Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები გამოსახლების წინააღმდეგ გამოდიან


დევნილთა საპროტესტო აქცია
დევნილთა საპროტესტო აქცია
პარლამენტის შენობის წინ დევნილებმა მორიგი მიტინგი გამართეს. მათი განცხადებით, არის მოლოდინი, რომ დევნილთა გამოსახლება განახლდება. დევნილები ამ პროცესის შეჩერებას და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას საპროტესტო აქციებით ცდილობენ. იმ შემთხვევაში კი, თუ გამოსახლების პროცესი მართლაც დაიწყო, დევნილები პარლამენტის შენობის წინ მჯდომარე აქციის გამართვას არ გამორიცხავენ.

დღეს, როდესაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისიდან დევნილთა გამოსახლების პროცესი უნდა განახლებულიყო, პარლამენტის წინ დანიშნულ საპროტესტო აქციაზე 300-მდე მომიტინგე შეიკრიბა. მიტინგს დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა მანუჩარ სიგუამ მიმართა:

”ვისაც - ახალგაზრდებს - ძალა ერჩის, როგორც კი მოხდება გამოსახლება, მივუვარდეთ იქ და არ დავუშვათ, რომ გაასახლონ ვინმე...”

გასული წლის ბოლოს, დეკემბრის თვეში, თბილისში განსახლებულმა დევნილებმა ოფიციალური შეტყობინება მიიღეს, რომ დაკავებული ფართი 10 დღის მანძილზე უნდა დაეცალათ. საპროტესტო აქციების შემდეგ ვადამ 15 იანვრამდე გადაიწია, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, როდის განახლდება გამოსახლების პროცესი. დევნილები კი მყარ გარანტიებს და კომპენსაციებს მოითხოვენ. ამ მოთხოვნების შესახებ საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი, ამბობს:

დევნილთა საპროტესტო აქცია
”არ ვაპირებთ გაჩერებას მანამ, სანამ თითოეულ დევნილთან არ იქნება მიღწეული წერილობითი შეთანხმება საცხოვრებელი ფართის დაკანონების ან ფულადი კომპენსაციის თაობაზე, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ეს ადამიანები რჩებიან უსახლკაროდ...”

კომპენსაციებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოზიცია ცნობილია. მინისტრი კობა სუბელიანი ორიოდე კვირის წინ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებდა, რომ კომპენსაციები დეკემბერში უკვე გაიცა, იანვარში დააკმაყოფილებენ კიდევ რამდენიმე ოჯახს და ამით ეს პროცესი დასრულდება. მისივე განცხადებით, საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში უკვე 22 ათასი დევნილი ფლობს.

თუმცა ფართის დაკანონება არ არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც დევნილები და მათი ლიდერები აყენებენ. ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ხელისუფლება დევნილების დასაქმებაზე არ ზრუნავს:

”მათ სთავაზობენ მხოლოდ და მხოლოდ კორპუსში ბინას სოფელში, რაც ნიშნავს, რომ ისინი განწირული იქნებიან შიმშილისთვის, რადგან დევნილების დახმარება არის 28 ლარი და, ბუნებრივია, სოფელში სამუშაო ადგილები არ არსებობს.”

საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა ეს ბრალდება არახალია. მას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა ორიოდე კვირის წინ უპასუხა. მისი განცხადებით, დევნილებს მიკროსესხებით ეხმარებიან, რაც მათი თვითდამკვიდრების პროცესს ხელს უწყობს:

”ვიყავი წინამძღვრიანთკარში - დუშეთისკენ არის ეს - და ვნახე, რომ იქ რამდენიმე ოჯახმა მიკროსესხით ფუტკრის სკები გააკეთა, ზოგიერთმა ქათმები მოაშენა, 20-25 ფრთა ქათამი ჰყავს, რაც სერიოზული შეღავათია ოჯახისთვის. ერთმა კაცმა საერთოდ გაგვაგიჟა: საკუთარი სახლის სარდაფში სოკო მოაშენა და ორ დღეში ერთხელ 100 კილოგრამს აბარებს და 5-6 ლარი ღირს თურმე კილო ხის სოკო.”

მიუხედავად ამგვარი პრეცედენტების არსებობისა, დევნილთა გარკვეული ნაწილი თბილისიდან რეგიონებში საცხოვრებლად წასვლას მაინც აპროტესტებს და საკუთარი არგუმენტებიც მოჰყავს:

”სად უნდა გავიდეთ ამისთანა ზამთარში... ამისთანა უგულო ხალხი თუ იყო საქართველოში, არ მეგონა.”

დევნილები და მათი საპროტესტო მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ გამოსახლების პროცესის დაწყების შემთხვევაში, პროტესტის უფრო მწვავე მეთოდებს მიმართავენ.
XS
SM
MD
LG