Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი იყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 2010 წელს


მრგვალი მაგიდა: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში
მრგვალი მაგიდა: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით, დღეს მრგვალი მაგიდა მიეძღვნა საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. პრობლემა რომ აქტუალურია და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია, ამაზე ერთხმად თანხმდებიან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თუმცა გარკვეულწილად პოზიტიური შეხედულება აქვთ ამის თაობაზე სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებს.

ტარდება კონფერენციები, მრგვალი მაგიდები, იმართება დისკუსიები, მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივები, მაგრამ პრობლემა ჯერჯერობით ისევ პრობლემად რჩება. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ხშირ შემთხვევაში, კვლავ ხელმიუწვდომელია. მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტური საქმიანობის ერთ-ერთ სერიოზულ ბარიერად, ასე ვთქვათ, სახელმწიფო უწყებების კარჩაკეტილობას ასახელებენ.

თუკი საჯარო ინფორმაციაზე ვისაუბრებთ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ თვალსაზრისით 2010 წელი ძალიან მძიმე იყო, ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ნინო დანელია. გასულ წლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით, ყველაზე პრობლემურ სტრუქტურებად ძალოვანი სამინისტროები სახელდებოდნენ, წელს კი მათ რიცხვს სხვა ოფიციალური სტრუქტურებიც წარმატებით შეუერთდნენო, აღნიშნავს ნინო დანელია რადიო თავისუფლებასთან საუბარში და იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბრობს, რომელიც კიდევ უფრო ართულებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას:

ნინო დანელია, მედიაექსპერტი
”ძალიან სერიოზული პრობლემა - ეს არის სასამართლო. 2008 წლის საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, გაძვირდა სასამართლო ბაჟი. თუკი მიმართავ სასამართლოს, უნდა გადაიხადო ბაჟი 100 ლარის ოდენობით და აქვე მეორე ცვლილებაც: ჩაემატა პასუხისმგებელი ზედა უწყება, რომელმაც უარის შემთხვევაში უნდა მოგცეს პასუხი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ საჯარო ინფორმაციის მიღების დრო იწელება და თუკი შენ ხარ ჟურნალისტი, მაშინ გექმნება სერიოზული პრობლემა”.

საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ლალიაშვილი, და ამბობს, რომ ამ პროცესში აქტიურად უნდა იყოს ჩართული როგორც თავად მედია, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ის იმ კანონპროექტზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც პარლამენტში მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა წარადგინა:

ჩვენ, ძირითადად, ვაწყდებით ინფორმაციის დაგვიანებით გაცემის პრობლემას. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთადერთი გამოსავალი სასამართლოსადმი მიმართვა იყო...
”ჩვენ გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა მედიაექსპერტების ჯგუფთან. უკვე მზად არის კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე გასულია და საგაზაფხულო სესიაზე წერტილს დავუსვამთ იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს არის ქვეყანაში და ნამდვილად არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი”, - ამბობს ნიკოლოზ ლალიაშვილი.

საჯარო ინფორმაციის მოპოვება რთულ საქმედ ექცათ არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ სახალხო დამცველსაც. გიორგი ტუღუში რადიო თავისუფლებასთან პირად გამოცდილებაზე საუბრობს:

”ჩემს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, როდესაც დროულად არ მიგვიღია საჯარო ინფორმაცია, მაგალითად, თავდაცვისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებიდან. ჩვენ, ძირითადად, ვაწყდებით ინფორმაციის დაგვიანებით გაცემის პრობლემას. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთადერთი გამოსავალი სასამართლოსადმი მიმართვა იყო”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ვახუშტი მენაბდე, ჩვენთან საუბრისას იმ არასახარბიელო სტატისტიკაზე მიუთითებს, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებებს შეეხება:

აშკარად თვალშისაცემია პროგრესი და დამოკიდებულება სახელმწიფო უწყებების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით...
”საქმეების უმრავლესობა ჩვენთვის არასასურველი შედეგებით სრულდება. სასამართლოში ვერ ვაღწევთ იმ უფლებების დაცვას, რომლებიც კონსტიტუციით გააჩნია ადამიანებს”, - აღნიშნავს ვახუშტი მენაბდე.

საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ბაჩანა შენგელია. მისი თქმით, უკანასკნელი წლების განმავლობაში სიტუაცია უკეთესობისაკენ მიდის, თუმცა გარკვეულ პრობლემებს ვერც ის უვლის გვერდს:

”პრობლემებია ვადის დაცვასთან დაკავშირებით, მაგრამ გეუბნებით, აშკარად თვალშისაცემია პროგრესი და დამოკიდებულება სახელმწიფო უწყებების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ყველა სტრუქტურაში შეინიშნება პოზიტიური ძვრები”, - ამბობს ბაჩანა შენგელია.

აქვე ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ, ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, შეიქმნა ვებსაიტი, რომელიც ყველა ტიპის საჯარო ინფორმაციის მოგროვება-განთავსებას ისახავს მიზნად... და თუკი დასაწყისს დავუბრუნდებით, ტარდება კონფერენციები, მრგვალი მაგიდები, იმართება დისკუსიები, მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივები, იხსნება ვებსაიტებიც, მაგრამ ხელოვნურად დახურული საჯარო ინფორმაციის პრობლემა ისევ გადაუწყვეტელი რჩება.
XS
SM
MD
LG