Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების მედიაცენტრი დარღვევებს ახმაურებს


არჩევნების მედიაცენტრის ორგანიზატორები
არჩევნების მედიაცენტრის ორგანიზატორები
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, - ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, - წელს მესამედ, ერთობლივად დააკვირდება არჩევნების მიმდინარეობას. 20 მაისს მედიაცენტრის პრეზენტაციაზე უკვე იყო საუბარი არჩევნებთან დაკავშირებულ კონკრეტულ დარღვევებზე.

არჩევნების მედიაცენტრის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს ის ვიდეომასალა უჩვენეს, რომელიც 3 მაისს მესტიის გამგეობის შენობის წინ მომხდარ ფაქტს ასახავს. არასამთავრობო ორგანიზაციებს ეს მასალა შემთხვევის თვითმხილველმა გადასცა. ფირზე ჩანან გამგეობის შენობის წინ შეკრებილი შეიარაღებული პირები და სამართალდამცავი ორგანოების ავტომობილები.

დამატებით 3 მაისს მომხდარი ფაქტის შესახებ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი ვახტანგ კობალაძე გვიამბობს:

”სამეგრელო ზემოსვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, მესტიის პოლიციის უფროსი გიორგი შედანია, მისი მოადგილე ჯონი ბელქანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ანზორ მარგიანი, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კანდიდ კვიციანი და მესტიის გამგებელი გოჩა ჭელიძე იბარებდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და აიძულებდნენ უარი ეთქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე, ანუ კანდიდატურა მოეხსნათ.”

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის შეიქმნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ამ ფაქტის შემდეგ მხოლოდ შვებულებაში გასვლის რეკომენდაცია მისცა, რაც, მისი აზრით, საკმარისი არ არის. ამიტომ ხიდაშელი, მედიაცენტრის შემადგენლობაში შემავალი სამივე არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, პროკურატურას მიმართავს. აი, რას აბობს თამარ ხიდაშელი:

”ვინაიდან პროკურატურის წარმომადგენლებმა თავად არ გამოიჩინეს ინიციატივა და თავად არ დაიწყეს სამართლებრივი დევნა, ჩვენ, სამი ორგანიზაცია, - ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” , ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, - ვიჩენთ ინიციატივას და წერილობით მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურორს და მოვითხოვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.”

მედიაცენტრის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მესტიის გამგეობის შენობაში წინასწარ გამზადებულ განცხადებაზე, რომელიც კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნას შეიცავდა, ხელი იძულებით მოაწერეს პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლებისა“ და ბლოკ ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა.

”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ მესტიის ინციდენტი, უბრალოდ, გახმაურდა, თორემ რეგიონებში ოპოზიციაზე ზეწოლის სხვა უამრავი ფაქტი არსებობს:

”პრობლემები ხელისუფლების მხრიდან არა მხოლოდ უკვე დასახელებულ კანდიდატებს ექმნებათ, არამედ მათაც, ვისაც ჯერ არ ჰქონდა დასახელებული თავისი კანდიდატურა, მაგრამ აპირებდა. ისინი უცებ გადაიფიქრებდნენ ხოლმე და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ხელისუფლებას. მაგრამ ბრძოლა ბრძოლაა და, ყველაფრის მიუხედავად, განვაგრძობთ ამ პროცესში მონაწილეობას.”

სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი პარლამენტარი აკაკი მინაშვილი მესტიის ინციდენტთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს:

”ამ ფაქტის გახმაურებიდან მეორე დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ წარმომადგენლები გაგზავნა მესტიაში. ეს ადამიანები იყვნენ იქ და ინფორმაცია მიიღეს ყველა მხარისაგან და, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს.”

არჩევნების მედიაცენტრი საარჩევნო პროცესისა და დარღვევების შეფასებას არჩევნების დასრულებიდან მომდევნო 21 დღის განმავლობაშიც, ანუ 20 ივნისამდე, გააგრძელებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG