Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა


საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე. უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს ისეთ საკითხს, როგორიცაა რეალური ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირებისათვის სასჯელის ჩანაცვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. როგორც კანონპროექტშია მითითებული, იმ ქალებს, რომლებსაც შვიდ წლამდე შვილები ჰყავთ, არ ექნებათ საშუალება გამოისყიდონ რეალური სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. აღნიშნულ პუნქტს უფლებადამცველები დისკრიმინაციულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ თუკი კანონპროექტი მესამე მოსმენით დამტკიცდება, ის არა მარტო ქართული, არამედ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების სერიოზული კრიტიკის სამიზნე გახდება.
ამ კატეგორიის ადამიანების მიმართ სასჯელი უფრო მსუბუქია, გამოიყენება სხვადასხვა პროცესუალური შეღავათები ...

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მეორე მოსმენას, კანონპროექტისა, რომელიც პატიმრობის სანაცვლოდ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას გულისხმობს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თითზე ჩამოსათვლელი დეპუტატები დაესწრნენ. კანონპროექტი საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა წარადგინა და, შესაბამისად, სწორედ მან განუმარტა თითზე ჩამოსათვლელ დეპუტატებს ის მიზეზები, რის გამოც პატიმრობის სანაცვლოდ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაში ვერ ჩაებმებიან ის მსჯავრდებული დედები, რომლებსაც შვიდ წლამდე შვილები ჰყავთ. მოგვიანებით მან აღნიშნული მიზეზები რადიო თავისუფლებასაც განუმარტა:

”ამ კატეგორიის ადამიანების მიმართ სასჯელი უფრო მსუბუქია, გამოიყენება სხვადასხვა პროცესუალური შეღავათები და, გარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა, ასევე ამოქმედდება სხვა ტიპის არასაპატიმრო სასჯელები. ეს არის პენიტენციალურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების გაგრძელება. კანონპროექტი უკვე მივიღეთ მეორე მოსმენით და, საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ პარასკევს მესამე მოსმენით იქნება კანონპროექტი მიღებული და შევძლებთ დავიწყოთ მისი ფართო გამოყენება.”

თუმცა მანამდე გია ხუროშვილმა პირობა მისცა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომ მესამე მოსმენამდე კანონპროექტი კიდევ ერთხელ გადაიხედება. საპარლამენტო მდივნის პირობას კვერი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმაც დაუკრა.
მცირეწლოვანი შვილის ყოლა დისკრიმინაციის საფუძველი არ უნდა იყოს. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ კანონპროექტის ხელახლა გადახედვა მოითხოვა. მისთვის ისიც გაურკვეველი აღმოჩნდა, თუ რა ალტერნატიული ბერკეტების ამოქმედებას გეგმავს ასეთ შემთხვევაში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო:

”მე არ ვიცი, რა ბერკეტებზეა საუბარი, შეწყალებაზე ხომ არა? ან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე? მე ვფიქრობ, რომ ეს არამცთუ დისკრიმინაციაა იმ ქალების მიმართ, რომლებიც მსჯავრდებულები არიან და რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, არამედ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს დანაშაულებრივი მიდგომაა.”

ერთი მხრივ, ალბათ, თავის დროზე კანონმდებლები ფიქრობდნენ, რომ ქალებისათვის, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები, რთული იქნება ფიზიკური შრომა ...
დიმიტრი ლორთქიფანიძე იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესდებიან გენდერულ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა კუთხით მომუშავე ორგანიზაციებს, მათთვის სრულიად უცნაური და მიუღებელია კანონპროექტში მსგავსი პუნქტის არსებობა. დიმიტრი ხაჩიძე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აკრძალვის ალტერნატივად ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ პატიმრობას მოიაზრებს:

”აქ საკითხი დგას მეორენაირად, მაშინ რა არჩევანი აქვს იმ ქალს, რომელსაც შვიდ წლამდე ასაკის შვილი ჰყავს და ემუქრება სასჯელი? წავიდეს ციხეში?”, - კითხულობს დიმიტრი ხაჩიძე.

მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალებს, ქალებს, რომლებსაც შვიდ წლამდე შვილები ჰყავთ, საპენსიო ასაკის პირებს, გვეუბნება ორგანიზაცია ”ციხის საერთაშორისო რეფორმის” დირექტორი ცირა ჭანტურია და აღნიშნული მუხლის ორ მხარეზე საუბრობს:

”ერთი მხრივ, ალბათ, თავის დროზე კანონმდებლები ფიქრობდნენ, რომ ქალებისათვის, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები, რთული იქნება ფიზიკური შრომა და სასჯელის ამ ფორმით მოხდა, თუმცა ცუდია ის, რომ ასეთი მსჯავრდებულებისათვის სასჯელის არასაპატიმრო ალტერნატივა ერთით ნაკლები იქნება”, - ამბობს ცირა ჭანტურია.

ამ ეტაპზე ერთადერთი არასაპატიმრო ალტერნატივა, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და რომელიც მცირეწლოვანი შვილების მსჯავრდებულ დედებს რჩებათ, რა თქმა უნდა, სასჯელის სიმძიმის გათვალისწინებით, არის სასჯელის მოხდის გადავადება, თუმცა, აი, რას ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ეკა ქობესაშვილი:

”დღეისათვის სასამართლო პრაქტიკიდან ძალიან მცირე მაგალითები გვაქვს იმისა, რომ ვინმეს სასჯელი გადაუვადდეს. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სასამართლოს მსგავსი შუამდგომლობით, მაგრამ არც ერთი არ დაგვიკმაყოფილეს”, - აღნიშნავს ეკა ქობესაშვილი.
XS
SM
MD
LG