Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონელები და რუსები: ურთიერთსიმპათია და ურთიერთუნდობლობა


პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი (მარცხნივ) და რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი (მარცხნივ) და რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი
წელს აპრილში, რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან მომხდარმა ავიაკატასტროფამ, რომელმაც პოლონეთის ასამდე პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ლიდერის, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტის სიცოცხლე შეიწირა, ისევ გახადა განხილვის საგანი პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობა - რთული ურთიერთობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე არაერთი ომის, აჯანყების, განსხვავებული პოლიტიკური ინტერესებისა თუ მისწრაფებების შედეგად ერთმანეთისადმი უნდობლობით ხასიათდება. თემა რომ აქტუალური რჩება, დადასტურდა პრაღაში - ჩეხეთის დედაქალაქში, წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით, პოლონელი მწერლების სტუმრობის დროსაც. ყურადღების ცენტრში სწორედ პოლონური ლიტერატურა იდგა, თუმცა დისკუსიების დროს ხშირად ჟღერდა რუსეთთან ურთიერთობის თემაც.

„არასოდეს ენდოთ რუსეთის ხელისუფლებას, მაგრამ ყოველთვის ენდეთ რუსებსო“ - ეს სიტყვები ერთ-ერთ პოლონელ მეგობართან საუბარში აქვს ნათქვამი საბჭოთა პერიოდის ცნობილ რუს დისიდენტს, ანდრეი სახაროვს. და მოსაზრება, რომ რუსები - ასე ზოგადად, ცოტა ბანალურად თუ ვიტყვით - კაი ხალხია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ უვარგა, მართლაც პოპულარულია პოლონეთში. არა სახაროვის გამო, რომელზეც, ბევრს ალბათ არაფერი სმენია...

„ერთი მხრივ, ძალიან თბილი დამოკიდებულება რუსებისადმი - მოსკოველი მეგობრებისადმი, როგორც მიცკევიჩი ამბობს, ანუ რაღაცნაირად, ახლო კონტაქტი ხალხთან და, მეორე მხრივ, საშინელი შიში და ანტიპატია სახელმწიფო სისტემის, რუსეთის სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ჩვენ პოლონელებს წარმოგვესახება, როგორც აზიური, რაღაცნაირად სახიფათო, საზარელი, თითქოს სხვა ცივილიზაციიდან“, - განმარტავს ოლგა ტოკარჩუკი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი, თანამედროვე პოლონელი ლიტერატორებიდან, რომელსაც პრაღაში სტუმრობისას ესაუბრა ჩვენი კორესპონდენტი, ანა ზამეიცი.

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისადმი პოლონელების უნდობლობას, თუ ტოკარჩუკის სიტყვებს მოვიშველიებთ, ანტიპატიას, ბევრი ისტორიული მიზეზი აქვს. ესენია, უწინარეს ყოვლისა, ცარისტული რუსეთის მონაწილეობა მე-18 საუკუნეში პოლონეთის გაყოფაში, რის შედეგადაც პოლონეთმა როგორც სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა; მერე იყო ჰიტლერთან სტალინის გარიგება, რის შედეგადაც 1939 წლის სექტემბერში, ორიოდე კვირაში მას შემდეგ, რაც ნაცისტები პოლონეთში შეიჭრნენ, საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ პოლონეთში განახორციელა ინტერვენცია; და უკვე ომის შემდეგ, ვარშავის დამორჩილება მოსკოვის კომუნისტური რეჟიმის მიერ.

მაგრამ როგორია დღევანდელი რუსეთისადმი დამოკიდებულება პოლონეთში? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ, ოლგა ტოკარჩუკი ჯერ აღნიშნავს, რომ რუსეთში ხშირად არ უწევს ჩასვლა, მაგრამ ამ სამი წლის წინ იყო და ამბობს: ბევრი რამ ვნახე, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყოო. „ჩემი აზრით, ერთადერთი გზა იმისათვის, რომ აღწერო საზოგადოება, რომელიც კოლექტიურად, გააზრების გარეშე მისდევს გარკვეულ რიტუალებს, არის - რაც პარადოქსია - დაბრუნება ადამიანებში თანაგრძნობის გაღვივებასთან, ჩვეულებრივის, ადამიანურის ჩვენებასთან ცხოვრების ყველაზე მცირე დეტალების განზომილებაში“, ამბობს ტოკარჩუკი.

პოლონელ მწერალს ეს, მისივე თქმით, ინტუიტიური შეფასება აქვს ასახული ბოლო წიგნში სახელწოდებით „მორბენლები“. ტექსტის დიდი ნაწილი ეთმობა რუსეთს და მწერალი ცდილობს რაც შეიძლება დეტალურად ასახოს „სისტემის ხაფანგში“ გამოკეტილი ინდივიდის ყოველდღიური, ჩვეულებრივი ცხოვრება. ასეთ ინდივიდს, ამბობს მწერალი, ჩვეულებრივ არ გააჩნია ძალა და რიტორიკული უნარი სისტემის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად.

ტოკარჩუკი, როგორც გითხარით, პრაღაში იყო ჩამოსული წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით, რომელშიც 20-მდე პოლონელი ლიტერატორი მონაწილეობდა. მათ შორის ბრონისლავ ვილდშტაინი - ჟურნალისტი და მწერალი, რომელმაც სახელი გაითქვა 2005 წლის პუბლიკაციით კომუნისტური პერიოდის ჯაშუშებისა და მსხვერპლის შესახებ. პოლონეთთან რუსეთის ურთიერთობაზე საუბრისას, ვილდშტაინმა უწინარეს ყოვლისა უარყო მოსაზრება, რომ სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ რუსეთის თანადგომამ, პოლონელებისადმი რიგითი რუსების მიერ გამოჩენილმა თანაგძრნობამ, მნიშვნელოვანი ცვლილება, მითუმეტეს „გარღვევა“ მოუტანა ორი ქვეყნის ურთიერთობას.

„რაც შეეხება „გარღვევას“ პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობაში, მე ასეთი „გარღვევა“ არ შემიმჩნევია და მაინტერესებს, რაში მდგომარეობს ის - გარდა იმ გარემოებისა, რომ პუტინი ტუსკს გადაეხვია. უნდა გითხრათ, რომ ლიდერების ერთმანეთთან გადახვევის არაერთი სხვა შემთხვევის მოწმეც გავმხდარვარ, რაც გულს დიდად არ მიჩუყებს ხოლმე“, ამბობს ვილდშტაინი.

ჩვენი კორესპონდენტი კიდევ ერთ მწერალს გამოელაპარაკა- სტეფან ხვინს, რომლის ნაწარმოებების თემაც უწინარეს ყოვლისა, გერმანიასთან, ანუ პოლონეთის დასავლელ მეზობელთან ურთიერთობას უკავშირდება. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, სტეფან ხვინს სჯერა სახაროვის ზემოხსენებული შეგონების სისწორის. მისი აზრით, ადამიანებს შორის ურთიერთობა, პოლონეთ-რუსეთის შემთხვევაში „ისეთია, როგორიც უნდა იყოს“, მაგრამ როცა საქმე ზოგადად, პოლიტიკაზე მიდგება ხოლმე, დაპირისპირება გრძელდება.

ოლგა ტოკარჩუკიც იზიარებს შეფასებას, რომ პოლონელებს აქვთ და ადრეც ჰქონდათ რიგითი რუსებისადმი დადებითი განწყობა.

მაინც, რატომ არის ასეთი დიდი სხვაობა ერთი მხრივ რიგითი ადამიანების და, მეორე მხრივ, მათი ქვეყნისადმი დამოკიდებულებაში? იმიტომ, რომ რუსეთი დემოკრატია არ არისო, ასეთ პასუხს იძლევა პოლონელი მწერალი და განაგრძობს: “ჩემი აზრით, რუსეთი არ არის ჩვეულებრივი, ევროპული ქვეყანა. ის გარკვეულწილ, პოსტფეოდალური სისტემაა. ძალიან შეზღუდულია ხალხის ურთიერთკავშირი ადამიანებთან, რომლებიც ხელისუფლების სათავეში დგანან. მათ არ ირჩევენ, ასე რომ მათზე პასუხისმგებლობას არ გრძნობენ და რომ გრძნობდნენ კიდეც - მათზე გავლენას ვერ ახდენენ“.
XS
SM
MD
LG