Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუტიაგინი: ჯაშუში არ ვარ, მაგრამ შეწყალება ვითხოვე


იგორ სუტიაგინი
იგორ სუტიაგინი
რუსეთის მოქალაქე, ბირთვული საკითხების მკვლევარი იგორ სუტიაგინი ერთ-ერთი იყო, ვინც დასავლეთში დაკავებულ რუსეთისთვის მომუშავე ჯაშუშებში გაცვალეს. ეს გაცვლა ცივი ომის შემდეგ უდიდესი გარიგება იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ამ სფეროში. სუტიაგინი ახლა ინგლისშია და ამტკიცებს, არასოდეს ვყოფილვარ ჯაშუში, მხოლოდ მითხრეს, ითხოვე შეწყალება, რადგან ბევრი სხვა ადამიანის განთავისუფლებაა ამაზე დამოკიდებელიო. სუტიაგინმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს იმის შესახებ გაუზიარა შთაბეჭდილება, თუ როგორ ჩაუტარეს ბრიტანეთში ჩაყვანის შემდეგ სამედიცინო შემოწმება და ცოტა გაუკვირდათ კიდეც, ამდენ ხანს საპატიმროში - და თანაც, რუსეთის საპატიმროში - მყოფი ადამიანი რომ თავს ასე ნორმალურად გრძნობდა.

სუტიაგინს 2004 წელს მიუსაჯეს 15 წლით პატიმრობა იმის გამო, რომ ლონდონის ერთ ფირმას რუსეთის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა. ეს ფირმა - ასე დაადგინა გამოძიებამ - დაკავშირებული იყო აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოსთან. სუტიაგინი გაცვალეს, გაცვალეს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებზე, ანუ თითქოს ყველაფერი ცხადი უნდა იყოს - არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის მოქალაქე დასავლეთს მოესყიდა. მაგრამ ის ამტკიცებს, რომ არ იყო ჯაშუში:

„რა თქმა უნდა, არა. არასოდეს ვყოფილვარ ჯაშუში. პირველ რიგში კი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნისთვის ვმუშაობდი, მისთვის ვცდილობდი და მასზე ვფიქრობდი. მადანაშაულებენ, სამუშაოში გასამრჯელოს გიხდიდნენო. კარგი, მისაყვედურეთ, რომ ფულისთვის ვმუშაობდი, ოღონდ მისაყვედუროს იმან, ვინც უკანასკნელ კაპიკზეც უარს ამბობს. მაგრამ ჯაშუში, ცხადია, არასოდეს ვყოფილვარ. სასამართლოზე მოსამართლემაც დამადანაშაულა, რომ რუსეთის ინტერესებს ვიცავდი უცხოელთა წინაშე და ამის უფლება არ მქონდა. როგორღა არის ჯაშუში ის, ვინც თავისი ქვეყნისთვის მუშაობს და არა სხვისთვის? ამას, მე მგონია, სხვა რაღაც ჰქვია.“

როგორც უნდა იყოს, სუტიაგინი ჩასვეს, გაასამართლეს და, ბოლოს, შეიწყალეს ისე, რომ გაცვალეს სხვებში. მაგრამ რატომ ჩასვეს? ამის მიზეზს ის თავისებურად ხსნის და ამ ინტერვიუში ამბობს: ჩემი იზოლირება კი არ სურდათ... გარკვეულ ეტაპზე, დაკავებიდან ნახევარ წელიწადში, პირდაპირ მითხრეს ეს. მიხვდნენ, რომ დამნაშავე არ ვიყავი, მაგრამ, უბრალოდ, ასე გაშვება არ სურდათ. ის გვიამბობს ერთ-ერთ გამომძიებელთან საუბრის შესახებ:

„პირველი ბრალდების წარმოდგენის დროს, პირდაპირ ვკითხე გამომძიებელს (რა თქმა უნდა, მისი უფროსები იქ არ იყვნენ): ხომ გესმის, რომ რასაც მაბრალებთ, სრული სისულელეა-მეთქი. წამით არ დაფიქრებულა, მიპასუხა, რა თქმა უნდაო. მაგრამ ისიც მესმის, რამდენი ხანია ზიხარ. დღეს რომ გაგიშვა, ხვალ შენს ადგილას ერთი ჩვენგანი უნდა ჩაჯდეს. ჩვენ კი ჩაჯდომა არ გვინდა. ამიტომ, შენ იჯდები და არა ჩვენო.“

ასე უთხრა გამომძიებელმა სუტიაგინს, რომელიც თვლის, რომ, სულ მცირე, კალუგელ „ჩეკისტებს“, როგორც თვითონ უწოდებს მის საქმეზე მომუშავე სამართალდამცავებს, ეს მშვენივრად ესმოდათ - მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რაზე იყო ლაპარაკი.

სუტიაგინი მუშაობდა ფირმაში, რომელიც რუსეთში ინვესტიციების გარშემო რეკომენდაციებს გასცემდა. მისი თქმით, ის თავისი ქვეყნის შესახებ დადებითი სურათის შექმნას და იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ ფულის ჩადება რუსეთში შეიძლება და საჭიროა. მე ვერ ვიქნებოდი პასუხისმგებელი იმ თანხებისთვის, რომლებსაც ჩადებდნენ, მაგრამ, როგორც ის თვითონ ჰყვება, ინგლისელებს ყველანაირად არწმუნებდა, ინვესტიციებს არაფერი უშლის ხელსო.

ინგლისელებს იმის ეშინოდათ, რომ ხოდორკოვსკის მსგავსი რამ არ დამართნოდათ და პოლიტიკურ რისკებს უფრთხოდნენ. სუტიაგინი უმტკიცებდა, საშიში არაფერიაო. მე ფაქტობრივ ინფორმაციას ვაწვდიდიო, ამბობს ის, იმის საჩვენებლად, რომ რუსეთში მიმდინარე პროცესები ამ ქვეყანასთან თანამშრომლობას ხელს არ უშლის. მაგრამ მოსკოვის უშიშროებამ გადაწყვიტა, რომ სწორედ ამ ინფორმაციის უცხოელებისთვის მიცემა იყო დანაშაულებრივი ქმედება.

სუტიაგინი, როგორც ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი, შედარებით კარგ პირობებში იხდიდა სასჯელს. მისი განათლების მქონე კაცის გამოყენებაც იოლი იყო და ერთ-ერთ კოლონიაში მას „სუფთა“ საქმეს აკეთებინებდნენ. კლუბში მუშაობდა, გაზეთის გამოცემაში მონაწილეობდა, წიგნებს წერდა. მოგვიანებით არხანგელსკში გაამწესეს უფრო მძიმე სამუშაოზე, რადგან, როგორც კოლონიის ერთ თანამშრომელს გულწრფელად უთქვამს მისთვის, უშიშროებიდან სულ შენს ამბავს კითხულობენ და ვერ ვეტყვი, რომ კარგად ხარ, ამიტომ მძიმე სამუშაო უნდა აკეთოო.

როგორ უყურებს სუტიაგინი თავისი შეწყალებისა და გაცვლის ამბავს? ცხადია, ვინც პატიებას ითხოვს, დამნაშავედ უნდა გრძნობდეს თავს. სუტიაგინი ამბობს, რომ საქმე სულ სხვაგვარადაა. მასთან უკვე 2005 წელს მისულან პროკურატურიდან - ჩეკისტები მე პირდაპირ არასოდეს მელაპარაკებოდნენო - და შეუთავაზებიათ, პატიების თხოვნა დაწერე, ზემოთ სურთ, რომ სუტიაგინი ციხეში არ იყოს, მაგრამ, თუ შენ არ ითხოვე, ვერ გაგიშვებენ, რადგან ისინი თავიანთ შეცდომას არასოდეს აღიარებენო. მან ასეთი შეთავაზება არაეთხელ მიიღო:

„ასეთი თხოვნის დაწერა მომთხოვეს 2005 წელს სარაპულში, 2006-სა და 2007 წელს კი უკვე - არხანგელსკში. ბოლოს, 2010 წელს, დაჟინებით მთხოვეს - ჩანდა, ჩემგან ეს თხოვნა ძალიან სჭირდებოდათ. როცა პატიების თხოვნაზე უარი ვთქვი, იმაზე ვფიქრობდი, რომ დანაშაულის აღიარება არ მსურდა. უნდა გენახათ, როგორ დაიბნენ და აღელდნენ. ამჯერად ჩანდა, რაოდენ საჭირო იყო ეს და არა მხოლოდ ჩემთვის.“

თხოვნასა და საუბარს კი სუტიაგინთან რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები წარმართავდნენ - ისინი, ვინც ზემოხსნებულ გაცვლას ამზადებდნენ.

სუტიაგინი ვენაში გადააფრინეს, იქიდან კი გზას გაუყენეს ბრიტანეთისკენ. როგორც თვითონ ამბობს, მას იქ არავინ დახვედრია, აეროპორტიდან ვერტმფრენით წაიყვანეს და უკვე შემდეგ გადასცეს რუსეთში გაცემული პასპორტი, საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი, ბეჭედდასმული. მოგვიანებით კი ბრიტანეთის ვიზაც მიიღო, მუშაობის უფლებით. თუმცა მუშაობა ჯერ არ დაუწყია. ის იმასაც ამბობს, რომ ადგილობრივი თუ აშშ-ის დაზვერვა მას მეურვეობას არ უწევს. ასე ცხოვრობს სამშობლოში ჯაშუშად მიჩნეული კაცი ბრიტანეთში, თავისი სურვილის წინააღმდეგ.

ჩვენმა კორესპონდენტმა სუტიაგინს ჰკითხა, რატომ არ მიმართავს ფირმას, ვის გამოც ჩასვეს, იქნებ ხელი გაგიმართონო. სუტიაგინმა შეუსწორა ჟურნალისტს: ფირმა, რომლის გამოც ციხეში მოვხვდი, ბრიტანული კი არა, რუსულია. მოსკოვში, ყოფილი ძერჟინსკის მოედნის რაიონში, მდებარეობს. ამ კომპანიის წარმომადგენლები ჩემს საქმეზე მუშაობის ექვსი თვის მანძილზე მშვენივრად მიხვდნენ მის არსს. და თუ არ გამიშვეს, ვის გამო აღმოვჩნდი ციხეში 11 წლით? არა ბრიტანელების გამო. ეს ერთი. და მეორე: შემიძლია გულწრფელად გითხრათ - ჯაშუშობას რაც შეეხება, ბრიტანელებთან მუშაობა წმინდა წყლის „ხალტურა“ იყო. კარგად იხდიდნენ, ბევრად მეტს, ვიდრე ვიღებდი ჩემი ძირითადი საქმიანობისთვის, რომელშიც სულსა და გულს ვაქსოვდი, ჯანმრთელობას ვწირავდი. სხვათა შორის, ფულს ვდებდი იმაში, რომ ეს საქმე მეკეთებინა. ეს კი „ხალტურაა“, - ამბობს იგორ სუტიაგინი, რომელიც მაინც კმაყოფილია ბრიტანეთში მოხვედრით, სამშობლოსთან ახლოს ყოფნით.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG