Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FBI-ის დირექტორი თბილისს სტუმრობდა


რობერტ მიულერი
რობერტ მიულერი
თბილისს ერთდღიანი ვიზიტით სტუმრობდა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი რობერტ მიულერი. 7 მაისს იგი შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს. მედიისთვის დახურული ვიზიტის დასრულების შემდეგ, სამინისტროების პრესსამსახურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბიუროს უფროსმა შეხვედრებზე ამერიკა-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ: „აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი რობერტ ს. მიულერი შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილსა და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს. შეხვედრებისას მხარეებმა განიხილეს აშშ-ისა და საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლობის საკითხები. ამერიკელ და ქართველ სამართალდამცველთა თანამშრომლობა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საერთაშორისო კრიმინალსა და ტერორიზმთან საერთო ბრძოლაში. დირექტორმა მიულერმა ხაზი გაუსვა გამოძიების ფედერალური ბიუროსა და საქართველოს სამართალდამცველი სტრუქტურების მტკიცე პარტნიორობასა და წარმატებული თანამშრომლობის ისტორიას. დირექტორმა მიულერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს მჭიდრო ერთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.“

ვრცელი განმარტებისაგან თავი შეიკავეს სამინისტროების წარმომადგენლებმაც. მედიისათვის ზოგადი და მშრალი განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა, რომლის თქმით, რობერტ მიულერის საუბარი საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან შეეხო ,"რმხრივი თანამშრომლობის საკითხებს" და "ვიზიტმა ნაყოფიერად ჩაიარა".

სხვა ოფიციალური განცხადება საქართველოში რობერტ მიულერის სტუმრობასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა კი რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის სტუმრობა იმის მანიშნებელია, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია საერთაშორისო კრიმინალთან ბრძოლაში. "ჩემი აზრით", - აღნიშნა დარჩიაშვილმა, - "ბიუროს ხელმძღვანელობას აინტერესებს საქართველოს პრაქტიკული წვლილი დამნაშავეობის ამა თუ იმ ფორმასთან ბრძოლაში. ეს პრაქტიკული წვლილი არსებობს. ის შესამჩნევია და შესამჩნევია ვაშინგტონიდანაც. ეს წარმატება არის როგორც ეროვნული მასშტაბით, ასევე რეგიონული მასშტაბითაც მნიშვნელოვანი. ესეც იწვევს შეერთებული შტატების ინტერესს, რომელსაც ზოგადად რეგიონში მიმდინარე პროცესები აინტერესებს, როგორც საკუთარი ეროვნული ინტერესი."

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ საქართველოში წარმომადგენლობა 2005 წელს გახსნა. მანამდე სამხრეთ კავკასიის რეგიონს თურქეთისა და უკრაინის ოფისები ფარავდნენ. საქართველოში ბიუროს ოფისის გახსნის მიზეზი წარმომადგენლობის მაშინდელმა იურიდიულმა ატაშემ ბრაიან პაარმენტმა ასე ახსნა: "საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დემოკრატიის აკვანი და ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირეა ტერორიზმთან გლობალურ ომში. საქართველოს ასევე აქვს გეოგრაფიულად სტრატეგიული მნიშვნელობა, განსაკუთრებით ტრანსნაციონალური დანაშაულის ევრაზიულ ქსელთან ბრძოლის თვალსაზრისით."

ცხადია, გამოძიების ფედერალური ბიურო ოფისის გახსნამდეც თანამშრომლობდა საქართველოსთან, თუმცა, როგორც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ამბობს, თანამშრომლობას განსაკუთრებული დინამიკა შესძინა ქარტიამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც 2009 წლის იანვარში გაფორმდა: "ქარტიაში ერთ-ერთ სფეროდ გამოყოფილია სამართალდამცველთა თანამშრომლობა," - აღნიშნა იაკობაშვილმა. - საქართველო გეოგრაფიულად არის სატრანზიტო ქვეყანა ისეთ რეგიონში, სადაც ორგანიზებული დანაშაულის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა ამერიკაში დააპატიმრეს ყალბი დოლარები, რომელიც, აღმოჩნდა რომ, დაბეჭდილია ცხინვალში. შესაბამისად, სამართალდამცავთა შორის თანამშრომლობა ჩვეულებრივი მოვლენაა."

ამერიკისა და საქართველოს სამართალდამცველთა შორის თანამშრომლობა რომ ჩვეულებრივი მოვლენაა, ამ მოსაზრებას ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტებიც იზიარებენ, თუმცა ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ ჩვეულებრივ, რიგით მოვლენად ვერ ჩაითვლება გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსის სტუმრობა:

"არის რაღაც საკითხები, რომლებიც უნდა განიხილებოდეს მხოლოდ პირადი შეხვედრების დროს. მე არ გამოვრიცხავ, რომ საუბრის თემა იყო ბოლო დროს გავრცელებული სატელეფონო მოსმენები, ან თუნდაც იმავე მოდელირებულ ქრონიკასთან დაკავშირებული საკითხები. ასე რომ, ძალიან ბევრია ისეთი საკითხი, რომელიც პირისპირ უნდა განიხილებოდეს, მაქსიმალურად კონფიდენციალურ რეჟიმში. სამწუხაროდ, ასეთი საუბრების დროს განხილული საკითხები მხოლოდ ათწლეულების შემდეგ ხდება ცნობილი."

ბესიკ ალადაშვილის თქმით, ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა რობერტ მიულერის წინამორბედის, ლუის ფრის საქართველოში ვიზიტი, რომელიც 2000 წელს შედგა და რომლის ფარგლებშიც განხილული საკითხები წლების მერე გახმაურდა. თუმცა ბესიკ ალადაშვილი იმასაც ამბობს, რომ მიულერისა და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელთა შეხვედრის დროს განხილულ საკითხთა არსში გარკვევა იმ მოვლენების ანალიზის საფუძველზეც იქნება შესაძლებელი, რომლებიც გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის ვიზიტს მოჰყვება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG