Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგზიტ პოლების მეთოდოლოგია


"ედისო რისერჩის" ოფიციალური ვებსაიტი
"ედისო რისერჩის" ოფიციალური ვებსაიტი
საბოლოო შედეგები ეგზიტ პოლების ჩამტარებელმა დასავლურმა კომპანიებმა რვა საათისთვის გამოაქვეყნეს. ასევე გამოქვეყნდა პირველადი მონაცემების ნაწილი ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ. საბოლოო დასკვნებამდე ხმათა დათვლის სრული პროცედურა უნდა დასრულდეს.

საღამოს რვა საათზე ათამდე ჟურნალისტის თანდასწრებით ”ედისონ რესერჩის” ხელმძღვანელმა ჯო ლენსკიმ დამონტაჟებული კამერების წინ მოსახლეობას პირდაპირ ეთერში ეგზიტ პოლების შედეგები წარუდგინა. იმ დროისთვის კომპანიას გამოკითხული 10 000 ადამიანის 2 მესამედი ჰქონდა დათვლილი. 61 პროცენტი _ უგულავას. ეს ის, რაც პირდაპირ ეთერში მოხვდა. ამის შემდეგ პირდაპირი ეთერი გაითიშა, თუმცა ლენსკიმ მეთოდოლოგიაზე საუბარი განაგრძო. როგორც გაირკვა, ”ედისონ რისერჩის” ინტერვიუერებს 9 კითხვიანი კითხვარებით 20000-მდე თბილისელისთვის მიუმართავთ. აქედან 49 პროცენტს ანკეტის შევსებაზე უარი განუცხადებია. ჩვენ პრესკონფერენციის დასრულებისთანავე ბატონ ლენსკის კითხვით მივმართეთ, რამდენად შეეძლო რეალური სურათის შეცვლა იმ ფაქტს, რომ თითქმის ნახევარმა მონაწილეთაგან კითხვარის შევსებაზე უარი განაცხადა.

“მხოლოდ რამდენიმე პროცენტით. მე ვფიქრობ, ათი ათასი ადამიანი საკმაოდ ბევრია იმისთვის, რომ რეალური სურათის შექმნა შევძლოთ მათი, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში.”

ლენსკის კომპანიას ”ედისონ რისერჩს” მინდვრის სამუშაო თავად არ შეუსრულებია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამისთვის მან ერთ-ერთი ქართული სოციოლოგიური კომპანია დაიქირავა, თუმცა რომელი, არ სახელდება. ასეა თუ ისე, ”ედისონ რისერჩის” მონაცემები ტელესივრცეს მალევე მოედო და მას, რეაქციის სახით, უმრავლესობის ლიდერთა და პრეზიდენტის გამარჯვების აღნიშვნა პირდაპირ ეთერში მოჰყვა.

“მინდა მოგესალმოთ. დღეს, მართლაც, ლამაზი დღეა საქართველოში და საბოლოო შედეგი დღევანდელი არჩევნების, მინდა გამოვაცხადო, არის ის, რომ საბოლოოდ საქართველოში დემოკრატიამ გამარჯვება მოიპოვა.”

ოპოზიციის რეაქცია კი უმრავლეს შემთხვევაში უნდობლობა იყო. ირაკლი ალასანიამ მოსახლეობას ხმების უშუალო დათვლის შედეგების დაცდისკენ მოუწოდა:

“ეგზიტ პოლებს რაც შეეხება, ეს არ არის რეალური სურათი, რეალურ სურათს მოგვცემს მხოლოდ და მხოლოდ ხმების გადათვლა. ამიტომ ჩვენ არჩევნების შეფასებებს გავაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ.”

როგორც დღის განმავლობაში ვახსენეთ, ეგზიტ პოლების მეორე ნაწილი, პირველი არხის დაკვეთით, გერმანულმა კომპანია “ჯი ეფ კეი გრუპმა” ჩაატარა. მონაცემები უმრავლეს შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა. საინტერესოა, რომ დღის ბოლოსკენ ინტერნეტში გამოჩნდა ეგზიტ პოლების ალტერნატიული შედეგები, რომლებსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ორგანიზაცია “სამოქალაქო მონიტორინგი” აწარმოებს. Oორგანიზაციის გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, “ედისონ რისერჩზე” 4 ათასით მეტი ადამიანი გამოუკითხავს. ორგანიზაცია იურიდიული ძალის მქონე სუბიექტი არ არის, თუმცა როგორც მისმა ხელმძღვანელმა ედნარ გიორგობიანმა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ორგანიზაციას ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, აქტივისტების დახმარებით, საარჩევნო უბნებზე ადამიანები გამოუკითხავს და მარტივად პასუხები დაუჯამებია. ორგანიზაციის მონაცემებით, დასავლური გიგანტი სოციოლოგიური ჯგუფების დასკვნებისგან განსხვავებულია.

_ მეთოდოლოგიის მხრივ, თქვენ სოციოლოგი გყავდათ ვინმე?
_ ჩვენ, უბრალოდ, კონსულტაციები გავიარეთ. გამოკითხვა რეალურია და მივიღეთ ის პროცენტები, რაც გვაქვს. პრეტენზია იმაზე, რომ ეს საბოლოო ჭეშმარიტებაა, ბუნებრივია, არ გვაქვს.

იმის გამო, რომ დასავლეთში ყოფილა შემთხვევები, როცა ეგზიტ პოლებს შეცდომები დაუშვიათ, მაგალითად, ამერიკულ ტელეარხებზე არსებობს წესი, როცა ტელეკომპანიები თავს იკავებენ ეგზიტ პოლების ნედლი შედეგების გამოცხადებისგან, სანამ არ გახდება ცნობილი პირველადი მონაცემები რეალურად დათვლილი ხმების შესახებ. ამაზე ჩვენ დღის დასაწყისში რადიო თავისუფლების ამერიკელი კორესპონდენტი ბრაიან ვიტმორი გვესაუბრებოდა:

“მახსოვს ბევრჯერ, - განსაკუთრებით ბოლო არჩევნების დროს, - როცა, მაგალითად, წამყვანები „სიენენზე“ ამბობდნენ, ჩვენ გვაქვს ეგზიტ პოლების მონაცემები, თუმცა მათ არ გაგაცნობთ, სანამ არ ვნახავთ ხმათა დათვლის პირველად მონაცემებსო. მათ უნდათ ნახონ რეალური ხმის მიცემის მონაცემები, რათა თქვან, დაემთხვა თუ არა ისინი ეგზიტ პოლებს. ამის შემდეგ აცხადებენ ისინი რამდენად ზუსტია ეგზიტ პოლები.“

“ცესკოს” და პარალელური ხმათა დათვლის პირველადი მონაცემები გვიან ღამით გახდა ცნობილი. თუმცა საბოლოო დასკვნებამდე ხმების დათვლის სრული პროცედურა უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG