Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს არმიის როლი საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში


ახალი სამხედრო ფორმები, რისი დემონსტრირებაც ფართო საზოგადოებისთვის 26 მაისის აღლუმზე მოხდა, უკვე რამდენიმე თვეა ამშვენებთ ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს. საქართველოს იქ ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების, ISAF-ის, ეგიდით დაახლოებით 900 ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი და ამ მიზეზით არაერთი მადლობაც აქვს მიღებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში ჩართული კონტინგენტი საქართველოს არმიის საამაყო ნაწილად მოიხსენიება. რატომ გზავნის ოკუპირებული პატარა ქვეყანა დიდ სამხედრო კონტინგენტს ავღანეთის ომში და რას მოელის ის ამ პროცესისგან?

ნატოს პარტნიორი ქვეყნებიდან, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველოს ავღანეთში ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს გაგზავნილი. ვიდრე ამ პირველობას მოიპოვებდა, 1999 წლის შემდეგ, საქართველოს უკვე ჰქონდა კოსოვოსა და ერაყის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკმაოდ დიდი გამოცდილება. პირველად 50-მა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ 2004 წელს მიიღო მონაწილეობა ISAF-ის ოპერაციაში, სადაც მათი ამოცანა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. მომდევნო ნაკადი, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული წარმოადგენდა, ავღანეთში 2009 წლის 16 ნოემბერს გაემგზავრა. 172 სამხედროსგან შემდგარი ეს ნაკადი მისიას ქაბულში, ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში, ასრულებს.

მესამე და ყველაზე დიდი კონტინგენტი კი ავღანეთისკენ აპრილში გაემართა. მესამე ქვეითი ბრიგადის 736-კაციანი 31-ე ბატალიონი ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობს და ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაშია განთავსებული. საბრძოლო დროშის მიღებამდე ბატალიონმა ინტენსიური მომზადების ექვსთვიანი კურსი გაიარა, შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით. ბატალიონი მომზადებულია დაცვის, ჩხრეკის, წმენდის, ესკორტის უსაფრთხოებისა და ასევე დაშავებულთა ევაკუაციის ოპერაციებისთვის.

”საზღვაო ქვეითებზე, რომლებიც გწვრთნიდნენ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა თავდადებამ, ენთუზიაზმმა და პროფესიონალიზმმა...”, უთხრა ქართველ სამხედროებს 7 აპრილს გაცილების საზეიმო ცერემონიაზე
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითი ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა რიჩარდ ნატონსკიმ.

რატომ გადაწყვიტა პატარა საქართველომ ასეთი დიდი ნაბიჯის გადადგმა? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე 3 არგუმენტს იშველიებს:

”საქართველოს, პირველ ყოვლისა, სჭირდება ბრძოლისუნარიანი, ნამდვილი, სერიოზული ჯარი, რომელიც შეძლებს საქართველოს ინტერესების დაცვას; მეორე - ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა იმისათვის, რომ საქართველომ თავისი პოზიციები განიმტკიცოს და საქართველო გახდეს ერთიანი, ყოველგვარი საოკუპაციო ჯარებისგან თავისუფალი და საქართველო გახდეს ნატოს წევრი... მესამე ჩვენი უმნიშვნელოვანესი ინტერესი არის ის, რომ მსოფლიოში ტერორიზმს არ ჰქონდეს გასაქანი...”

მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში ქართველი სამხედროები დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასაც რომ მიიღებენ, ამ არგუმენტს სამხედრო სფეროს არაერთი ექსპერტი იზიარებს. ასევე ბევრისთვის მისაღებია ნატოს წესდების მე-10 მუხლთან, ანუ ალიანსის გაფართოების პერსპექტივებთან, დაკავშირებული არგუმენტი. თუმცა ამ დაახლოებას არაერთი წახნაგი აქვს და ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას ალიანსის სტანდარტების დაკმაყოფილება წარმოადგენს.

საერთაშორისო და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ანტიტერორისტულ ომში დიდი წვლილის შეტანით საქართველოს მხრიდან ხდება გარკვეული კომპენსირება იმისა, რომ ქვეყანა რიგი მიმართულებებით არ აკმაყოფილებს ალიანსის სტანდარტებს:

”... იგივე ეს ეხება იმას, რომ საქართველო, ”ფრიდომ ჰაუსის” მონაცემების მიხედვით, განიხილება როგორც ნახევრად თავისუფალი ქვეყანა... არის პრობლემა ქვეყნის დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით... არის სხვა სახის პრობლემები, რომლებიც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...”

ცხადია, რომ ქვეყანამ, რომელიც ნატოსკენ ისწრაფის, თავადაც უნდა შეიტანოს წვლილი საერთო უსაფრთხოების კუთხით. მაგრამ ისიც გასაგებია, რომ შეტანილი წვლილი არ განსაზღვრავს ალიანსში მისი გაწევრიანების პროცესის სისწრაფეს. მაგალითად, ბოსნიას, რომელსაც ავღანეთში სულ 10 სამხედრო ჰყავს გაგზავნილი, უკვე შესთავაზეს მაპი (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა), საქართველოს კი, თავისი მასშტაბური წვლილით, ასე ვთქვათ, ჯერ ისევ შორიდან ეპატიჟებიან თეორიულად ღია კარში. ბევრი ანალიტიკოსი ამ მხრივ მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად რუსეთის ფაქტორს ასახელებს; თუმცა თავად ნატო ამ ფაქტორს არ აღიარებს და საქართველოს კვლავაც მეტი დემოკრატიული განვითარების აუცილებლობისკენ მიუთითებს. ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობა ჯერჯერობით ისევ ყოველწლიური სამოქმედო გეგმისა და ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის ჭრილში განიხილება და არავინ იცის, როდის წაიწევს წინ. თუმცა ანალიტიკოსების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ წვლილი, რომელიც საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში შეაქვს, ქვეყნის სამომავლო ინტერესებისთვის გარდაუვალი წვლილია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG