Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა, 22 მარტი 2011


რუსეთის მედია პერიოდულად ინტერესდება საქართველოში განხორციელებული რეფორმებითა და სხვა სახის პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესებით, თუმცა რომ არა საქართველოს ხელისუფლების შემხვედრი ენთუზიაზმი, ცხადია, ვერც სატელევიზიო სიუჟეტები მომზადდებოდა და ვერც სტატიები დაიწერებოდა. მიმდინარე თვის პირველ დეკადაში საქართველოს ჟურნალ „კომერსანტ ვლასტის“ სპეციალური კორესპონდენტი ვლადიმირ სოლოვიოვი სტუმრობდა. მის მიერ მომზადებული რეპორტაჟი ჟურნალმა 21 მარტს გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ რუსი ჟურნალისტი, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის საწვრთნელ ბაზას სწვევია. ბაზა, გასაგები მიზეზების გამო, საიდუმლო ობიექტთა რიცხვს მიეკუთვნება და მის ტერიტორიაზე მოსახვედრად განსაკუთრებული ნებართვაა საჭირო. სტატიის შესავალში ამ გარემოებას ხაზს უსვამს რუსი ჟურნალისტის ერთ-ერთი რესპონდენტი, კაპიტანი გეგეშიძე, რომელსაც სტუმრისათვის უთქვამს, აქ არათუ რუსი, ქართველი ჟურნალისტებიც კი არასოდეს ყოფილანო.

ჟურნალისტი დეტალურად აღწერს ქართველი სპეცრაზმელების ცხოვრების პირობებსა და მომზადების სპეციფიკას. ხაზს უსვამს იმას, რომ ბაზა ძალიან ჩამოჰგავს სამხედრო მიმართულების ელიტურ პანსიონატს და რომ ოფიცრებსა და რიგითებს შორის, დაძაბული და ოფიციალური ურთიერთობის ნაცვლად, მეგობრული დამოკიდებულებაა. ჟურნალისტი იმასაც შენიშნავს, რომ ოფიცრებს რუსულად ლაპარაკი უჭირთ და საუბარში პერიოდულად ინგლისურ სიტყვებს ჩაურთავენ ხოლმე, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ ინსტრუქტორების აბსოლუტურ უმრავლესობას ბრძოლის წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რეინჯერებისა და „მწვანე ბერეტების“ კურსებზე აქვთ ნასწავლი, გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს. ამასთან, სტატიის ავტორის თქმით, არარუსული წარმოებისაა ჯარისკაცის როგორც ამუნიცია, ასევე შეიარაღება. ვლადიმირ სოლოვიოვი თბილისის მახლობლად მდებარე თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის მოსამზადებელ ბაზაზე ყოფნისას სამხედროებსაც გამოელაპარაკა. აღმოჩნდა, რომ ოფიცრების დიდ ნაწილს მონაწილეობა მიუღია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. ჟურნალისტი ასეთ შეკითხვას უსვამს ქართველ ოფიცრებს (სპეციალური მითითების შესაბამისად, სტატიაში სამხედრო მოსამსახურეების გვარ-სახელები შეცვლილია):

- სამხრეთ ოსეთზე იერიშის მიტანისას თუ აცნობიერებდით, რომ რუსეთთან ომს იწყებდით?

პასუხი:

- ეს პოლიტიკური საკითხია, ჩვენ კი ჯარისკაცები ვართ. რუსეთისხელა იმპერიის დამარცხებაზე ფიქრი სასაცილოა, მაგრამ მაშინ სიმართლე ჩვენს მხარეს იყო. ესაა და ეს.

მორიგი შეკითხვა:

- ძნელი იყო რუსების წინააღმდეგ ბრძოლა?

„კომერსანტ ვლასტის“ ჟურნალისტის ამ შეკითხვას ჩინით უფრო მაღალი ოფიცერი პასუხობს:

„არ შევუდგები ჩვენი და თქვენი სამხედროების შედარებას, მაგრამ ჩვენ დავალება შევასრულეთ - სიღრმეში შევიჭერით. ჯავამდე ორიოდე კილომეტრი გვქონდა დარჩენილი, მაგრამ სამხრეთ ოსეთის შენარჩუნება ფიზიკურად არ შეგვეძლო. ძლიერად გვბომბავდნენ. და, საერთოდ, ჩვენ რომ შევედით, რუსები უკვე იქ იყვნენ ჩამსხდარნი კარგად გამაგრებულ ადგილებში.“

ბოლოს ვლადიმირ სოლოვიოვის რესპონდენტი დასკვნის სახით ამბობს:

„რუსეთს მდიდარი, მრავალწლიანი სამხედრო კულტურა აქვს, ჩვენ კი სულ ახლახან დავიწყეთ ამ საქმის შესწავლა.“

სტატიას სრულად „კომერსანტ ვლასტის“ 21 მარტის ნომერში იხილავთ.

რუსულმა მედიამ ასევე დიდი ყურადღება დაუთმო ლიბიის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო კამპანიას და მისდამი ქვეყნის პირველი პირების - პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის - განსხვავებულ დამოკიდებულებას. გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ მიხედვით, პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ლიბიაში არსებული ვითარების შეფასებისას და რომ თავი უნდა აარიდონ ისეთი გამონათქვამების გამოყენებას, როგორიცაა „ჯვაროსნული ლაშქრობა“:

„დაუშვებელია ისეთი გამონათქვამის გამოყენება, რომელმაც ცივილიზაციების შეტაკებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ვგულისხმობ „ჯვაროსნულ ლაშქრობასა“ და მსგავს გამონათქვამებს“, - გაზეთი მიიჩნევს, რომ ამ განცხადებით მედვედევმა პირდაპირ უპასუხა პრემიერ-მინისტრ პუტინს, რომელმაც გაეროს 19 მარტის 1973-ე რეზოლუციას ზიანის მომტანი და ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოწოდების მსგავსი უწოდა. ამასთან, წერილში ხაზგასმულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი გამორიცხავს ლიბიის წინააღმდეგ მიმდინარე რაიმე სახით სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მიღებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG