Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სათამაშო დაწესებულებებში ასაკობრივი ზღვრის გაზრდა იგეგმება


საპარლამენტო ოპოზიციის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების შესახებ ახალ კანონპროექტზე დაიწყებს მუშაობას და რომლის ორი მთავარი მიზანი ტერიტორიული მოწყობის პრინციპი და მოთამაშეთა ასაკობრივი ზღვრის გაზრდა იქნება. ჯგუფის შექმნაზე მან პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობა უკვე მიიღო.

ამ ასაკის საქართველოში მცხოვრები მოქალაქეთა 90% არ არის მზად იმისთვის, რომ თავისი შრომის მონაგებით ესტუმროს სათამაშო დაწესებულებებს ...
დღეს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, 18 წლის ახალგაზრდას უფლება აქვს ესტუმროს სათამაშო აპარატების სალონს, ტოტალიზატორს, ბინგოს თუ სხვა სახის სათამაშო დაწესებულებას. სამორინეში ასაკობრივი ზღვარი 21 წელია. სწორედ ასაკობრივი ზღვრის გაზრდას მოითხოვს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე და საამისო მიზეზებსაც ასახელებს:

”ეს აბსოლუტურად არაადეკვატური განსაზღვრებაა, რადგან ამ ასაკის საქართველოში მცხოვრები მოქალაქეთა 90% არ არის მზად იმისთვის, რომ თავისი შრომის მონაგებით ესტუმროს სათამაშო დაწესებულებებს და, რაც მთავარია, აზარტული თამაშები არის მომავალი პათოლოგიების ჩამნერგავი. ამის დასტურია ის, რომ ფეხბურთის ჩემპიონატის პერიოდში კიდევ უფრო გააქტიურდა სუიციდების მცდელობები, რაც ხშირად უკავშირდება სწორედ იმ ვალს, რომელიც აზარტული თამაშების მიზნით დაედოთ და ამ საკითხს ჩვენ არ უნდა წავუყრუოთ.”

პრობლემა მხოლოდ სათამაშო დაწესებულება არ არის. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, მოსაგვარებელია ე.წ. ”მაზავშიკების” საკითხიც. მათ სპეციალური სქემაც კი აქვთ - თუ როგორ უნდა ჩაითრიონ აზარტული ახალგაზრდები თამაშში. მთავარი შედეგი ე.წ.“ჩათრეულების“ წაგებაა, საინტერესოა ისიც, რომ თანხის ამოღებას მუქარის გზით კიდევ ცალკე ხალხი კურირებს :”მაზავშიკები“ - ეს ”ცოცხალი ტოტალიზატორები, რომლებიც მოძრაობენ სწორედ ტოტალიზატორების ტერიტორიაზე, მაგრამ მათი ადგილსამყოფელი ყველამ არ იცის - ამა თუ იმ უბანში ეძებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ადვილად წამოეგებიან აზარტს და თან ნაღდი ფულით კი არ გადაიხდიან, არამედ ე.წ. ”მერეზე, რასაც უმრავლესობა ვერ ახერხებს”...

ლორთქიფანიძე ამბობს, რომ რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სამორინეები თუ სხვა სათამაშო დაწესებულებები ქალაქის ყველა უბანშია განთავსებული, მაშინ როდესაც, მაგალითად, თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებში - ქალაქიდან მოშორებით - დაუშვეს მსგავსი დაწესებულებების ფუნქციონირება.

შესაბამისად, ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ ახალმა კანონმა უნდა გაითვალისწინოს ტერიტორიული მოწყობის პრინციპი - თუ სად უნდა განთავსდეს ასეთი სათამაშო დაწესებულებები. მისი ინიციატივა ასეთ ადგილად თბილისს გამორიცხავს. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ამავე ინიციატივის მიხედვით, 25 წელზე ახალგაზრდა ადამიანი ასეთ ადგილას არ უნდა შეუშვან.

შესაძლებელი გახდება კაზინოები მიუახლოვდეს იმ ნიშნულს, რაც დაწესებულია, ანუ ის არასოდეს არ ყოფილა მასობრივი მოხმარების პროდუქტი და მისი მომხმარებელი ყოველთვის მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანთა წრეა ...
პარალელურად პარლამენტი 14 ივლისს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ კანონპროექტსაც განიხილავდა, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესი მეტად დაიბეგრება. მოსაკრებლის რაოდენობა, ახალი კანონით, 2,5ჯერ იზრდება და თუ დღეისათვის მისი ოდენობა 1500-დან 3000 ლარამდე მერყეობს, ეს თანხა ახლა 3500-დან 7500 ლარამდე გაიზრდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ამ ცვლილების მთავარი მოტივაცია ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა იყო, თუმცა ამავე ცვლილების მიზეზი ქალაქში სათამაშო დაწესებულებების მომრავლებაც გახდა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რევაზ საყევარიშვილიც ფიქრობს, რომ, ფისკალური ეფექტის გარდა, საგადასახადო წნეხის ზრდას შესაძლოა ჰქონდეს კიდევ ის მიზეზი, რომ გახშირდა ამ ბიზნესში ჩართული ადამიანების კრიმინალიზაციის ფაქტები. რევაზ საყევარიშვილი ამ საკანონმდებლო ცვლილების შესაძლო შედეგზე ლაპარაკობს:

”შესაძლებელი გახდება კაზინოები მიუახლოვდეს იმ ნიშნულს, რაც დაწესებულია, ანუ ის არასოდეს არ ყოფილა მასობრივი მოხმარების პროდუქტი და მისი მომხმარებელი ყოველთვის მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანთა წრეა. საქართველოში ეს სულ პირიქით იყო, საშუალო შემოსავლის ადამიანებსაც იოლად შეეძლოთ შესვლა და წაგება, რაც სერიოზულად აზარალებდა მათ ბიუჯეტს და იყო ფაქტები, როდესაც ვერ ახერხებდნენ წაგებული თანხის ჩაბარებას და ამის გამო თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდათ.“

ტოტალიზატორებში ამ საკითხებზე კომენტარის გაკეთება დიდად არ სიამოვნებთ. ერთ-ერთი ასეთი დაწესებულების - „პარი მატჩის“ - მენეჯერს ჩვენ მხოლოდ ის ვკითხეთ, უმეტესად რა ასაკის ადამიანები სტუმრობენ მას და როგორ უყურებენ ასაკობრივი ზღვრის გაზრდის ინიციატივას. რადიო თავისუფლებამ ასეთი პასუხი მიიღო: ”ეს „მაზავშიკები“ არიან დამღუპველები, თორემ ტოტალიზატორი არაფერს აშავებს.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG