Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეკომენდაციები საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე


თამარ ჩუგოშვილის პრესკონფერენცია
თამარ ჩუგოშვილის პრესკონფერენცია
პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, პირველივე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის სტუმარი საქართველოს პრეზიდენტი იქნება - მიხეილ სააკაშვილი წლის შემაჯამებელი ანგარიშით უნდა წარდგეს. პრეზიდენტი პარლამენტში, სავარაუდოდ, 10 თებერვალს მივა. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. არასამთავრობო ორგანიზაციაში ყურადღება გაამახვილეს 3 კანონპროექტზე, რომელთა განხილვაც საშემოდგომო სესიაზე დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა.

პირველი შეეხება ცვლილებებს და დამატებებს ”მაუწყებლობის შესახებ კანონში“, მეორე არის ”თავისუფლების ქარტია“ და მესამე - ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში” დამატებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი.

საიაში ფიქრობენ, რომ სამივე კანონპროექტი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და, შესაბამისად, თავს მოვალედ მიიჩნევენ მოსაზრებები და რეკომენდაციები გაუზიარონ პარლამენტს.

თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შემთხვევაში, საიას აზრით, პარლამენტარებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი პუნქტები: საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფრო მეტი ცოდნა მედიამფლობელების შესახებ და დაფინანსების მიღების წყაროების შესახებ. საიას საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა განმარტავს:

”დავუშვათ, ლიცენზიის მფლობელი არის შპს ტელეიმედი. ჩვენ გვაინტერესებს, ვინ არიან შპს ტელეიმედის პარტნიორები, ამ პარტნიორების პარტნიორები ვინ არიან, თუ ისინი იურიდიული პირები არიან... ანუ გვინდა ჩასვლა ბოლომდე, სანამ არ მივადგებით კონკრეტულ ფიზიკურ პირებს.”

თათული თოდუა ამბობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია მედიასაშუალების დაფინანსების წყაროების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, ანუ გამკაცრდეს კანონპროექტში მედიასაშუალების ვალდებულებების შესახებ მუხლი.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი საიას მიერ რეკომენდაციების მიწოდების ასეთ ფორმას არაპროდუქტიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ექსპერტებთან თანამშრომლობის მომხრეა, მაგრამ საქმიან გარემოში და არა პრესკონფერენციების გზით. რაც შეეხება კანონს მაუწყებლობის შესახებ, აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ პროექტი ჯერ კიდევ სრულყოფის სტადიაშია:

”იმ ცვილებებით, რომელიც კონკრეტულ კანონპროექტში შედის, საუბარია მედიის მფლობელების ვინაობის გამჭვირვალობაზე. კონკრეტული შედეგი კონსულტაციების შემდეგ ის იყო, რომ ამოვიღეთ ოფშორში დარეგისტრირების მუხლი. რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, მოქმედ კანონმდებლობაში უკვე წერია, რომ დაფინანსების წყაროები უნდა იყოს ღია. თუ როგორ უნდა ავამუშაოთ, მიდგომები როგორი უნდა გვქონდეს, ამაზე მუშაობა ისევ გრძელდება და ეს მუშაობა გულისხმობს ასევე მათთან (საიასთან) მუშაობასაც.”

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, ”თავისუფლების ქარტიას“, რომელზეც პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე ორი მოსმენით უკვე იმსჯელა, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საპარლამენტო მდივნის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია არსებული რედაქციით მისი დამტკიცება. თათული თოდუა ამბობს, რომ 15-მუხლიანი კანონპროექტი მის მიზნებთან შეუსაბამოა, მისი შინაარსობრივი და გრამატიკული გაუმართაობა კი ადამიანის უფლებათა დარღვევის დიდ ალბათობას შეიცავს:

” ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა შინაარსის გაგებაც კი, სწორედ ამ გრამატიკული გაუმართაობის გამო. თავიდან გვქონდა მცდელობა, რომ გვემუშავა მასზე და ჩვენი დასკვნა დაგვეწერა, მაგრამ შემდეგ წარმოუდგენელი აღმოჩნდა, რადგან ნორმის წაკითხვაც კი შეუძლებელი იყო.”

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი მთავრობის ინიცირებული არ არის, მთავრობის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს. მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ამომწურავად უნდა შეიცავდეს ყველა განმარტებას. მისი თვალსაზრისით, არსებობს ჩარჩო კანონებიც, რომლებიც შემდგომ სხვა დებულებებით მყარდება:

” ამ შემთხვევაში წრამოდგენილ კანონპროექტში ხდება ქვეყნის უსაფრთხოების თემების დეკლარირება; ასევე, თუ რამდენად უნდა შეუწყოს ხელი ქვეყნის ხელისუფლებამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის დეკლარირებული დებულებების შინაარსის კანონპროექტი, ამ შინაარსს ის შეესაბამება.”

და მესამე კანონპროექტი შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში დამატებების შეტანას, ეს კი გულისხმობს ნებისმიერი პირის მიერ გამოცემულ ნაბეჭდ პროდუქციაზე წარწერის განთავსებას. წარწერის შინაარსი უნდა იყოს ის, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. საიაში ფიქრობენ, რომ ასეთი წარწერის იძულება მწვავე სოციალურ აუცილებლობას არ წარმოადგენს და არც იმ საბოლოო მიზანს შეესაბამება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებითაა მოტივირებული. კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტია. კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი თბილისში არ იმყოფება და კომენტარზე უარი გვითხრა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კახა ანჯაფარიძე კი ამბობს, რომ ეს კანონპროექტი მანამდე შევიდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სანამ ის მისი წევრი გახდებოდა. ამდენად, საკითხის კომენტირება უჭირს, თუმცა საიასთან თანამშრომლობის წინააღმდეგი არაა:

”თუ მათ აქვთ კონკრეტული რეკომენდაციები, მათ შეუძლიათ მოგვაწოდონ და ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ჩვენ მას გავივლით ისე, როგორც არაერთხელ გაგვივლია. ბრიფინგზე მოსაზრებების გაჟღერებით ძალიან ძნელია სამუშაო პროცესში რეკომენდაციების ასახვა. მოგვმართეთ კონკრეტული რეკომენდაციებით და ჩვენ მას გავითვალისწინებთ, თუ ეს რეგლამენტს შეესაბამება.”

მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი კი კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ”ფრთხილს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი განხილვა წინა სესიაზე იმიტომ არ დასრულდა, რომ მასზე კონსულტაციები გაგრძელებულიყო.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG