Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუციის ცვლილებების განხილვის სამი კვირა


საკონსტიტუციო კომისიის შეხვედრა
საკონსტიტუციო კომისიის შეხვედრა
თითქმის სამი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა, სპეციალური დადგენილებით, კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტი საყოველთაო-სახალხო განხილვის საგნად აქცია. ამ მიზნით შეიქმნა 36 კაციანი საორგანიზაციო კომისია, რომელიც, ერთი მხრივ, საკონსტიტუციო პროექტის საზოგადოების ცალკეულ წრეებში პრეზენტაციას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, კურირებს ვებგვერდს, რომელშიც პროექტის შესახებ ცალკეული მოქალაქეების მოსაზრებები და რეკომენდაციებია გამოქვეყნებული. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრებებითა თუ შენიშვნებითა შეგიძლიათ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასა და საქართველოს პარლამენტის განხილვების საორგანიზაციო კომისიას მიმართოთ. ამავე მიზნით ისარგებლეთ ამავე უწყებების ვებგვერდებითაც. იმას კი, თუ როგორ მიმდინარეობს საკონტიტუციო პროექტის საჯარო განხილვის ერთთვიანი პროცედურა და ვინ წარმართავს მას, ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესს, შეიძლება ითქვას, ორი ძირითადი ჯგუფი წარმართავს. ერთია საქართველოს პარლამენტში სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი და საკმაოდ წარმომადგენლობითი საორგანიზაციო კომისია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უდგას სათავეში, მეორე კი - არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომლის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი, იმავდროულად, პარლამენტის ეგიდით შექმნილი საორგანიზაციო კომისიის წევრიცაა.

ორივე ჯგუფი უკვე აწარმოებს საკმაოდ ინტენსიურ შეხვედრებს როგორც საქართველოს დედაქალაქში, ისე მის გარეთაც. ამ ორი ჯგუფის საქმიანობის სპეციფიკა საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვის პროცესში ნაწილობრივ განსხვავებულია: მაშინ როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია პროექტს ნაწილობრივ ოპონირებას უწევს, საპარლამენტო კომისია მას, ძირითადად, პოზიტიურ კონტექსტში განიხილავს. საკონსტიტუციო ცვლილებების საბაზისო პროექტის სიახლეებზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელი დავით ბაქრაძე, მაგალითად, აქცენტს, ძირითადად, ხელისუფლების შტოების დაბალანსებულობაზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ ახალი კონსტიტუცია ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი იქნება.

”აღარ იქნება შედეგი, როდესაც რომელიღაც პარტია ბოიკოტს გამოუცხადებს არჩევნების შედეგებს და უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ სისტემა, სადაც სწორედ საპარლამენტო არჩევნები და პარლამენტი იქნება გადამწყვეტი იმისთვის, თუ ვის ექნება და როგორ იქნება ხელისუფლება გადანაწილებული ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ სწორედ პარლამენტი და საპარლამენტო უმრავლესობა დააკომპლექტებს მთლიანად მთავრობას, გარეგანი ჩარევის გარეშე”, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის განხილვაზე ქუთაისში.

ამ ტიპის განხილვებს საორგანიზაციო კომისია, ძირითადად, სამეცნიერო წრეებში, სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს. კომისიის შეხვედრები უკვე გაიმართა ონში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, მარნეულში, ახალქალაქში. წინ არის შეხვედრები თელავში, ზუგდიდში, ოზურგეთში. პარალელურად, რასაკვირველია, შეხვედრები იმართება თბილისშიც. სამუშაო კალენდარში კომისიის დღის წესრიგი 7 სექტემბრის ჩათვლითაა გაწერილი. ამ დროისათვის, სავარაუდოდ, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა უკვე დამამთავრებელ ფაზაში გადავა. საორგანიზაციო კომისია შემაჯამებელ სხდომაზე, სავარაუდოდ, 9-10 სექტემბერს თავს მოუყრის საჯარო განხილვის პროცესში გაჩენილ რეკომენდაციებსა თუ შენიშვნებს და მიზანშეწონილობის მიხედვით გადაწყვეტს, ამ შენიშვნებიდან რომელი გახდება საპარლამენტო განხილვის საგანი და რომელი არა. შერეული მმართველობის მოდელად ცნობილი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვისას ძირითადად რა დებულებები იწვევს კრიტიკას? - ამ კითხვით საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ავთანდილ დემეტრაშვილს მივმართეთ.

”კონკრეტულად გეტყვით. ორგანული კანონის ამოღების საკითხი არის სადავო - თითქმის ყველა შეხვედრაზე ეს საკითხი დაისვა; მეორე, რამდენად სწორად არის გადანაწილებული უფლებამოსილებები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში; ყველგან, თითქმის ყველგან, დაისვა საკითხი მოსამართლეთა უვადო დანიშვნისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე; კვლავ დააყენეს საკითხი, ხომ არ შეიცვლება პრეზიდენტის გადაჭარბებული უფლებამოსილებები პრემიერ-მინისტრის გადაჭარბებული უფლებამოსილებებით.”

როგორც ავთანდილ დემეტრაშვილმა გვითხრა, შეხვედრებისას ხშირად ისმება საკითხიც, უნდა ჰქონდეს თუ არა ორი ვადით მოქმედ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვის პროცესს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორგანიზებულად წარმართავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, რომლის პრეზიდენტი, თამარ ხიდაშელი, ერთ-ერთი იყო იმ სამი ადამიანიდან, რომელმაც მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციის საბაზისო პროექტად ეგრეთ წოდებული შერეული მოდელის დამტკიცებას. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო, პროექტის თანახმად, ხელისუფლების შტოებს შორის დარღვეული ბალანსი, ძირითადად, პარლამენტის დასუსტების ხარჯზე. ამ და სხვა შენიშვნებს კანონპროექტის წარდგენისას ახალგაზრდა იურისტები თავიანთი მოსაზრების სახით, მართალია, აფიქსირებენ, მაგრამ განხილვის მიზანი უფრო ფართოა.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუცია ვერ იქნება მარტო იურისტებისა და პოლიტიკოსების საქმე, ეს არის პოლიტიკურ-სამართლებრივი დოკუმენტი და საზოგადოების მხარდაჭერით უნდა სარგებლობდეს. ამავე დროს, ხალხმა უნდა იცოდეს, რა ცვლილებებია შემოთავაზებული. ცვლილებების პაკეტი კი, ჩვენი აზრით, შეიცავს როგორც დადებით, ისე უარყოფით ელემენტებს და გვინდა, რომ ამის თაობაზე საზოგადოებასაც ვამცნოთ”, - აღნიშნავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩხეიძე.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საერთო-სახალხო განხილვას ახალგაზრდა იურისტები რეგიონალური ოფისების დახმარებით თითქმის მთელ საქართველოში გეგმავენ.
XS
SM
MD
LG