Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწყება სურსათის უვნებლობის კონტროლი


ზაფხულის დადგომის და ტემპერატურის მატების გამო ”სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური” სასურსათო პროდუქტების კვლევას იწყებს. მიმდინარე კვირიდან სამსახური შერჩევით ამოიღებს პროდუქციას სარეალიზაციო ქსელიდან და ლაბორატორიულ შემოწმებას ჩაუტარებს. ყურადღება განსაკუთრებით რძის მყარ და თხევად პროდუქტებზე გამახვილდება.

გასული წლის ივნისში ეტიკეტირების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. კანონის მიხედვით, რძის და მისი პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს დაევალათ ეტიკეტის ერთ მეოთხედზე მკაფიო, ადვილად გასარჩევი შრიფტით ეწეროს, პროდუქტი უშუალოდ რძისგაანაა დამზადებული თუ რძის ფხვნილისგან.

კანონის ექვსი თვის დაგვიანებით - მიმდინარე წლის იანვარში - ამოქმედდა. ”სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის” ინფორმაციით, იანვარში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიების მხოლოდ ნაწილმა შეასრულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა. მაშინ მწარმოებლებს ამ ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა დაუდეს, განმეორებით კვლევა სწორედ ამ ვადის გასვლის გამო გახდა საჭირო. თუმცა, რძის პროდუქტების გარდა, შემოწმდება მალფუჭებადი პროდუქტებიც: მათ შორის, ხორცი და ხორცის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული, საკონდიტრო პროდუქტი, პური და ფუნთუშეული.

იმაზე, თუ რომელი სარეალიზაციო პუნქტებიდან ამოიღებენ საკვლევ პროდუქტს, ”სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის” წარმომადგენელი ვერიკო გულუა საუბრობს:

”კვლევა განხორციელდება მაღაზიებში, მარკეტებსა და სუპერმარკეტებში, ბაზრებსა და ბაზრობებზე, ანუ დახურულ სარეალიზაციო პუნქტებში და არა გარე ვაჭრობის დონეზე.”

ვერიკო გულუა აზუსტებს, რომ გარე ვაჭრობა თავისთავად სამართალდარღვევაა და ეს სამართალდამცავების კვლევის სფეროა. მისი განცხადებით, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ კანონი მათ მხოლოდ სარეალიზაციო პუნქტების ხარისხობრივ კონტროლს ავალდებულებს. სწორედ კანონის ეს ნაწილი არ მოსწონს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარეს მადონა კოიძეს:

”საქართველოში აქილევსის ქუსლი არის სწორედ გარე ვაჭრობა და ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ არ ხდება მისი კონტროლი, რადგან იქ სწორედ მეტად დაბინძურებული პროდუქცია იყიდება და სიცოცხლისთვის რისკის შემცველია.”

კიდევ ერთი საკითხი, რაც მომხმარებელთა უფლებების დამცველებს აღელვებთ, არის მაკონტროლებელი ორგანოს შემცირებული ბიუჯეტი. მათი განცხადებით, შარშან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კვების პროდუქტების კონტროლისათვის 600 ათასი ლარი გამოყო, წელს კი ეს თანხა 200 ათასამდე შემცირდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ”კავშირი - 21-ე საუკუნის” მომხმარებელთა უფლებების დაცვის კოორდინატორი შალვა მელქაძე მიიჩნევს, რომ ასეთი მცირე თანხა ბაზრის სრულყოფილი კვლევის შესაძლებლობას გამორიცხავს:

”დაუკვირდით. გამოდის, რომ შარშანდელთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებ პროდუქციას შეიძენენ და სამჯერ ნაკლებ პროდუქციას შეამოწმებენ. და ეს საკმარისი ნამდვილად არ არის.”

თანხის შემცირება მომხმარებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს შარშანდელი კვლევის შედეგების გამოც აშფოთებს. მისი განცხადებით, თუ შარშან გამოკვლეული საკვები პროდუქტიდან ყოველი მე-6 უვარგისი იყო, წელს სიტუაცია უკეთესობისკენ რადიკალურად ვერ შეიცვლებოდა.

ამის პასუხად ვერიკო გულუა შემდეგ მიზეზს ასახელებს:

”შარშან ჩვენი კვლევის საგანი იყო ღვინო და ალკოჰოლური სასმელები. წელს ბაზარზე ღვინის ფალსიფიკაციის შემთხვევა თითქმის არ შეინიშნება. ამიტომ სხვა სახის პროდუქტზე იქნება ჩვენი ყურადღება გადატანილი - იმაზე, რის შემადგენლობასაც მოსახლეობა თავად ვერ გააკონტროლებს და მისთვის საშიშია.”

სასურსათო პროდუქტების კონტროლს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ლაბორატორიები აწარმოებენ. მათი შერჩევა კი ტენდერის გზით ხდება. მომხმარებელთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ თითოეული მათგანი საკმაოდ კარგადა აღჭურვილი და, დაკვეთის შემთხვევაში, სარწმუნო დასკვნას მივიღებთ. კვლევის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე კი პროდუქციის მწარმოებლები აგებენ პასუხს. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას ლაბორატორია არ დაადასტურებს, დამრღვევებს 1000-იდან 5000 ლარამდე ჯარიმა ემუქრებათ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG