Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა, 19 თებერვალი 2011


განვლილი კვირის მანძილზე დასავლეთის პრესაში რამდენიმე საყურადღებო სტატია დაიბეჭდა საქართველოს შესახებ. მათ შორის არის პუბლიკაციები, რომლებიც მომზადდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრების საფუძველზე.

გერმანიის გამოცემა „ველტს“, ნორვეგიის გაზეთ „აფტენპოსტენთან“ ერთად მიეცა შესაძლებლობა, გაცნობოდა ათიათასობით საიდუმლო დეპეშას, მათ შორის 250 საიდუმლო ოქმს ნატოს საბჭოს სხდომების შესახებ. საქმე ეხება ნატოს საბჭოს შეკრებებს 2006 წლიდან 2010 წლის თებერვლამდე, ამდენად მასალა, რომელიც „ველტს“ და „აფტენპოსტენს“ მიაწოდა ვებსაიტმა „ვიკილიკსმა“, ასახავს 2008 წლის აგვისტოსაც - საქართველო-რუსეთის ომს. როგორც გაზეთ „ველტში“ ვკითხულობთ, „მაშინ, როცა კავკასიაში ჭურვები ცვიოდა და ტანკები დაგორავდა, ცხარე შეტაკება მძვინვარებდა მსოფლიოს უძლიერეს სამხედრო ალიანსშიც. ნატოს ქვეყნები კამათობდნენ... იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება. გერმანელები რუსეთის მხარდამჭერი არგუმენტებით სარგებლობენო“, ჩიოდნენ ამერიკელები“. წერს ველტი. მისივე ცნობით, "ვიკილიკსისაგან" მიღებული დოკუმენტები ცხადყოფს, როგორ ებრძვის ალიანსი საკუთარ რიგებში განხეთქილებას, რომელიც გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე ნატოს წარმომადგენლები საჯაროდ აღიარებენ. განხეთქილება სუფევს რამდენიმე საკითხის გამო - და მათ შორის მუდმივად ფიგურირებს ურთიერთობა რუსეთთან, ცივი ომის პერიოდის მოწინააღმდეგესთან. სტატიაში მოყვანილია ნატოში შეერთებული შტატების ელჩის, ივო დაალდერის შეფასება, რომელიც მან 2009 წლის ივნისში გამოთქვა: „არაფერი იწვევს ნატოში ისეთ დაპირისპირებას, როგორსაც რუსეთიო“.

"ვიკილიკსისაგან" მოპოვებულ მასალებში ფიგურირებს ცნება „ხუთეულის ბანდა“ - ასე მოიხსენიებენ ამერიკელი დიპლომატები ქვეყნებს, რომლებიც მუდამ „რუსეთის მხარდამჭერი არგუმენტებით“ გამოდიან. “გერმანია უძღვება ოპონენტებს ხუთეულის ბანდაში, რომელსაც საფრანგეთი, ნიდერლანდი, ესპანეთი და ნორვეგია მიეკუთვნებიდან, ზოგჯერ პორტუგალიაც...“ - ვკითხულობთ ამერიკელების დეპეშაში, რომელიც 2008 წლის 27 ივნისს გაიგზავნა. ბრიტანეთს, დანიასა და იტალიას ამერიკელები „მოყოყმანე დასავლეთად“ მიიჩნევენ, მაშინ როცა საკუთარ თავს, კანადასთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ჩეხეთთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან ერთად მიაკუთვნებენ „მხარდამჭერ ჯგუფს“. მხარდაჭერა მიმართულია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებისა და მოსკოვისადმი უფრო კრიტიკული კურსის მიმართ.

ახლა ისევ „ხუთეულის ბანდას“ დავუბრუნდეთ: „ნატოს საიდუმლო შეხვედრაზე გერმანიამ გააფრთხილა პარტნიორები, რომ ნატო - ახალ წევრად საქართველოს მიღებით - „ახალი კიპროსის“ იმპორტს მოახდენდა. ამერიკელი მეთვალყურეები კი გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ბერლინს სურს, ხელი შეუშალოს ალიანსის გაფართოებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სულ იმით არის დაკავებული, რომ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები გათვალოს“, - წერს ველტი და კიდევ: „ნიდერლანდი საქართველოს „მოუმწიფებელ დემოკრატიად“ მიიჩნევს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოიხსენიებს „ემოციურ, კორუმპირებულ ლიდერად, რომელსაც ვერ ენდობი“, მაშინ როცა გერმანელები მას „გიჟად და სახიფათოდ“ მოიხსენიებდნენ“, - ვკითხულობთ გაზეთში, რომელმაც ეს პუბლიკაცია „ვიკილიკსისაგან“ მიღებულ მასალებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

ახლა სტატიაზე, რომელიც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას ეხება. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე წინასწარი მოლაპარაკება „ყველაზე რთული“ ეტაპია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების პროცესში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობსო, ვკითხულობთ ინტერნეტგამოცემა euobserver-ში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძეს ესაუბრა. გორდაძის განმარტებით, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების შემდეგ, ანუ რვა თვის მანძილზე, წინსვლას მიაღწიეს რამდენიმე საკითხში მაშინ, როცა „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე“ მოლაპარაკება ადგილიდან ვერ დაძრულა. ევროკომისიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების სფუძველზე, გორდაძეს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ თბილისისთვის წაყენებული პირობები შეიცვალა - მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს მოლაპარაკებების დასაბოლოებლად უნდა შეესრულებინა, ახლა მოლაპარაკების დასაწყისშივე დგას. ბრიუსელის ახალ ტაქტიკაში ზოგი ხედავს გარკვეულ, „ირიბ ზეწოლას“ საქართველოზე, რათა დაიყოლიოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხში პოზიციას შეცვლაზე. საქართველო, როგორც ცნობილია, ეწინააღმდეგება რუსეთის შესვლას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს.

“ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესაძლებელია (კონსენსუსისთვის) გვერდის ავლა, მაგრამ „არავინ ისურვებდა ამის გაკეთებას და რომელიმე წევრის აზრის უგულებელყოფას. აქამდე, ყველა ახალ წევრს კონსენსუსის საფუძველზე იღებდნენ“, - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძის ამ და სხვა მოსაზრებებს ინტერნეტგამოცემა euobserver-ში ვეცნობით.

დაბოლოს პუბლიკაციაზე, რომელიც ლონდონის ყოველდღიურმა „ინდეპენდენტმა“ გამოაქვეყნა.

“ლიდერი, რომლის ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი წართმეული აქვს მეზობელ სახელმწიფოს, შთამბეჭდავ ენთუზიაზმს ინარჩუნებს. რუსეთისაგან ტერიტორიის დაბრუნება, მართალია ძალის გამოყენებით ვერ მოხერხდება, მაგრამ საქართველო, როგორც მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, გიგანტურ ნაბიჯებს დგამს თავისი პოზიციის გასამყარებლად და კავკასიაში თავისი გავლენის გასავრცელებლად“. - ასე იწყებს სტატიას „ინდეპენდენტის“ კორესპონდენტი კიმ სენგუპტა, რომელიც თბილისში შეხვდა და ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს. საუბარი მრავალ თემას შეეხო: რუსეთის პოლიტიკას, ოკუპაციას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისაკენ საქართველოს მისწრაფებას, ჰოლივუდის ფილმს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომზე გადაიღეს, ჩრდილოეთ კავკასიელებთან ურთიერთობას, რუსულენოვან ტელეარხ "პიკს".
XS
SM
MD
LG