Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევრო დაეცა, ესპანეთი კრიზისის პირასაა, ესტონეთს კი ევროზონაში სურს


ესტონური ევროს ნიმუში
ესტონური ევროს ნიმუში
ევროს ზონის ქვეყნებში კრიზისი არ დასრულებულა. საბერძნეთის შემდეგ, ეკონომიკურად შედარებით სუსტ ესპანეთს დაემუქრა საფრთხე, რომ საფინანსო კრიზისი დაუდგება. მთავრობა ხარჯების შემცირებას შეუდგა, უკმაყოფილო მასები კი გაფიცვებს იწყებენ. ამის ფონზე, ევროზონისკენ სვლა დაიწყო ესტონეთმა, რომელსაც ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა თანხმობა უთხრეს, მიიღონ „საფინანსო კლუბში“.

ევროს კურსი, დოლართან შედარებით, სარეკორდოდ დაბალია. ამ დროს ესპანეთში მთავრობამ გადაწყვიტა ხუთი პროცენტით შეამციროს ხარჯები, ანუ თითოეული მოქალაქე შეიგრძნობს თავის ჯიბეზე, რომ კრიზისია. სამშაბათს ესპანეთის საჯარო სექტორის წარმომადგენლები, მოხელეები - სულ სამი მილიონი ადამიანი გაიფიცა. მათი რეაქცია მთავრობის მიერ ბიუჯეტის 65 მილიარდი ევროთი შემცირებას მოჰყვა. გაიფიცა - ექიმიდან დაწყებული, მეეზოვემდე - ყველა. ანტონიო ქუჩაშია გასული და მიაჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს:

„დღეს აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ აქციას. ლაპარაკობენ მოხელეთათვის ხელფასის შემცირებაზე. ეს არ უნდა დავუშვათ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც კრიზისი გამოიწვიეს მათ, ვისაც სხვები უხდიან.“

ესპანეთის საბიუჯეტო დეფიციტი 11 პროცენტს გასცდა. ამ მხრივ, ეს ქვეყანა დაეწია საბერძნეთს, რომლის გადახდისუუნარობის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დახმარების თანხა გამოყვეს. მადრიდში უკმაყოფილო ხალხის რიგებშია სუსანაც, რომელიც ფიქრობს, რომ მოხელეთა სამსახური სხვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია:

„გვატყუებენ, ხელფასს გვართმევენ. არ შეიძლება ჩვენი სამსახური უფრო ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნიონ. საჯარო სამსახური აუცილებელია, მისი მეშვეობითაა კეთილდღეობა ჩვენს საზოგადოებაში. ახლა მდგომარეობა უარესდება.“

ევროს ზონის ფინანსთა მინისტრები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ გაამყარონ ევროს ზონის წევრი ქვეყნების ბიუჯეტები, რათა თავიდან იქნეს აცილებული საბერძნეთის მსგავსი ვითარება. ევროპის კავშირის პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ, თქვა, რომ წევრი ქვეყნები უნდა შეთანხმდნენ თავიანთი სამომავლო ბიუჯეტების გარშემო. რეალობა უნდა გადავსინჯოთო, უთხრა მან მინისტრებს ლუქსემბურგში. საქმე ისაა, რომ არა ბიუჯეტები შემოწმდება დეტალურად, არამედ შემოსავალ-გასავალი, ზრდის ტემპები. ამისკენ ფინანსთა მინისტრებს საბერძნეთის მწარე გაკვეთილი უბიძგებს. ათენი დიდხანს აწოდებდა ბრიუსელს თავისი საფინანსო მდგომარეობის შესახებ არასწორ ცნობებს, რათა ევროს ზონაში შეეღწია. ბოლოს, გაირკვა, რომ ეს ქვეყანა უუნაროა ვალები გაისტუმროს. ევროკაშირი ახლა ყველაფრისთვის ემზადება და დადგინდა, რომ შეიქმნას 440 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდი. მას იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუკი რომელიმე სახელმწიფოს დახმარება დასჭირდა. ეს ფონდი ნაწილია ტრილიონდოლარიანი პაკეტისა, რომელიც ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შექმნეს ანალოგიური პრობლემების დასაძლევად. ევროკომისარმა საფინანსო საკითხებში ოლი რენმა განაცხადა, რომ ქვეყნებს, რომლებსაც დახმარების მიღების სურვილი ექნებათ, მოუწევთ მკაცრი პირობების შესრულება, პირველ რიგში კი, ევროკავშირის და სავალუტო ფონდის მიერ შეთავაზებული დაზოგვის პროგრამებისა. არაერთი ქვეყანა ევროკავშირში - ერთი შეხედვით, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები - პროფილაქტიკის მიზნით, ასევე მიმართავს, ალბათ, ნაწილობრივ მაინც, ხარჯების შემცირებას. ბრიტანეთის ახალმა კონსერვატორმა პრემიერმა, დევიდ კამერონმა, თავის ხალხს მტკივნეული ზომების შესახებ ამცნო. აქაც სოციალურ და საჯარო სექტორებშია დაგეგმილი ეკონომია. მხოლოდ სოციალურ და დახმარებისა და პენსიების ფონდებში 20 პროცენტიან შემცირებას გეგმავენ კვლავ ხელისუფლებაში მოსული კონსერვატორები. მართალია, სოციალისტურია ესპანეთის მთავრობა, მაგრამ იქ, მოხელეების გარდა, დახმარებას უმცირებენ ახლად შექმნილ ოჯახებს, რითაც ეს მთავრობა თავისი სოციალური პოლიტიკის სანიმუშო ნაწილზე ამბობს უარს.

საფრანგეთში სოციალურ სფეროში ათპროცენტიანი შემცირებაა დაგეგმილი, 8-ზე მეტპროცენტიანი დეფიციტის დაძლევას კონსერვატიული მთავრობა საგადასახადო სფეროში ნიშების მოძიებით ცდილობს. იტალიის მთავრობა ამავე გზაზეა, თუმცა იქ დეფიციტი ხუთ პროცენტს აღემატება. რომს პრობლემად აქვს სახელმწიფო ვალი, რომელიც სამრეწველო სიმძლავრის 116 პროცენტია. იტალია ახლა ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე შეეცდება ეკონომიის პროგრამის შემუშავებას. ამ სახელმწიფოების ფონზე, მცირეა ესტონეთის მონაცემები. ტალინს გადაწყვეტილი აქვს ევროს ზონას შეუერთდეს. ამაზე მან პრაქტიკულად თანხმობა მიიღო და ახლა ოფიციალური ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა ევროპის ეს ერთ-ერთი უმცირესი სახელმწიფო, თავისი მოცულობით პატარა, მაგრამ ეკონომიკით წარმატებული, ევროს მქონე ქვეყნების რიგებში ჩადგეს. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა, რატომ სურს ახლა ტალინს ამ ნაბიჯის გადადგმა, ევროს კურსის ვარდნისა და საერთო კრიზისის პირობებში. ესტონეთის ფინანსთა მინისტრმა იურგენ ლიგიმ ლუქსემბურგში თქვა, პრობლემები ასეც გვაქვს და ისეც, ვართ ევროზონის წევრი თუ არაო. ამდენად, უკეთესი იქნება, იმ სარგებლით მაინც ვნახოთ ხეირი, რაც ევროს ახლავს, თუმცა რისკი მუდამ არსებობსო.
XS
SM
MD
LG