Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო უწყება აღრმავებს ურთიერთობას ევროკავშირის დამკვირვებლებთან


საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილება შევიდა. განახლებულ დოკუმენტს ხელი დღეს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა მოაწერეს. ახალი დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სამხედრო ბაზებზე მონიტორინგის განხორციელებას შეძლებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობას. მემორანდუმის პირველადი ვარიანტი, რომელიც 2009 წლის 26 იანვარს გაფორმდა, თავდაცვის სამინისტროს მიერ ცალმხრივად აღებულ სხვადასხვა სახის ვალდებულებებს მოიცავს. დოკუმენტის გაფორმებით საქართველომ გამოხატა მზადყოფნა, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მედიატორობით დადებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ძალის გამოუყენებლობის შესახებ. მემორანდუმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილების გარკვეულ შეზღუდვებსაც განსაზღვრავს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილების შესახებ მისიის წინასწარ ინფორმირებასაც ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG