Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ალიანსის” წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდში


ირაკლი ალასანია, ლიდერი ორგანიზაციისა ”ალიანსი საქართველოსთვის”, და თბილისის მერობის კანდიდატი ზუგდიდელ ამომრჩევლებთან
ირაკლი ალასანია, ლიდერი ორგანიზაციისა ”ალიანსი საქართველოსთვის”, და თბილისის მერობის კანდიდატი ზუგდიდელ ამომრჩევლებთან
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარეები და თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ზუგდიდელ ამომრჩევლებს დადიანის სასახლის ეზოში შეხვდნენ და საარჩევნო პროგრამა გააცნეს.

ირაკლი ალასანიამ ზუგდიდელებს უთხრა, რომ აუცილებელია არჩევნებში აქტიურობა, რათა ხელისუფლება ამ გზით შეიცვალოს.

”ძირეული ცვლილებებისთვის თქვენი აქტიურობაა საჭირო. ჩვენ შევცლით ”ნაციონალური მოძრაობის” 6-წლიან მმართველობას. სოფელი იქნება პრიორიტეტული, შევქმნით სამუშაო ადგილებს. ამიტომ მოგიწოდებთ, მოხვიდეთ 30 მაისს არჩევნებზე”, - მოუწოდა ირაკლი ალასანიამ ამომრჩევლებს.

”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სამეგრელო ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული და სწორედ ამიტომ, ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში სამეგრელოზე განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული.

”ხელისუფლება შიშობს, რომ არჩევნებს სამეგრელოში წააგებს, ამიტომ ამახვილებს ყურადღებას და აძლიერებს ძალოვან სტრუქტურებს სამეგრელოში. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს შიში დაიმსხვრევა”, - თქვა დავით გამყრელიძემ.

”თავისუფალი დემოკრატების” სიის პირველი ნომერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ალასანია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს როლს გააძლიერებს.

”არსებულ ვითარებაში არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რადგან ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს მიტაცებული ბიუჯეტი. ჩვენი პრიორიტეტი იქნება ყველა სოფელი და არა თითო-ოროლა. მოსახლეობა განსაზღვრავს თავის ბიუჯეტს თავის სასიკეთოდ”, - თქვა გიორგი ალასანიამ.

დადიანების სასახლის ეზოში შეკრებილ ამომრჩევლებს იმედი აქვთ, რომ 30 მაისის არჩევნები რეგიონში ძირეულ ცვლილებებს მოიტანს.

ცნობისთვის: ზუგდიდში, გარდა ”ალიანსი საქართველოსთვის” და ”ნაციონალური მოძრაობისა”, რომელმაც საარჩევნო კამპანია სამეგრელოდან დაიწყო და აქტიურად განაგრძობს, წინასაარჩევნო შეხვედრები სხვა პოლიტიკურ პარტიებს არ ჰქონიათ. ზუგდიდის 67 საოლქო საარჩევნო კომისიაში კი 8 პოლიტიკური სუბიექტია დარეგისტრირებული.
XS
SM
MD
LG