Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიატოვა თუ არა ამერიკამ საქართველო?


როგორ მუშაობს "გადატვირთვის" ღილაკი?
როგორ მუშაობს "გადატვირთვის" ღილაკი?
ეჭვმა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა საქართველოს ინტერესებს აღარ ითვალისწინებს, მას შემდეგ იჩინა თავი, რაც პრეზიდენტმა ობამამ რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზით დაბლოკილი დოკუმენტი ხელახლა წარუდგინა კონგრესს. საუბარია რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმებაზე, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის გამო რუსეთზე განრისხებულმა ჯორჯ ბუშმა გამოიწვია კონგრესიდან. ობამას მიერ გადადგმული საპირისპირო ნაბიჯი და ამ ნაბიჯის მისეული ახსნა ბევრმა სწორედ იმის აფიშირებად აღიქვა, რომ ამერიკამ საბოლოოდ უარი თქვა საქართველოს ინტერესებზე. მათ შორის არის რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც 18 მაისს ნიქსონის ცენტრში გამოვიდა სიტყვით.

როდესაც შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებდა, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა 18 მაისს, ნიქსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მაგალითიც მოიყვანა:

”გასულ კვირაში პრეზიდენტმა ობამამ კონგრესს ხელახლა წარუდგინა დასამტკიცებლად რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმება და განაცხადა: ”სიტუაცია საქართველოში დაბრკოლებას აღარ წარმოადგენსო”... და მერე ზოგს მაინც უკვირს, თუ რატომ თვლიან ქართველები, რომ ვაშინგტონი ყიდის მათ რუსეთზე ”ხელახალი დატვირთვის ღილაკის” ფასად.”

ჯონ მაკკეინის მიერ ნახსენები ”ხელახალი დატვირთვის ღილაკი”, ერთგვარი სიმბოლური ღილაკი, რომელიც ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს ურთიერთობის ხელახლა დაწყების სურვილით შესთავაზა, საკმაოდ ხშირად გამხდარა ეჭვების საფუძველი. ამ კონტექსტში არაერთხელ დასმულა შეკითხვები: რის ფასად დათბება ურთიერთობა ამერიკასა და რუსეთს შორის და ხომ არ შეეწირება ამ დამთბარ ურთიერთობას რომელიმე ქვეყნის - მაგალითად, საქართველოს - ინტერესები?

ამ ეჭვებზე პასუხის გაცემა არაერთხელ მოუხდა ვაშინგტონსაც, რომელიც გამუდმებით ირწმუნებოდა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ინტერესების ხარჯზე არ მოხდება და რომ მოსკოვთან უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ თემას სწორედ საქართველო წარმოადგენს. ამ კონტექსტში ასევე არაერთხელ შეუხსენებია ვაშინგტონს საქართველოს მიმართ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები კრემლისთვის.

თუმცა, ობამას მიერ 10 მაისს საქართველოსთან მიმართებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, განსხვავებული შთაბეჭდილება მხოლოდ ჯონ მაკკეინს არ დარჩენია. ბოლო დღეებში დასავლეთის მედიაში არაერთხელ გამოითქვა მსგავსი მოსაზრებები. მაგალითად, 15 მაისს გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ამბობს, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ „საქართველო არსებითად მიატოვა” და რუსეთს მწვანე შუქი აუნთო პროვოკაციული ქმედებების გასაგრძელებლად. მისთვის ისიც ნათელია, რომ პრეზიდენტ ობამას პოლიტიკა ”უფრო ინტერესებზეა აგებული, ვიდრე ღირებულებებზე.”

მიტოვებაზე ლაპარაკს ამ ეტაპზე გადაჭარბებულად მიიჩნევენ საქართველოში. მაგალითად, პოლიტოლოგი გია ნოდია ვარაუდობს, რომ ობამას განცხადებას შესაძლოა სულ სხვაგვარი აზრი ედოს საფუძვლად.

”შეიძლება იგულისხმება ის, რომ ამჟამად არ არის უშუალო საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა განაახლოს აგრესია საქართველოს მიმართ. ბუნებრივია, საქართველოში გულისხმობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც და ამ რეგიონებში დღეს საფრთხეს ამერიკა ვერ ხედავს... ალბათ, ეს იგულისხმება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გია ნოდიამ, რომელიც თავისთავად არცთუ სასიამოვნოდ მიიჩნევს საქართველოსთვის პრეზიდენტ ობამას განცხადების შინაარსს.

ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკამ საქართველო მიატოვა, არც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე იზიარებს. საკითხის ამგვარად ფორმულირებას გაზვიადებულად თვლის, თუმცა პრეზიდენტ ობამას 10 მაისის განცხადებაში პოლიტოლოგი მაინც ხედავს სახიფათო ტენდენციებს. ხიფათი, მისი ლოგიკით, ამერიკასაც ემუქრება იმ ილუზიების გამო, რომელთაც ის თავად იქმნის რუსეთთან ურთიერთობის განახლების პროცესში:

”... რაც სხვა არაფერია, თუ არა რუსეთისადმი დათმობები, მთელი სერია დათმობების... რასაც მოჰყვა ის, რომ არა თუ დანარჩენი მსოფლიო, ევროპაც აღარ ცნობს ამერიკას ლიდერად.”

სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ლიდერის ფუნქციას ამერიკა საკუთარი ნებით არ კარგავს, მაგრამ ამ ეტაპზე მას, ”უბრალოდ, სხვა გზა არ აქვს”, რადგანაც ჯორჯ ბუშისგან მიღებული ”მძიმე მემკვიდრეობის დასარეგულირებლად” პრეზიდენტმა ობამამ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ”ორიგინალური” გზა აირჩია. ამასთან, ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ მიიღებს კონკრეტულ შედეგებს მთელი რიგი მიმართულებებით, სადაც ერთ-ერთ წამყვან საკითხს ირანისთვის სანქციების დაწესების საკითხი წარმოადგენს. სხვა საკითხია, რამდენად სანდო პარტნიორია რუსეთი.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონი რუსეთთან რბილი (ზოგის აზრით - გულუბრყვილო) თანამშრომლობის პოლიტიკას გააგრძელებს მანამ, ვიდრე კრემლისგან მწარე გაკვეთილს არ მიიღებს. ამ მოსაზრების ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ ამერიკა დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ყოველთვის შეძლებს, მაგრამ რაც გვიან გააკეთებს ამას, მეტი სირთულის გადალახვა მოუწევს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG