Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სწავლა ყოველთვის 15 სექტემბერს დაიწყება


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით, სკოლებში სასწავლო წელი ამიერიდან 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება, სასწავლო პროგრამა კი ორ სემესტრად გაიყოფა. დიმიტრი შაშკინის განმარტებით, პრაქტიკა, რომელიც აქამდე არსებობდა და რომლის მიხედვითაც, სკოლა თავად ირჩევდა სასწავლო წლის დაწყების თარიღს, ”წარსულს ჩაბარდა”.

”აწი, ამ წლიდან, საქართველოში სწავლა ყოველთვის 15 სექტემბერს დაიწყება, იქნება ორი სემესტრი და პირველი სემესტრი დამთავრდება 24 დეკემბერს, ამის შემდეგ იქნება ზამთრის დიდი არდადეგები, რომელიც დამთავრდება 20 იანვარს და, საერთოდ, სწავლა, რომელიც დაიწყება 20 იანვარს, დამთავრდება 15 ივნისს”, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
რაც შეეხება პირველ და მეთერთმეტე კლასელებს, ისინი სასწავლო წელს 20 მაისს დაამთავრებენ. რატომ მაინცდამაინც 15 სექტემბერი? - ამ კითხვაზე განათლების სამინისტროში ასეთი პასუხი აქვთ: თარიღი იმ კონსულტაციების შემდეგ გამოიკვეთა, რომელიც მასწავლებლებთან, მშობლებსა და მოსწავლეებთან ჩატარდა. პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ლელა წიქარიშვილი ამბობს, რომ უკანასკნელ წლებში პრაქტიკამ აჩვენა, რომ სასწავლო წლის დასაწყებად სექტემბრის მეორე კვირა საუკეთესო პერიოდია, თუმცა ამასვე არ ფიქრობს სასწავლო წლის ზაფხულის თვეში დასრულებასთან დაკავშირებით.

” ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, წელს, მაგალითად, ძალიან მძიმედ გადავიტანეთ სასწავლო წლის ივნისის პერიოდი. გაუსაძლისმა სიცხეებმა ძალიან შეაფერხა თვითონ სასწავლო პროცესი და სწავლის ხარისხიც ძალიან დასწია და დააქვეითა. ამასაც, ალბათ, გათვალისწინება უნდა. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რასაც შეთანხმება უნდა კლიმატის სპეციალისტებთანაც, რომლებმაც იციან, რა ცვლილებებია მოსალოდნელი, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვებთან გვაქვს საქმე”, - აცხადებს ლელა წიქარიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კერძო სკოლა ვართ, მაინც ვექვემდებარებით ქართულ კანონმდებლობას და ვცდილობთ, რომ ქართული აკადემიური ტრადიციებიც გავაგრძელოთ და, ბუნებრივია, ჩვენ სწავლას დავიწყებთ 15 სექტემბერს ...
2005 წლიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სასკოლო რეფორმის განხორციელება დაიწყო, სწავლის დაწყების თარიღს თავად სკოლები ადგენდნენ, სწავლის ხანგრძლივობას კი ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავდა, რომლის მიხედვითაც, 180 სასწავლო დღეა დადგენილი. აქედან გამომდინარე, თუ სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება, სასწავლო წლის დასრულება, არდადეგების გათვალისწინებით, აუცილებლად ზაფხულის თვეს დაემთხვევა. საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მონაცემებით, უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში საქართველოში ივნისის თვეში ტემპერატურა მხოლოდ 0,5-0,6 მეათედი გრადუსითაა მომატებული. წელს ივნისის დასაწყისში მაქსიმალური 34 გრადუსი სიცხე აღინიშნა, რაც, როგორც პირველი სკოლის დირექტორი ამბობს, სწავლისთვის შეუფერებელი ტემპერატურაა.

ერთ-ერთი კერძო სკოლის - ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა „თბილისის“ - დირექტორი ლევან ხარაზიშვილი ამბობს, რომ მათ მოსწავლეებს სიცხე ნაკლებად აწუხებთ, რადგან სკოლა წყნეთში მდებარეობს და იქ შედარებით გრილა ხოლმე. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ სკოლა კერძოა, ქართული კანონმდებლობა მასაც ეხება - ისე, როგორც დანარჩენ კერძო სკოლებს:

” მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კერძო სკოლა ვართ, მაინც ვექვემდებარებით ქართულ კანონმდებლობას და ვცდილობთ, რომ ქართული აკადემიური ტრადიციებიც გავაგრძელოთ და, ბუნებრივია, ჩვენ სწავლას დავიწყებთ 15 სექტემბერს. საერთოდ, ტრადიციულად, ჩვენ სწავლას ვიწყებდით ხოლმე სექტემბრის შუა კვირის დასაწყისში. შესაბამისად, ჩვენ 13 სექტემბერს, ორშაბათს, დავიწყებდით სწავლას და რადგან განათლების სამინისტრომ ასე გადაწყვიტა, ჩვენც ამ გადაწყვეტილებას მხარი ავუბით”, -განმარტავს ლევან ხარაზიშვილი.

რადიო თავისუფლება მშობლებსაც გაესაუბრა. შორენა რატიანი ფიქრობს, რომ სასწავლო წლის ერთსა და იმავე რიცხვში დაწყება მასაც და მის მეოთხეკლასელ შვილსაც დასვენების სწორად დაგეგმვაში დაეხმარება.

”ჩემთვის მნიშვნელოვანია წინასწარ ვიცოდე, როდის დაიწყება სწავლა, ვიდრე ველოდე, როდის შემატყობინებს სკოლა სწავლის დაწყების თარიღს. ეს საშუალებას მაძლევს დავგეგმო სექტემბერი - მაგალითად, ავიღო თუ არა შვებულება - და რაც შეეხება ბავშვს, იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად აქვს ხოლმე საზაფხულო დავალებები, ეცოდინება, როდის დაიწყება სწავლა და ამ დროისთვის მოასწრებს სწავლას”, - ამბობს შორენა რატიანი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG