Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭო საქართველოსა და რუსეთს შორის


გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (მარჯვნივ) და ტორბიორნ იაგლანდი, ევროსაბჭოს გენერალუსი მდივანი
გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (მარჯვნივ) და ტორბიორნ იაგლანდი, ევროსაბჭოს გენერალუსი მდივანი
2-დღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თბილისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო მილოშოსკი. რას ჰპირდება ევროსაბჭო საქართველოს აგვისტოს ომის შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ? და როგორია ევროსაბჭოს მიდგომები რუსეთისა და მის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების მისამართით?

თბილისის სტუმრებმა ოფიციალური კონსულტაციები 2 ივლისს დილის 11 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრით დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის შემდეგ სავარაუდოდ დაგეგმილი ბრიფინგი აღარ გამართულა, სამინისტროდან გამოსულმა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა რამდენიმე კომენტარი მაინც გააკეთა. პირველი, რაზეც ტორბიორნ იაგლანდმა გაამახვილა ყურადღება, ეს იყო კმაყოფილების განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ასრულებს ევროსაბჭოს თითოეული წევრი ქვეყნისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს, თუმცა გასაკეთებელი ამ გზაზე ჯერ ისევ ბევრია და ევროსაბჭო დახმარების მზადყოფნას გამოხატავს. მაგრამ მთავარი შეკითხვა, რომლითაც თბილისში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ელოდებოდნენ, რუსეთს უკავშირდება. რა მიდგომა აქვს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს რუსეთის მიერ აშკარად შეუსრულებელი და მრავალგზის იგნორირებული ვალდებულებებისადმი? ტორბიორნ იაგლანდი პასუხობს, რომ რუსეთიც ყურადღების ცენტრშია:

”მონიტორინგის ყველა ორგანო და ევროსაბჭოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი რუსეთის ფედერაციასაც შეეხება. ევროსაბჭო ასევე მეტად ეფექტიანად მუშაობს რუსეთის ფედერაციასთან. მონიტორინგის ორგანოები რეგულარულად ჩადიან რუსეთში და ამზადებენ ანგარიშებს. ალბათ, იცით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციიდან შესული ბევრი საქმე განიხილება... და ეს ადასტურებს, რომ ევროსაბჭო ეფექტიანად მუშაობს ასევე რუსეთის ფედერაციასთან. ერთი სიტყვით, ყველა ვალდებულება ძალაშია, ვითვალისწინებთ და ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ეს ვალდებულებები.”

კომენტარში არ თქმულა, რომ რუსეთის ფედერაცია განზრახ და უხეშად არღვევს საქართველოსთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 3 რეზოლუციის მოთხოვნათა კრემლის მიერ იგნორირებამაც ცხადყო.

წინასწარი მოლოდინის მიხედვით, ამ საკითხებს აუცილებლად შეეხებოდა საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროში 2 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, თუმცა უცნობია შედეგი. აქვე ვთქვათ, რომ შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, ხოლო მისი უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მოკლე ინფორმაცია გვატყობინებს, რომ ”ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობას გაუზიარა პოზიცია რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად გენერალური მდივნის ახალი, მომავალზე ორიენტირებული მიდგომის, აგრეთვე აფხაზეთში, საქართველოსა და ცხინვალის რეგიონში /სამხრეთ ოსეთი/ საქართველო-ევროპის საბჭოს მიერ ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვის შესაბამისი მექანიზმების ეფექტურად გამოყენების შესახებ.”

ამ ბოლო პრობლემის გასაღები ჯერჯერობით არც ევროსაბჭოს აქვს ნაპოვნი და, როგორც გენერალური მდივანი ამბობს, შეუძლებელია დაიცვა ადამიანის უფლებები იქ, სადაც არ გიშვებენ:

”ადამიანის უფლებები ვრცელდება ყველა მოქალაქეზე ევროპაში, მათ შორის მათზეც, ვინც სეპარატისტულ რეგიონებში ცხოვრობს. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ გამოვნახოთ გზები და მივწვდეთ ამ ადამიანებსაც. მაგრამ ეს არის საკითხი, რომელიც ყველა მხარესთან უნდა განვიხილოთ და ასე ვიპოვოთ შეთანხმებული გამოსავალი. ამის გარეშე ჩვენ არ გვექნება შეღწევის უფლება და ვერაფერს გავუკეთებთ ამ ადამიანებს. ეს კი მიუღებელია ჩვენთვის, რადგანაც დაუშვებელია გვქონდეს შავი ხვრელი ევროპაში უფლებებისა და ძირითადი საჭიროებების დაცვის კუთხით თითოეული ადამიანისთვის ევროპის კონტინენტზე.”

მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა, უმთავრესად, რუსეთის მიზეზით იქმნება, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა კონკრეტულად რუსეთის კრიტიკას ამ საკითხშიც აარიდა თავი. ზოგადად კრიტიკისგან თავშეკავება ბევრისთვის ჩვეულებრივი დიპლომატიური სვლაა, თუმცა, ალბათ, არა მათთვის, ვინც ტორბიორნ იაგლანდის საქმიანობაში რუსეთის ინტერესებისკენ გადახრილ მიდგომებს ხედავს. სწორედ ამის თაობაზე ელაპარაკებოდა 1 ივლისს რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროს ინკოგნიტო წყარო. საუბარია იაგლანდის მხრიდან აგვისტოს ომის შემდეგ დაწესებული ანგარიშგების იმ სისტემის გაუქმების ლობირებაზე, რომელიც რუსეთს სასტიკად აღიზიანებს. ამავე დროს, ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი გენერალურ მდივანს პრორუსულ ორიენტაციაში მაინც არ სდებს ბრალს და მოსკოვისკენ გადახრილ ინტერესებს იმ მიზეზით ხსნის, რომ იაგლანდი რუსეთს, გარკვეული თვალსაზრისით, საქართველოზე მეტად ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევს. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საკითხს, რომლის ურყევ მხარდაჭერასაც 2 ივლისს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო მილოშოსკიმაც გაუსვა ხაზი:

”ევროსაბჭოსთვის ხაზგასასმელია ერთი პრინციპი და ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. სხვა საკითხია, რომ ჩვენ უნდა გამოვავლინოთ პრაგმატიზმი და დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა მივაღწიოთ საერთო მიზანს. ამ კუთხით ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მცდელობებსა და პრაქტიკულ მიდგომებს იმ რეგიონებთან, რომლებიც არ არიან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლქვეშ. ამასთან, მაკედონიის თავმჯდომარეობის დროს ავიღეთ ვალდებულება, რომ საქართველოს საკითხს კვლავაც სათანადო, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ.”

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში მაკედონიის თავმჯდომარეობა ნოემბრამდე გაგრძელდება. ევროსაბჭოს მაღალი რანგის პირები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ გარკვეული პოზიტიური როლის შესრულებას იმ სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით შეიმუშავა.

თუმცა რამდენად შედეგიანად იმოქმედებს ევროსაბჭო რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის კუთხით, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია. თბილისი ეცდება, რომ მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს მაღალჩინოსნები ამ კუთხით აქტიურობის აუცილებლობაში დაარწმუნოს.

საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე 2 ივლისს ასევე შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს. იგეგმება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. 3 ივლისს თბილისის სტუმრები ერგნეთში აპირებენ ჩასვლას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG