Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2009 წლის ვითარება 2008 წლის ომისა და გაზაფხულ-ზაფხულის ფონზე


”ემნისტი ინტერნეიშენალის” ანგარიში ოფიციალურ ვებგვერდზე
”ემნისტი ინტერნეიშენალის” ანგარიში ოფიციალურ ვებგვერდზე
”ემნისტი ინტერნეიშენალის” 2010 წლის ანგარიშში საქართველოს გვერდნახევარი ეთმობა. ტექსტში ასახულია 2009 წლის ვითარება ქვეყანაში და ის 2008 წლის ომის შედეგებისა და გასული წლის გაზაფხულ-ზაფხულის აქციების ფონზე განიხილება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი არც ერთი დანაშაული სრულად არ გამოძიებულა. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის მეთვალყურეებს კვლავაც არ ეძლევათ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება და რომ ვრცელდება ინფორმაცია ამ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების შესახებ.

იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ ანგარიშში წერია, რომ მათი უმრავლესობა უზრუნველყოფილია საცხოვრებლით, თუმცა, შეშფოთების საგნად რჩება მათი სოციალური და ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფა.

ცალკეა გამოყოფილი ქალთა უფლებების დაცვა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფრების შექმნის საკითხი.

”ემნისტი ინტერნეიშენალის” ანგარიშში შეფასებულია შეკრების თავისუფლების საკითხი საქართველოში და რომ არ არის გამოძიებული გაზაფხულ-ზაფხულის აქციების დროს ძალადობის შემთხვევებში დამნაშავე პირთა ვინაობა ისევე, როგორც არ არის გამოძიებული 6 მაისსა და 15 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების საკითხი. ანგარიშში ნათქვამია აქციების დროს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზეც.

“ემნისტი ინტერნეიშენალის” წლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სულ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა. მასში ასახულია ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები 159 ქვეყანაში.

“ემნისტი ინტერნეიშენალის” თანახმად, დიდი ძალაუფლების მქონე მთავრობები აფერხებენ საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელებას და თავიანთ თავს აყენებენ ადამიანის უფლებათა შესახებ კანონმდებლობაზე მაღლა, იცავენ თავიანთ მოკავშირეებს კრიტიკისგან და მოქმედებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკურად მისაღებია.

“რეპრესიები და უსამართლობა ყვავის გლობალურად მართლმსაჯულების უფსკრულში, რითაც მილიონობით ადამიანი ძალადობისთვის, რეპრესიებისა და სიღარიბისთვის არის განწირული” - აცხადებს კლაუდიო კორდონე, ემნისტი ინტერნეიშენალის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი. მისივე თქმით, “მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არავინ დადგეს კანონზე მაღლა და მართლმსაჯულება ყველასთვის მისაწვდომი იყოს, ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში. ვიდრე მთავრობები არ შეწყვეტენ მართლმსაჯულების პოლიტიკური ინტერესებისთვის დაქვემდებარებას, შიშისგან და გასაჭირისგან თავისუფლება ილუზიად დარჩება კაცობრიობის უდიდესი ნაწილისთვის”.

ანგარიშში არაერთ პრობლემაზეა საუბარი. მაგალითად, აღიშნულია, რომ დამოუკიდებელი აზრის გავრცელება და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა შეიზღუდა ევროპისა და შუა აზიის ნაწილში. უსამართლოდ იზღუდებოდა გამოხატვის თავისუფლება რუსეთში, თურქეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯანშჲ, ბელარუსსა და უზბეკეთში.

კლაუდიო კორდონე აგრეთვე აცხადებს: ”დიდი ძალაუფლების მქონე მთავრობები ხშირად ლაპარაკობენ ადამიანის უფლებების დაცვისა და დაუსჯელობის აღმოფხვრის მნიშვნელობაზე. ამ რიტორიკის მიუხედავად, როდესაც გადამწყვეტი მომენტი დგება, ისინი რეალობაში ორმაგ სტანდარტებს მიმართავენ”.
XS
SM
MD
LG