Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაცია გაკონტროლდება


საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი
8 სადაზღვევო კომპანია საქართველოს რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაციას ახორციელებს. მაისში გამოცხადებული ტენდერის შედეგად შერჩეულმა სადაზღვევო კომპანიებმა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრს ალექსანდრე ურუშაძეს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაცია ჯანდაცვის სამინისტროს, სადაზღვევო კომპანიებისა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. რატომ იქმნება პროცესის მაკონტროლებელი ჯგუფი, როდის დასრულდება რეგიონებში საავადმყოფოების რეაბილიტაცია და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიების თანამშრომლობას?

რისკენაც ჩვენ მივდივართ, ეს არის, ფაქტობრივად, ჯანმრთელობის მართვა სადაზღვევოს მიერ ...
საქართველოს რეგიონებში ”ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაციის” პროექტის განხორციელებაში, მაისში გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სადაზღვევო კომპანიები ჩართო.
თავისთავად ამ გადაწყვეტილებამდე სამინისტრო შემდეგნაირად მივიდა: მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი პირების დაზღვევა დაიწყო, დამზღვეველ კომპანიებს დაეკისრათ ბენეფიციარისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების შეთავაზება. იმის გამო, რომ რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ვალდებულების ამ პუნქტის განხორციელება ეჭვქვეშ დადგა.

აქედან გამომდინარე, როგორც ჯანდაცვის სამონისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, ტენდერში გამარჯვებული 8 სადაზღვევო კომპანია რეგიონების მიხედვით გადანაწილდა. სწორედ ამ გადანაწილების მიხედვით, იმ რეგიონში, სადაც ბენეფიციარებს დააზღვევდნენ, ან იქვე არსებული საავადმყოფოც უნდა აღედგინათ, ან, თუ ეს ვერ ხერხდებოდა, ახალი აეშენებინათ.

პროექტით გაწერილია სულ, თბილისის გარდა, 46 საავადმყოფოს რეაბილიტაცია და 1130 ადგილის უზრუნველყოფა, რაც 2012 წლისთვის უნდა დასრულდეს. რეაბილიტაციის შემდეგ სადაზღვევო კომპანიები საავადმყოფოების მენეჯმენტსაც განახორციელებენ.

პირველ ეტაპზე მშენებლობის ხარისხის გასაკონტროლებლად, ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე ურუშაძის ინიციატივით, ინსპექტირების ჯგუფი შეიქმნება:

ალექსანდრე ურუშაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი
”პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მშენებლობების ზედამხედველობაზე, ვქმნი სამინისტროში ინსპექტირების ჯგუფს, რომელიც მშენებლობის ყველა ეტაპზე მივა და ჩემთან ერთად გააკონტროლებს იმ შეთანხმებების მიღწევას, რაც გვაქვს სადაზღვევო კომპანიებთან. საქართველოს რეგიონებში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ძველი, დანგრეული საავადმყოფოების ერა.”

სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარის დევი ხეჩინაშვილის შეფასებით, სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიების ამგვარი თანამშრომლობა სისტემური ცვლილებაა:

”რისკენაც ჩვენ მივდივართ, ეს არის, ფაქტობრივად, ჯანმრთელობის მართვა სადაზღვევოს მიერ, სადაც სადაზღვევო გამოდის როგორც არა მხოლოდ ფინანსურ აგენტად, არამედ ჯანმრთელობის მმართველად.”

პროცესში მონაწილეობის რა ინტერესი აქვთ სადაზღვევო კომპანიებს? მაგალითად, ”ალდაგი“- ”ბი სი აი”-ს გენერალური დირექტორი ნიკოლოჩ ჩიხლაძე ამბობს, რომ კომპანია მოგებაზეა ორიენტირებული:

”ამ საავადმყოფოებს ჩვენი კომპანია უყურებს როგორც სუფთა ბიზნესს, იმიტომ რომ 2006 წლიდან ამ ბიზნესში ვართ, ჩვენი საკუთარი 5 კლინიკა გვაქვს და ეს კლინიკები დღეს მომგებიანია - იქ დადის ჩვენი დაზღვეულიც და არადაზღვეულიც, და ეს არის ბიზნესი და, ფაქტობრივად, ჩვენ ვაფართოებთ საკუთარ ბიზნესს.”

იმ შემთხვევაში, როცა სადაზღვევო კომპანია ფლობს ჰოსპიტალურ სექტორს, მას საშუალება აქვს საკუთარი კლიენტების მომსახურებაზე მომსახურების ხარჯები შეამციროს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”სადაზღვევო ინსტიტუტის” მთავარი ექსპერტი ლევან კალანდაძე სახელმწიფოს გადაწყვეტილებას სადაზღვევო კომპანიებისთვის გადაებარებინა ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაცია აფასებს როგორც იძულებით და, ამავდროულად, პრაგმატულ ნაბიჯს. მეორე მხრივ კი, მაშინ როცა, მისი შეფასებით, ჯანდაცვის სფერო ქვეყანაში რეგულაციის გარეშე არსებობს, სადაზღვევო კომპანია, რომელიც აზღვევს და თან ოპერირებას და მენეჯმენტს ახორციელებს, მაქსიმალური მოგების მიღებითაა დაინტერესებული, რაც მომსახურების ხარისხზე პირდაპირ აისახება:

”სრულიად შესაძლებელია გარკვეული სტატუსის მქონე პირებისათვის ეს სერვისი იყოს ძვირი და გარკვეული პირებისათვის იაფი და, შესაბამისად, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე.”

სადაზღვევო კომპანიას სხვა ინტერესიც აქვს. იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული სხვა კლინიკაში წავა, სადაზღვევო კომპანია მას იქ მომსახურებისთვს ფულს უხდის, საკუთარი კლინიკიდან კი ფული არსად გაედინება, მიიჩნევს ლევან კალანდაძე. ამას გარდა, ფასების კონტროლიც მის ხელშია:

”იმ შემთხვევაში, როცა სადაზღვევო კომპანია ფლობს ჰოსპიტალურ სექტორს, მას საშუალება აქვს საკუთარი კლიენტების მომსახურებაზე მომსახურების ხარჯები შეამციროს.”

სადაზღვევო კომპანიები რეაბილიტაციის პროცესს საკუთარი სახსრებით ახორციელებენ. ზოგადად საქართველოში ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად აშშ-ის განვითარების სააგენტოსაც აქვს გამოყოფილი თანხა 20 მილიონი დოლარის ოდენობით, ამ კონკრეტულ მიმართულებაში კი 9,7 მილიონი დოლარით მონაწილეობს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG