Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კონსტიტუციის უარყოფითი მხარეები


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრთა შეხვედრა იურისტებთან, ისტორიკოსებთან, ეკონომისტებთან, ჟურნალისტებთან და აქტიურ მოქალაქეებთან გორში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრთა შეხვედრა იურისტებთან, ისტორიკოსებთან, ეკონომისტებთან, ჟურნალისტებთან და აქტიურ მოქალაქეებთან გორში
ახალგაზრდა იურისტებმა რეგიონებში დაიწყეს კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვა საზოგადოებასთან ერთად. ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი გორში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, იურისტებს, ისტორიკოსებს, ეკონომისტებს, ჟურნალისტებსა და აქტიურ მოქალაქეებს შეხვდა.

როგორც ცნობილია, ზაფხულის პერიოდში საკონსტიტუციო კომისიამაც უნდა გამართოს შეხვედრები საზოგადოებასთან, სადაც ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვა უნდა მოხდეს. თამარ ხიდაშელის აზრით, საზოგადოება კარგად უნდა იყოს ინფორმირებული ცვლილებების შესახებ, რათა განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

იურისტებმა შეხვედრაზე დასკვნის სახით წარმოადგინეს ის უარყოფითი მხარეები, რომლებიც მათი აზრით, ახალი კონსტიტუციის პროექტშია ასახული. მაგალითად, წარმოდგენილი პროექტით მართალია, შემცირებულია პრეზიდენტის უფლებამოსილება, მაგრამ ის მაინც რჩება პოლიტიკური პროცესების მონაწილედ.

მნიშვნელოვნად იზრდება მთავრობის ფუნქციები ანგარიშვალდებულების შესაბამისი მექანიზმების არარსებობის პირობებში. მთავრობა ფლობს პარლამენტზე ზემოქმედების მნიშვნელოვან ბერკეტებს ყოველგვარი რისკის გარეშე. დაკნინებულია პარლამენტის კანონშემოქმედებითი როლი. პარლამენტი უუნაროა დააყენოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დათხოვნის შიშით.

ყველაზე მეტი კითხვა შეხვედრაზე სწორედ მომავალი პარლამენტის ფუნქციებისა და უფლებების შესახებ დაისვა.

ეკონომისტის თამარ ედიშერაშვილის აზრით, წარმოდგენილი პროექტი ვერ ასახავს იმას, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადადის, რადგან პარლამენტის უფლებები შემცირებულია.

დისკუსია გამოიწვია მოსამართლეთა თავისუფლების საკითხმაც. იურისტების აზრით, გამოსაცდელი ვადის შემოღებით ეჭქვეშ დგება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დადებითი მხარეები. უვადოდ დანიშვნის შემთხვევაშიც კი პოლიტიკური ხელისუფლება ფლობს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მექანიზმებს. გორელი არინა თავაქარაშვილის აზრით, რამდენიმე წელიწადში საქართველოში კვლავ ახალ კონსტიტუციაზე დაიწყებენ ფიქრს, რადგან დღეს წარმოდგენილი პროექტი ეფექტურად ვერ იმუშავებს.

ახალგაზრდა იურისტები ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვას სხვა რეგიონებშიც გააგრძელებენ. საჯარო შეხვედრების მოწყობას საკონსტიტუციო კომისიაც გეგმავს.
XS
SM
MD
LG