Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერევიდან გასვლა - პირველი თუ ერთადერთი ნაბიჯი?


რუსი ჯარისკაცების საგუშაგო სოფელ პერევში. 2009 წ.
რუსი ჯარისკაცების საგუშაგო სოფელ პერევში. 2009 წ.
ორწლიანი ოკუპაციის დასრულების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საჩხერის რაიონის სოფელ პერევში შევიდნენ. მოგვიანებით სოფელში პატრულირება დაიწყეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმაც. პერევიდან რუსი სამხედროების გასვლას გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი, რომელმაც რუსეთის გადაწყვეტილებას ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. მოჰყვება თუ არა მას სხვა ნაბიჯები?

სოფელ პერევში, რომელიც იმერეთის მხარის საჩხერის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს, 2002 წლის აღწერის მონაცემებით, 632 ადამიანი ცხოვრობს. სოფელი ყოველთვის საჩხერის რაიონს ეკუთვნოდა, თუმცა რუსი სამხედროების მიერ მოწყობილი ბლოკ-პოსტების წყალობით პერევი დანარჩენ საქართველოს მთელი 26 თვის განმავლობაში იყო მოწყვეტილი. ოკუპაციის დასრულების შესახებ პირველი განცხადება 14 ოქტომბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მეცამეტე რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გააკეთა, 18 ოქტომბერს კი პერევის გათავისუფლების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა:

„საღამოს 4 საათისთვის პერევიდან გავიდა ბოლო რუსი ჯარისკაცი. ახლა იქ არიან ქართველი პოლიციელები და ევროკავშირის დამკვირვებლები. სოფელში სიმშვიდეა“.

სიმშვიდე შეინარჩუნა საქართველოს ხელისუფლებამაც, რომლის წარმომადგენლები პერევის დეოკუპაციას ზომიერი ოპტიმიზმით შეხვდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალური თბილისი აღნიშნულ ფაქტს აფასებს სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად, თუმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ სოფელ პერევიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანა მხოლოდ მიკროსკოპული ნაბიჯია იმ ვალდებულებების ფონზე, რომლებიც რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად. აღნიშნული შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე ილაპარაკა საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანმა მანანა მანჯგალაძემაც.
პერევიდან რუსი სამხედროების გასვლას მიესალმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„მოუთმენლად ველი შემდგომ წინსვლას, რათა სრულად განხორციელდეს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმება და მისი შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებები, რაც 2008 წლის 8 სექტემბრითაა დათარიღებული“.

მაინც რა ვალდებულებები აკისრია რუსეთს 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების მიხედვით? რას ითხოვს ევროკავშირი? ამ შეკითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ 2008 წლის 8 სექტემბერს გასცა ევროკავშირის მაშინდელი პრეზიდენტი ქვეყნის მეთაურმა ნიკოლა სარკოზიმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. აი რას ვკითხულობთ რონალდ ასმუსის წიგნში „პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო“ :

„არსებობს შეთანხმება, არსებობს თარიღი, არსებობს ვადები... როგორც ტექსტის ერთ-ერთმა ავტორმა, შემიძლია ის გითხრათ, რომ ყველაფერი მათემატიკური სიზუსტითაა გათვლილი. 15 ოქტომბრის შემდეგ არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ უნდა იყოს იქ, სადაც 7 აგვისტომდე არ იმყოფებოდა. ამასთან, ევროკავშირის დამკვირვებლებს შესაძლებლობა ექნებათ თავისუფლად შევიდნენ სეპარატისტულ პროვინციებში და დაეხმარონ ლტოლვილებს შინ დაბრუნებაში...“

თუმცა 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების ძირითადი პუნქტები დღემდე არ სრულდება და, როგორც რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი ვარაუდობს, არც შესრულდება:

„ვფიქრობ, პერევიდან ქვედანაყოფების გაყვანით რუსეთმა, ბევრ სხვა რამესთან ერთად, მოახდინა იმ ხაზის დემონსტრირება, რომლის იქითაც აღარ გადავა. აშკარაა, რომ კომპრომისი არ იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხში. რაღაც წვრილმანები, როგორც მოცემულ სიტუაციაშია, შესაძლოა დათმოს რუსეთმა“.

სერგეი მარკედონოვის მსგავსად, რუსეთის ხელისუფლებისგან მყისიერ კონსტრუქციულ ქმედებას არც ქართველი ექსპერტები მოელიან. მათი თქმით, საჭიროა უსაფრთხოების ახალი მექანიზმების შექმნა და საერთაშორისო წნეხის გაძლიერება. პერევიდან ჯარის გაყვანა კი შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსეთის სურვილს, სანდო პარტნიორად წარმოჩნდეს ნატოს სამიტის წინ, რომელსაც პორტუგალიის დედაქალაქი ნოემბერში უმასპინძლებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG