Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯუმბერ ლომინაძე - ასტროფიზიკოსი


25 აპრილი, კვირა
დღეს ვიყავი კუს ტბაზე ჩემს შვილთაშვილებთან ერთად. გიორგი 10 წლისაა, მარიამი ექვსის, ქეთი - ორის. ბედნიერი ვარ, რომ მათ მოვესწარი, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი დიდი ბებია, ლია, ვერ მოესწრო ამ სიხარულს.

კინოსერიალებს როგორც წესი, ვერ ვუყურებ დროის უქონლობის გამო. თუმცა, ზოგჯერ ვახერხებ იმ სერიალების ნახვას, სადაც მეტად ლამაზი ქალბატონები თამაშობენ.

ძალიან მიყვარს ჯაზი და ქართული სიმღერები. რასაკვირველია, კლასიკური მუსიკაც. ჩემი საყვარელი კომპიზიტორია გლენ მილერი და მისი შეუდარებელი მუსიკა „მზიური ველის სერენადიდან“. ეს მუსიკა მიყვარს ომის დროიდან და ჩემს მობილურ ტელეფონზე, როდესაც მირეკავენ, „ჩატანუგა-ჩუჩუს“ ჰანგები ისმის.
თავისუფლების დღიურები - ჯუმბერ ლომინაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:10:32 0:00

პირადად შევხვდი და მოვუსმინე, ჩემი აზრით, ინტელექტუალურ კომპოზიტორსა და პიანისტს, დეივ ბრუბეკს. 1977 წელს, ამერიკაში სტუმრობისას, ბრუბეკსა და მის ორ შვილს პრინსტონის უნივერსიტეტში მოვუსმინე.

ასევე დაუვიწყარია ჩემთვის 1990 წელი იაპონიაში, ქალაქ ნაგოიაში. ორი ლეგენდა ერთად - ელა ფიცჯერალდი და კაუნტ ბეისი - ხელოვნების ზეიმი! და ბოლოს, იმავე წელს, ვაშინგტონის „კარნეგი ჰოლში“, „მოდერნ ჯაზ ქუორტეტის“ კონცერტი. როდესაც ვმუშაობ, ხშირად ვუსმენ მათს ნაწარმოებებს.

ამ ცოტა ხნის წინათ შესანიშნავმა პიანისტმა ნანა ავალიშვილმა მაჩუქა თავისი ბოლო ჩანაწერი „მოგონებები“ – „Reminiscences“, რომელსაც ძალიან ხშირად ვუსმენ.

ძალიან მიყვარს ნატო გელაშვილის შემოქმედება.

26 აპრილი, ორშაბათი
გვიან ღამით ვესაუბრე ჩემს უმცროს მეგობარს გია დვალს, რომელიც ჟენევაშია. გიას შრომებმა დამატებითი განზომილების და კოსმოლოგიის დარგში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. იგი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორია და ამჟამად მიუნხენში, მაქს პლანკის ინსტიტუტში მუშაობს. შარშან მან მიიღო ჰუმბოლდტის სახელობის ძალიან პრესტიჟული პრემია. გია მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორიც არის. ამავე დროს, გია მიწვეულია ჟენევაში, როგორც ექსპერტი - მეცნიერების ისტორიაში აგებული უდიდესი ამაჩქარებლის - „დიდი ადრონული კოლაიდერის“- გაშვებასთან დაკავშირებით.

მთელი მსოფლიო გაფაციცებით ადევნებს თვალყურს მის გაშვებას. საქმე ის არის, რომ ამ კოლაიდერის მუშაობის დროს, როდესაც თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავი ტყვიის ბირთვები დაეჯახებიან ერთმანეთს, იმიტირებული იქნება „დიდი აფეთქების“ (Big Bang-ის) სურათი. გამორიცხული არ არის მცირე ზომის შავი ხვრელების გაჩენაც. ეს მოვლენა მარტო ჩვეულებრივი ადამიანების კი არა, ზოგიერთი ფიზიკოსის შეშფოთებასაც იწვევს. მაგრამ ნურავის შეეშინდება! დარწმუნებული ვარ, გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდება.

გიას ვესაუბრე სხვადასხვა საკითხზე და თან ვთხოვე, 20 სექტემბრისათვის ჩამოვიდეს თბილისში, სადაც ჩატარდება მცირე სიმპოზიუმი, მიძღვნილი ჩემი დაბადების 80 წლისთავისადმი. დამპირდა, რომ ჩამოვა და სიმპოზიუმზე მოხსენებითაც გამოვა.

27 აპრილი, სამშაბათი
დილიდან ჩემი მემუარების გამოცემასთან დაკავშირებულ საქმეებზე ვიყავი.

საღამოს სასტუმრო „მარიოტში“ დავესწარი ცნობილი ქართველი დიპლომატის, აწ განსვენებული ლევან მიქელაძის ფონდის დაარსებას. სხდომის დაწყებამდე ვესაუბრე მის ქვრივს, ლალი ჩიკვაიძეს, რომელიც ვაშინგტონში ყოფნისას გავიცანი. ვუთხარი, რომ მისთვის მაქვს ძვირფასი კინომასალა, რომელიც ეხება ლევანის ყოფნას ვაშინგტონში, და ეს ამბავი გავახსენე:
2003 წელს მიწვეული ვიყავი მერილენდის უნივერსიტეტში ჩემი ახლო მეგობრისა და თანაკურსელის, გამოჩენილი მეცნიერის, აკადემიკოს როალდ საგდეევის 70 წლის იუბილეზე. სხდომას მრავალი გამოჩენილი მეცნიერი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ NASA-ს ყოფილი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატები...

როალდ საგდეევმა და მისმა მეუღლემ სიუზან აიზენჰაუერმა (ამერიკის გამოჩენილი პრეზიდენტის დუაიტ აიზენჰაუერის შვილიშვილმა) მრავალი მეგობარი და ცნობილი ხალხი დაპატიჟეს სამახსოვრო ბანკეტზე, რომელიც 5 იანვარს ჩატარდა. მე ვთხოვე ლევანს, დასწრებოდა ამ ბანკეტს, ვინაიდან თავის დროზე ლევანი როალდს გავაცანი და ის დაპატიჟებული იყო. ბანკეტის დაწყებამდე ვეუბნები ლევანს, კარგი იქნება და, ალბათ, აუცილებელიც, თუ სიტყვით გამოხვალ-მეთქი. ლევანმა აღელვებულმა მიპასუხა: „ბატონო ჯუმბერ, რას მიშვრებით? მე რა უნდა ვთქვა ფიზიკოსის შესახებ?“ მე ცოტა რამ მოვუყევი როალდზე და ლევანიც შედარებით დაწყნარდა. ცოტა ხნის შემდეგ იგი გამოვიდა და შესანიშნავი სიტყვაც წარმოთქვა, რითაც დამსწრეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

28 აპრილი, ოთხშაბათი
დღე იმით დაიწყო, რომ წავედი მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებაში, რომელსაც ვხელმძღვანელობ. შემდეგ დავესწარი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომას.

ყოველდღე დროის გარკვეულ ნაწილს მოხსენების მომზადებას ვუთმობ. 6-10 სექტემბერს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი იტალიის კუნძულ სიცილიაზე ატარებს სიმპოზიუმს ასტროფიზიკაში. ამ სიმპოზიუმზე მოხსენებით გამოვლენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მიწვეული მეცნიერები, მათ შორის მეც.

29 აპრილი, ხუთშაბათი
ზუსტად ერთი კვირის წინ, 22 აპრილს, კულტურის სამინისტროში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მწერლისა და პოეტის ოთარ ჭილაძის წიგნის - „ლექსები და პოემები“ - პრეზენტაცია. წიგნი გამომცემლობა „პეგასმა“ გამოსცა. ამ ღონისძიებაზე მიწვეული ვიყავი და, რასაკვირველია, წავედი.

ოთარი და თამაზ ჭილაძეები ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან - ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც 30-იანი წლების ბოლოს ვხვდებოდით ერთმანეთს ბათუმში. მათი მამა, ბატონი ვანო, მამაჩემის უახლოესი მეგობარი იყო.

ოთარ ჭილაძე არის ქართული ლიტერატურის მშვენება და გამოჩენილი პიროვნება. იგი იყო არა მარტო პოეტი და მწერალი, არამედ დიდი მოაზროვნეც. ოთარს აქვს შესანიშნავი გამონათქვამები დროისა და მარადისობის თაობაზე. აი, მაგალითად: „ვიდრე არსებობს დრო, აუცილებლად მედროვეც იქნება, როგორც მეცნიერი ან მეთევზე... მთავარია, საზოგადოება იყოს მტკიცე და იოლად არ იცვლიდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებულ აზრს მარადიულ ცნებებზე... როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, ყოველთვის გვახსოვდეს - წინ მარადისობაა.“ არაჩვეულებრივია!

პრეზენტაციაზე გამოვედი და ვილაპარაკე იმაზე, როგორ გვაგონებს ჩვენი ოთარი გენიალური არგენტინელი მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის გამონათქვამს. როდესაც მას ოსვალდო ფერარი ეკითხება: „მარადისობა ჩვენი თანამედროვეა?“ ბორხესი უპასუხებს: „დიახ, იგი ჩვენი თანამედროვეა; და ამის გარდა, ის ასევე წარსული და მომავალია.“

მახსენდება ნობელის პრემიის ლაურეატის, იოსიფ ბროდსკის გენიალური რუსული თარგმანი ოთარის გამონათქვამიდან: „Что с того, если здесь мы не свидимся больше? Прощай! Все на свете случайно. Но это – не выход в беспечность, коль разлука навечно случайнее встреч невзначай. Лишь она мне дает ощутить натуральную вечность...“ ნატურალური მარადისობა - შესანიშნავი მეტაფორაა!

30 აპრილი, პარასკევი
დილით ხარკოვში დავრეკე, ოლეგ ლავრენტიევს ველაპარაკე - ჩემს თანაკურსელს. მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდით ერთად. ლეგენდარული პიროვნებაა! ოლეგი ფსკოვში დაიბადა, მხოლოდ შვიდი კლასის დამთავრება მოასწრო და 1944 წელს მოხალისედ წავიდა სამამულო ომში. ომის დამთავრების შემდეგ ჯარში სამსახური კუნძულ სახალინზე გააგრძელა. 1950 წელს მისწერა წერილი სტალინს, რომ მას აქვს იდეა წყალბადის ბომბის შექმნისა და გავარვარებული პლაზმის შეკავების თაობაზე. ვიდრე პასუხს მიიღებდა, დაწერა მეორე წერილი სკკპ ცენტრალურ კომიტეტში და საკმაოდ მალე პასუხიც მიიღო. წერილი იმდენად საინტერესო გამოდგა, რომ გადაეგზავნა ლავრენტი ბერიას, შემდგომ კი იგორ კურჩატოვსა და ანდრეი სახაროვს.

მოსკოვში ჩასვლისთანავე, ოლეგ ლავრენტიევსა და ანდრეი სახაროვს საუბრისათვის იბარებს ბერია. ოლეგი თავის მემუარებში იხსენებს: როდესაც ის და სახაროვი ბერიასთან შევიდნენ, ერთმანეთს არ იცნობდნენ; ერთმანეთს ისინი ბერიამ წარუდგინა. ოლეგი მოუთმენლად ელოდა, როდის ჰკითხავდა ბერია მის იდეებზე. მაგრამ მის გასაკვირად ბერიამ ჰკითხა: „კბილი ხომ არ გტკივათ? რატომ გაქვთ ლოყები გასიებული?“ ოლეგმა უპასუხა, გასიებული კი არა, ასეთი მსუქანი ლოყები მაქვსო.

ამის შემდეგ ოლეგ ლავრენტიევი მუშაობას იწყებს კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტში და იმყოფება დახურული სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ. ხვდება აკადემიკოს იგორ კურჩატოვს.

ვიდრე ოლეგი 1953 წელს უნივერსიტეტს დაამთავრებდა, სტალინი გარდაიცვალა, ხოლო ბერია დახვრიტეს. ამის შემდეგ ლავრენტიევის მიმართ ინტერესი შენელდა. ითვლებოდა, რომ ლავრენტიევი ბერიას პატრონაჟის ქვეშ მუშაობდა, მაგრამ კარგადაა ცნობილი, რომ იმავე ბერიას პატრონაჟით მუშაობდნენ აკადემიკოსები იგორ კურჩატოვი, იური ხარიტონი, იაკობ ზელდოვიჩი და მრავალი სხვა გამოჩენილი მეცნიერი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ოლეგმა მუშაობა დაიწყო ხარკოვის ცნობილ ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში.

1 მაისი, შაბათი
დღეს შაბათია და გვიან ავდექი.

დილიდან კვლავ ოლეგ ლავრენტიევზე ფიქრი გამომყვა. ფიქრში 1950 წელს დავბრუნდი, როდესაც მან წერილი მისწერა სტალინს. ამ დროს ქვეყნდება აკადემიკოს ანდრეი სახაროვისა და ნობელის პრემიის ლაურეატის იგორ ტამის ერთობლივი ნაშრომი გავარვარებული პლაზმის ელექტრომაგნიტური ველებით შეკავების თაობაზე (მაგნიტური თერმობირთვული რეაქტორი), რომელმაც მსოფლიო რეზონანსი გამოიწვია.

მოგვიანებით, 70-იან წლებში, ლავრენტიევმა გადაწყვიტა, თავის იდეა-აღმოჩენაზე აეღო პატენტი, რისთვისაც სახაროვს მიმართა. სახაროვმა მას ასეთი წერილი გამოუგზავნა: „ვადასტურებ, რომ 1950 წლის ივნისში თუ ივლისში მე სარეცენზიოდ მქონდა ლავრენტიევის შრომა. ამ შრომაში ავტორმა წამოაყენა წინადადება მართვადი თერმობირთვული რეაქციების გამოყენებისა სამრეწველო მიზნებით... ამ წინადადებამ, გაკეთებულმა ნებისმიერ სხვა პუბლიკაციაზე გაცილებით ადრე და სრულიად დამოუკიდებლად სხვა ავტორებისაგან, ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი ორიგინალური და გაბედული აზრით... ლავრენტიევის შრომის გაცნობამ მომცა ბიძგი, რომელმაც ხელი შეუწყო ჩემი და ტამის ერთობლივი ნაშრომის - მაღალტემპერატურული პლაზმის მაგნიტური თერმოიზოლაციის გამოქვეყნების დაჩქარებას.

24 ნოემბერი 1973 წელი. აკადემიკოსი ანდრეი სახაროვი. სამგზის სოციალისტური შრომის გმირი.“

აი, ამგვარად აღიარა ანდრეი სახაროვმა 23 წლის შემდეგ ოლეგ ლავრენტიევის დამსახურება.

ამის შემდეგ ხდება საოცარი რამ. ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში მუშაობისას, ოლეგმა სერიოზული სამეცნიერო შედეგები მიიღო. ამიტომ მან უკრაინის საატესტაციო კომისიას მიმართა განაცხადით, რომ ერთობლივ შრომათა საფუძველზე დაეცვა სადოქტორო ხარისხი, მაგრამ უარი უთხრეს.

2003 წლის ოქტომბერში მიწვეული ვიყავი ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაარსების 75 წლისთავზე. ამ სხდომას ესწრებოდა უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი პატონი. გამოსვლის დროს აღვნიშნე, რომ საქართველოს უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ გადაწყვიტა, ოლეგ ლავრენტიევისთვის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭებინა. ამ სიტყვებს დარბაზში მხურვალე ოვაციები მოჰყვა!

ბატონებო, მოითმინეთ, ამისთვის საჭიროა, რომ ოლეგ ლავრენტიევმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს-მეთქი, დავამატე. დარბაზში - ისევ ტაშის გრიალი და სიცილი. სხდომის შემდეგ ბანკეტზე მესაუბრა აკადემიკოსი პატონი და დაწვრილებით გამომკითხა ოლეგის ამბავი.

მგონია, რომ ამ ჩემმა ხუმრობამ ცოტა მაინც შეუწყო ხელი ჩემი თანაკურსელის, ოლეგ ლავრენტიევის შემდგომ წარმატებას. 2004 წლის 3 მარტს ოლეგი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას, შემდეგ მას მიენიჭა უკრაინის „მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის“ წოდება, მოგვიანებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მისი კანდიდატურა წარდგენილ იქნა უკრაინის ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის ვაკანსიაზე.

აი, ასეთია მოკლე ისტორია ჩემი თანაკურსელის ოლეგ ლავრენტიევისა.

საღამოს ისევ კუს ტბას მივაკითხე. ვისეირნე სუფთა ჰაერზე.

სახლში გვიან დავბრუნდი. მაინც არ მშორდება ოლეგზე ფიქრი. და, ალბათ, არც არასდროს მომშორდება - ძალიან საინტერესო ისტორიაა. უაღრესად საინტერესო!
XS
SM
MD
LG