Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდათ სამხედროებს?


2008 წლის აგვიტოს ომიდან ორი წლის თავზე რუსი სამხედროები კვლავ საბრძოლო მოქმედებათა განახლების შესაძლებლობაზე საუბრობენ. ცხინვალში ღირსების ორდენის მისაღებად ჩასულმა გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ საქართველოში ომისათვის მზადება მიმდინარეობს. გენერალი ნოგოვიცინი რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ მსახურობდა, სულ ახლახან კი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. რას ეყრდნობა რუსი გენერლის ეს განცხადება და რა საბრძოლო ამოცანები შეიძლება ჰქონდეთ ქართველ სამხედროებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ შენაერთებს?

ანატოლი ნოგოვიცინს არ უთქვამს, რომ საქართველო ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჭრას აპირებს. რუსი გენერლის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ემზადება თავდაცვითი მოქმედებებისათვის დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით, ძირითადი ძალები კი თავმოყრილია თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში. ამასთან, ნოგოვიცინის მტკიცებით, სტაბილურობის მთავარი გარანტი ცხინვალში მდებარე მეოთხე რუსული ბაზაა. რუსი გენერლის ამ განცხადებას სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე სინამდვილის დამახინჯების მცდელობად მიიჩნევს. მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ჯარს საქართველოში სულ სხვა ამოცანა აქვს:

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ჯარებით რუსეთი ახდენს პოლიტიკურ ზეწოლას საქართველოს მთავრობაზე. ამასთან, სამხედრო ძალით ინარჩუნებს სტატუს კვოს და იცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს გათავისუფლებისაგან.“

გიორგი თავდგირიძის თქმით, შემთხვევითი არაა, რომ სულ ახლახან სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრად რუსეთის არმიის ოფიცერი დაინიშნა. უნდა ითქვას, რომ რუსი სამხედროები საბრძოლო მოქმედებათა დასრულების შემდეგ, ეგრეთ წოდებულ ცივ ომშიც აქტიურობენ. სამაგალითოდ გამოდგება იგივე ანატოლი ნოგოვიცინი, რომელმაც ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლის დროს რუსეთის მოსახლეობას დაწვრილებით გააცნო ის გეგმები, რომელიც თითქოსდა საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის მიმართ ჰქონდა:

„წითელი წრე მარცხნიდან იმის მანიშნებელია, რომ სოხუმი, ცხინვალის მსგავსად, საცეცხლე განადგურების ობიექტს წარმოადგენს. მას მოჰყვება გაგრა და რუსეთის საზღვრამდე სანაპიროზე მდებარე ყველა სხვა დასახლებული პუნქტი, რომელიც სრულ განადგურებას ექვემდებარება. ესაა „გადამწვარი მიწის“ ტაქტიკა.“

რუსი გენერლის თქმით, რომ არა რუსეთი და მისი ჯარი, საქართველო ამ გეგმებს სისრულეში მოიყვანდა, თუმცა პასუხად თბილისში ამბობენ, რომ ყველა ეს ბრალდება პროპაგანდის ნაწილია და რომ საქართველო არ აპირებს სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რაც ხაზგასმითაა აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს მთავრობის სტრატეგიაშიც - დოკუმენტში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმაც მოიწონეს. რაც შეეხება საქართველოს არმიის ამოცანებს, სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორის, პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ჯარის წინაშე დგას ოკუპირებული ტერიტორიიდან მომდინარე საფრთხის განეიტრალების ამოცანა. მაინც რა საფთრთხეზეა ლაპარაკი?

„ცხინვალში მყოფი ჯარი საფრთხეს უქმნის საქართველოს. მას შეუძლია დაიკავოს საქართველოს მთავარი სატრანსპორტო არტერია თბილისი-ფოთის მაგისტრალის სახით და ამით საფრთხე შეუქმნას საქართველოს სახელმწიფოებრიობას. აქედან გამომდინარე, ქართული არმიის მთავარი სამხედრო ამოცანაა იყოს ისეთ მზადყოფნაში, რომ მოწინააღმდეგის გადაადგილების ან აქტიურობისას უკაგდოს მტერი და შეაჩეროს საოკუპაციო ზონის გაფართოების მცდელობა, რისთვისაც უნდა იყოს მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში“, უთხრა გიორგი თავდგირიძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG