაიარა, ვერავითარი საყიდლების გაკეთება ვერ მოვასწარი. ისევ შაბათის იმედზე ვარ და კიდევ იმის, რომ ტოროლა ვარ და ადრიანად გავიღვიძებ.

24 აპრილი, შაბათი
მთელი დღე სტუმრების მიღებისათვის ვზრუნავთ მე და ჩემი შვილი, ვყიდულობთ, ვაკეთებთ. ისინიც გამოჩნდნენ ნაშუადღევს. დიდი სიხარული და ჟრიამულია ჩემს სახლში. ჩემი ფიქრით, კარგ ქართულ ოჯახში იმდენი ბავშვი მუდამ უნდა იყოს, ახლა რომ არის: მარი და მისი სამი და-ძმა და ჩემი ორი ძმისშვილი, სულ - ექვსი. დღეს მთელი დღე მათთვის არის გადადებული.
XS
SM
MD
LG