Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კონფლიქტის ზონის სოფლები ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე


ომის შედეგად დანგრეული სახლი სოფელ ერგნეთში
ომის შედეგად დანგრეული სახლი სოფელ ერგნეთში
კონფლიქტის ზონის სოფლებს ახალგაზრდები ტოვებენ. ნიქოზი, ხვითი, ერგნეთი, მეღვრეკისი, დიცი და კიდევ არაერთი სოფელი აგვისტოს ომის შემდეგ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ სოფლებში მოსავლის მიღება სარწყავი წყლის უქონლობის გამო შეუძლებელია. ადგილობრივი გლეხების ნაწილმა ომის შემდეგ მიწაც დაკარგა, როგორც ცნობილია, გორის რაიონში სასოფლო სამეურნეო სავარგულების ნაწილი ამჟამად ოკუპირებულია. მოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა კი უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა. შეუძლებელია ტყეში გასვლაც, რადგან კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტყეები რუსულ და ოსურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს აქვთ დაკავებული. სოფელი დიცი აგვისტოს ომის დროს რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ხელისუფლებამ მხოლოდ დაზიანებული სახურავები გამოცვალა, ბევრ სახლს კი მინები ისევ ჩამსხვრეული აქვს. დიცელები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ თუ დახმარება დროულად არ იქნება, სოფელი მთლიანად დაიცლება.

ბოლო სამი თვის განმავლობაში კონფლიქტის ზონის სოფლებში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ჩავიდნენ, რომლებიც სხვადასხვა ტრიბუნიდან მოუწოდებენ ხელისუფლებას, ამ სოფლებში პრობლემების მოგვარებისკენ. ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში ბოლოს რესპუბლიკელების და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერები იმყოფებოდნენ. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი ახვლედიანი დიცში ყოფნისას, იქ შექმნილი მდგომარეობით გაკვირვებული დარჩა და აღნიშნა, რომ სოფელი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. უმცირესობის წარმომადგენლები საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებით, პრობლემების საბოლოო მოგვარებამდე მუდმივად მოსთხოვენ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

კონფლიქტის ზონის სოფლებში შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ ხელისუფლებისთვისაც კარგად არის ცნობილი. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა მხარის გუბერნატორი, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრები შეკრიბა და მათ 10 დღეში დაზარალებული მოსახლეობის დახმარება დაავალა. შეშა და ფქვილი დაუყონებლივ უნდა მიეწოდოს მოსახლეობას, გარდა ამისა მათი ჩართვა უნდა მოხდეს როგორც სოციალურ, ისე საგანმანათლებლო პროგრამებში. პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის მინისტრისგან პირობა მიიღო, რომ მომავალ წელს კონფლიქტის ზონის ყველა სოფელში სარწყავი წყლის პრობლემა მოიხსნება. უკვე აცივდა და ადგილობრივი მოსახლეობა, პირველ რიგში, შეშით დახმარებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG