Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ზარია ვოსტოკას” შენობის გადასარჩენად


რუსთაველის 42
რუსთაველის 42
ამ ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში გავრცელდა რამდენიმე პეტიცია, რომლის ხელმომწერებიც რუსთაველის 42-ში მდგარი ე.წ. ”ზარია ვოსტოკას” შენობის გადარჩენის მოთხოვნით გამოდიან. პეტიციაში წერია, რომ ამ შენობის რეაბილიტაციის არანაირი საჭიროება არ არსებობდა და სასწრაფოდ უნდა შეწყდეს მისი უკანა ფასადის ნგრევა. 12 იანვარს არასამთავრობოთა ერთი ნაწილი თბილისის კულტურული მემკვიდრეობისა და ამ კონკრეტული შენობის დაცვის მიზნით საპროტესტო აქციას გეგმავს.

”ვისაც გჯერათ, რომ კულტურული მემკვიდრეობა არის არა გემოვნების საგანი, არამედ ფაქტი და ვინც ფიქრობთ, რომ ეს ფაქტი არტეფაქტად არ უნდა იქცეს, და ვისაც განაღვლებთ თბილისის წარსული, მისი კულტურული მემკვიდრეობის ბედი, ვისაც მიგაჩნიათ, რომ ქალაქის მნიშვნელოვან ნაგებობებთან დაკავშირებით აუცილებელია როგორც პროფესიული, ასევე ზოგადად საზოგადოების აზრის გათვალისწინება,მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ ოთხშაბათს, 12 იანვარს, 17 საათზე, რუსთაველის 42-თან!!! ერთად დავიცვათ ”ზარია ვოსტოკას” შენობა”, - ეს ტექსტი სოციალურ ქსელ ფეისბუქით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა „თბილისის ჰამქრის“ მიერ.
რუსთაველის 42

ინტერნეტსივრცეში სხვა საზოგადოებრივი ჯგუფის განცხადებებსაც შეხვდებით, რომელთა მიზანი „ზარია ვოსტოკას“ შენობის ნგრევის შეჩერებაა.

”ჩვენ ვითხოვთ, რომ ნგრევა გაჩერდეს, ჩართონ ამ პროცესში ექსპერტები და მათი ზედამხედველობით განხორციელდეს რეკონსტრუქცია. ერთი წელია ვცდილობთ დავესწროთ მერიასთან არსებული სამეცნიერო საბჭოს სხდომებს, სადაც ამ საკითხს განიხილავენ და რომელიც არის საჯარო, მაგრამ ყოველ ჯერზე უარით გვისტუმრებენ იმ მოტივით, რომ დარბაზში ადგილი არ არის”, - ამბობს „თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი ალექსანდრე ელისაშვილი.

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის ინფორმაციით, ”ზარია ვოსტოკას” რეკონსტრუქციის პროექტი დამტკიცებული არ არის, თუმცა ახლა სწორედ ამ ფაქტის დაზუსტებას ცდილობენ:

”თუ მართლაც დამტკიცებული არ არის პროექტი, მაშინ არავის ჰქონდა შენობის დემონტაჟის უფლება. და თუ ეს ასეა, აუცილებლად უნდა შევიდეს ეს საქმე სასამართლოში. ფაქტია, რომ მხოლოდ რუსთაველზე გამომავალი ფასადია საღი, შიგნიდან შენობა სულ გამოფატრულია და უკანა მხარეც დანგრეული”.
ეს ე.წ. ინტერნაციონალური სტილია და კარგად ასახავს, რამდენად ინტეგრირებულები ვიყავით მაშინაც მსოფლიო არქიტექტურასთან, მაშინ არსებული ტენდენციები რამდენად მარტივად შემოდიოდა თბილისში. ამ სტილის შენობა კი სულ რამდენიმეა ჩვენთან...

მერიასთან არსებული სამეცნიერო საბჭოს წევრმა მაკა შავიშვილმა კი დაგვიდასტურა, რომ პროექტი განიხილეს, თუმცა დღემდე არ დამტკიცებულა.

1930 წელს თბილისში მოღვაწე ხუროთმოძღვრის, დავით ჩისლევის, პროექტით აშენებულ „ზარია ვოსტოკას“ შენობას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი 2007 წელს მოუხსნეს. თუმცა, როგორც თამარ ამაშუკელი გვეუბნება, ექსპერტების დასკვნას, თუ რა იყო ამის მიზეზი, მათ ვერ მიაკვლიეს. პროექტის ავტორებში ფიგურირებს გერმანული კომპანია, რომლის ინტერნეტსაიტზეც, ამაშუკელის ინფორმაციით, ასევე დევს ნარიყალას მიდამოების რეკონსტრუქციის ულტრათანამედროვე ელემენტების მომცველი პროექტიც. რით არის გამორჩეული ”ზარია ვოსტოკას” შენობა და რა მნიშვნელობა აქვს მისი ძველი სახით შენარჩუნებას? ხელოვნებათმცოდნეები აცხადებენ, რომ, პირველ რიგში, ეს არის, უბრალოდ, ლამაზი შენობა და შემდეგ:

”ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მაგალითი ერთ-ერთი გავრცელებული და საინტერესო სტილის - კონსტრუქტივიზმის, რომელიც რუსეთში 20-30-იან წლებში წარმოიშვა და გამოძახილი იყო აშშ-სა და ევროპაში არსებული სტილისა. ეს ე.წ. ინტერნაციონალური სტილია და კარგად ასახავს, რამდენად ინტეგრირებულები ვიყავით მაშინაც მსოფლიო არქიტექტურასთან, მაშინ არსებული ტენდენციები რამდენად მარტივად შემოდიოდა თბილისში. ამ სტილის შენობა კი სულ რამდენიმეა ჩვენთან“.

ზოგადად მოდერნიზაციის წინააღმდეგი არავინ არის, აცხადებს თამარ ამაშუკელი, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ისტორიის ხარჯზე, რისი არაერთი მაგალითიც უკვე არსებობს.
რადიო თავისუფლება ასევე ესაუბრა მერიასთან არსებული საბჭოს კიდევ ერთ წევრს, ხელოვნებათმცოდნე მარიამ დიდებულიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ პირადად მას პროექტი ჯერჯერობით არ უნახავს და მხოლოდ გადმოცემით იცის რა შეიცვლება „ზარია ვოსტოკას“ შენობის რეკონსტრუქციის შედეგად:
რუსთაველის 42

”როგორც მე ვიცი, ”ზარია ვოსტოკას” შენობა რჩება თავისი პირველსახით, არაფერი იცვლება. შეიცვლება მხოლოდ მისი უკანა ნაწილი, შემდგომ მიშენებული მხარე. თუმცა ეს მხარეც, როგორც მითხრეს, საკმაოდ მაღალი გამოდის, რაც არ მგონია, რომ გამართლებული იყოს. თუმცა სიმართლე გითხრათ, მე ჯერ არ მინახავს პროექტი და იმედი მაქვს, კიდევ შემოვა განსახილველად საბჭოზე”.

საზოგადოებრივ საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც რუსთაველის 42-ში მდებარე შენობის ნგრევას აპროტესტებენ, ახლა ერთადერთი მიზანი აქვთ, მაქსიმალურად შენარჩუნდეს „ზარია ვოსტოკას“ იერსახე - ის, რაც დანგრევას გადაურჩა - და განახლებული პროექტის შედეგად მიღებული შენობა უპრეტენზიოდ ჩაჯდეს რუსთაველის გამზირის არქიტექტურაში; ამ მიზნის მისაღწევად კი ერთადერთი ბერკეტი მორალური ზეწოლაა, რადგან იურიდიულად შენობას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი, როგორც გითხარით, რამდენიმე წლის წინ მოუხსნეს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG