Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმმართველობა სუსტია, გაძლიერების ეშინიათ


ექსპერტებისა და თვითმმართველობათა წარმომადგენლების კონფერენცია. თბილისი, 27 აგვისტო 2010 წელი.
ექსპერტებისა და თვითმმართველობათა წარმომადგენლების კონფერენცია. თბილისი, 27 აგვისტო 2010 წელი.
დღეს ”თბილისი მარიოტში” ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელსაც ქართველ ექსპერტებსა და თვითმმართველობათა წარმომადგენლებთან ერთად სომხური დელეგაციაც ესწრებოდა, ადგილობრივ თვითმმართველობათა განვითარების პერსპექტივები და რეგიონალური თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. კონფერენცია საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული. მართლაც, რა პერსპექტივები აქვს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას?

როგორც ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი დავით ლოსაბერიძე ამბობს, საქართველოში თვითმმართველობის განვითარებას შიშით უყურებენ. სრული ცენტრალიზაციის პირობებში, რომელიც დავით ლოსაბერიძის შეფასებით, ისევ პოსტრევოლუციური სინდრომის ნაწილია, ყველანაირი დეცენტრალიზაციის მიმართ სრული უნდობლობაა.

”მოდი, ასე ვთქვთ: თვითმმართველობა საქართველოში არ არსებობს - ეს ჩემი დასკვნა არ არის, ფაქტია სახეზე - და ის მცირე უფლებები, რაც არსებობდა ჩვენი საუკუნის დასაწყისში, ისინიც კი მინიმუმამდე იქნა დაყვანილი და კიდევ უფრო მცირდება. მთავარი პრობლემა აქ ისაა, რომ თვითმმართველობა არ წარმოადგენს სახელმწიფოსათვის პრიორიტეტს. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმალური ცენტრალიზაციის ტენდენციაა. ტენდენცია კი არა, ეს, პრინციპში, რეალობაა და ამ სიტუაციაში საუბარი რაიმე გაუმჯობესებაზე, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად ჟღერს”,- აცხადებს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში დავით ლოსაბერიძე.

კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაც იყო ”რეგიონალური განვითარების პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში: გამოწვევები და შესაძლებლობები”, ლაპარაკი იყო ასევე იმ ბარიერების შესახებ, რომელიც ქმედითი თვითმმართველობის განვითარებას უშლის ხელს. კავკასიის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტ-ანალიტიკოსი ოთარ კიკვაძე ერთ-ერთ ბარიერად ადგილობრივ დონეზე ფინანსების სიმწირეს მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ბიუჯეტი 2002-2009 წლებში მკვეთრადაა გაზრდილი, ადგილობრივი ბიუჯეტების მაჩვენებელი კვლავ 2002 წლის მაჩვენებლებს უტოლდება:

”რეალურად ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარი შემოსავლები არ გაზრდია, ის ძირითადად დამოკიდებულია ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებულ ტრანსფერებზე. ეს ქმნის იმ პრობლემას, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეუძლია მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერი მიმართოს საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად, იგი მხოლოდ ცენტრისაგან განსაზღვრული პრიორიტეტების განსახორციელებლად იყენებს ამ სახსრებს. შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად მას რჩება ძალიან მცირე თანხები, რაც სჭირდება ნორმალურ განვითარებულ თვითმმართველობას”,- მიიჩნევს ოთარ კიკვაძე.

თვითმმართველობათა გასაძლიერებლად ექსპერტები ხელისუფლებას ურჩევენ, დაუტოვონ მათ საშემოსავლო გადასახადი, რაც მათ ფინანსებს გაზრდიდა და შესაძლებლობას მისცემდა გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიეღოთ.

საგულისხმოა, რომ, როგორც ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში დავით ლოსაბერიძე განმარტავს, თვითმმართველობის განვითარება პრიორიტეტად არც კონსტიტუციის იმ ახალ პროექტშია გამოყოფილი, რომელიც ამჟამად განხილვის სტადიაშია და საკანონმდებლო დონეზე თითქმის არაფრის შეცვლა არ არის დაგეგმილი.

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსს ზვიად არჩუაძეს კონკრეტული საკითხების ჩამოთვლა უჭირს, მაგრამ მაინც აღნიშნავს, რომ უკანასკნელი ადგილობრივი თავითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რომელიც 30 ივნისს ჩატარდა, საკრებულოების უფლებამოსილება გაიზარდა:

”აშკარაა, რომ საკრებულოების კომპეტენცია არის გაზრდილი. იმ საკითხების დიდი ნაწილი, რომლებზეც ახლა საკრებულოები მუშაობენ, ადრე იყო გამგებლების კომპეტენციაში, ანუ პოზიციები, გარკვეულწილად, შეიცვალა.”

კონფერენციაზე, რომელიც თვითმმართველობის საკითხს ეხებოდა, სომხეთის წარმომადგენელი, ამ ქვეყნის თვითმმართველობის აკადემიის პრეზიდენტი ემინ ერიციანიც ესწრებოდა. მისი შეფასებით, სომხეთში თვითმმართველობები, პოლიტიკური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია.

”პოლიტიკურად სომხური მუნიციპალიტეტები საკმარისად ძლიერია. თავიდანვე, 1996 წლიდან, ჩვენ მერის პირდაპირი არჩევნები შემოვიღეთ. ჩვენთან პარტიული ნიშნით არჩევნები არ არის და პოლიტიკური დეცენტრალიზაცია ჩვენთან ძალიან მაღალ დონეზეა. ფინანსურ უფლებამოსილებას რაც შეეხება, ის პოლიტიკურს ჩამორჩება”, - განაცხადა ნაილ ერიციანმა.

კონფერენციის ბოლოს ხელი მოეწერა მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG